"სიმართლე ის არის, დღეს არჩევ­ნ­ები რომ ჩატარდეს, შეიძლება შედ­ეგი ოპოზიციისთვის უფრო უარესი იყოს" - ცოტნე კობერიძის ანალიზი: რისთვის შეიქმნა "ოპოზიციური ალიანსი"?! - კვირის პალიტრა

"სიმართლე ის არის, დღეს არჩევ­ნ­ები რომ ჩატარდეს, შეიძლება შედ­ეგი ოპოზიციისთვის უფრო უარესი იყოს" - ცოტნე კობერიძის ანალიზი: რისთვის შეიქმნა "ოპოზიციური ალიანსი"?!

"ოპოზიციურ პოლიტიკაში ერთობაზე საუბარი მაშინ იწყება, როცა რეალური მოქმედების გეგმა და კონკრეტული ნაბიჯები­ არ ჩანს", - ამ განცხადებით ეხმაურება­ პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე "ოპოზიციური ალიანსის" ინიციატივას, ერთობლივი სტრატეგიით დაამარცხონ ივანიშვილის რეჟიმი. მისი შეფასებით, ერთობის თემა "ბომბს ჰგავს", რომელიც არავის უნდა ხელში აუფეთქდეს და ერთობის ჩამშლელად წარმოჩნდეს...

- "ოპოზიციური ალიანსის" წევრები ამბობენ, რომ ეს არა ერთობა, არამედ მრავალფეროვნების ერთობაა. შარშანაც ამას ამბობ­დნენ. ზუსტად რა ფორმატია, ვერ ვხვდები. იმ პლატფორმებს ჰგავს, რომლებიც არჩევნების შემდეგ ყოველ სამ თვეში იქმნებოდა.

- "ოპოზიციური ალიანსის" წევრები ამბობენ, რომ ახლა განსხვავებული მოცემულობაა, რის გამოც პირადი თუ პარტიული ინტერესები, დაპირისპირებები გვერდზე უნდა გადაიდოს. არის დღეს განსხვავებული ვითარება?

- მთავარი კითხვაა, რისთვის იკვრება ერთობა: არჩევნებში მონაწილეობისთვის თუ რევოლუციისთვის? "ნაცმოძრაობა" ამბობდა, რომ გამოსავალი რევოლუციაა, სხვა პარტიები განსხვავებულ დღის წესრიგზე საუბრობდნენ. ჩემი აზრით, არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, მაგრამ თუ არჩევნებს ისევ ივანიშვილი ჩაატარებს, ყაველაშვილის ხელმოწერით, "რუსულ ოპერაციად" აღარ შეფასდება? რუსულ ოპერაციად შეფასებულ არჩევნებში როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა? მაშინ უნდა საუბრობდნენ რევოლუციაზე, მაგრამ ამაზე საუბარი არავის უნდა, რადგან ეშინიათ, რომ დააკავებენ. ამიტომ პროცესი ჩიხშია.

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკი აბსურდულია.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში­ არჩევნები ყალბდება არა ხმის დამთვლელი აპარატებით, არამედ სახელმწიფო რესურსისა და უსაფრთხოების სამსახურის გამოყენებით. ასეთ პირობებში ორი გზაა: ან ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ისეთი უპირატესობა, რომ ყველაფრის მიუხედავად არჩევნებში გამარჯვება შეძლოს, ან რევოლუცია უნდა მოაწყოს. თუ არჩევნებში გამარჯვების სტრატეგიაზე საუბრობ, მაშინ უნდა თქვა, რომ წინა არჩევნებზე რაღაც ისე ვერ გააკეთე და ახლა სხვა სტრატეგია­ გაქვს. არ გამოვა, თან ილაპარაკო, არჩევნებს აზრი არა აქვს, ეს რუსული ოპერაციაა და შედეგები წინასწარ იწერებაო, და თან მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდო... დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ თუ თავად ქმნი ნარატივს, რომ ქვეყანაში­ უკვე რუსეთია და სხვა გზა აღარ არსებობს,­ მაშინ უნდა სცადო რევოლუციური გარემოს შექმნა და საზოგადოება ამაში დაარწმუნო. რუსულ სპეცოპერაციაზე თუ საუბრობ, არჩევნებისთვის მშვიდად ვერ მოემზადები.

- ჩიხიდან გამოსავალი რა არის?

- უპირველესად საჭიროა რეალობის­ აღიარება და საკუთარი თავისა­ და ერთმანეთის მოტყუებაზე უარის­ თქმა. სიმართლე ის არის, რომ ოპოზი­ციას საზოგადოების საკმარისი­ მხარდაჭერა არა აქვს. დღეს არჩევ­ნ­ები რომ ჩატარდეს, შეიძლება შედ­ეგი ოპოზიციისთვის უფრო უარესი იყოს.

საჭიროა უკეთესი პასუხები რეალურ პრობლემებზე. მაგალითად, როდესაც საზოგადოებაში ომის შიშია, ამ თემაზე საუბარს არ უნდა ერიდებოდე და უნდა აუხსნა ხალხს, რაში ხედავ გამოსავალს.

ხელისუფლებას არსებული კანონმდებლობით ნებისმიერი პარტიის აკრძალვა შეუძლია. მაგალითად, შეიძლება აკრძალონ "თავისუფლების მოედანი" იმ მიზეზით, რომ მისი წევრები არასამთავრობო­ ორგანიზაციებთან იყვნენ დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსმა საკუთარი თავი თავადვე არ უნდა გააუქმო, ხალხს უნდა აჩვენო, რას აკეთებ და საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, რით განსხვავდები აქტივისტისგან. ჩემი აზრით,

თეორიულად მაინც არსებობს შანსი, რომ "ოცნებას" არჩევნებში მოუგო, მაგრამ ამას სჭირდება ხალხის ბევრად დიდი მხარდაჭერა და უფრო ლოგიკური პოლიტიკური რიტორიკა.თუ ეს გზა არ იმუშავებს, მაშინ რევოლუციურ გზაზეც უნდა იფიქრო.

- თქვენ არ გეშინიათ დაპატიმრების?

- როგორც იცით, სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, მითხრეს, ბევრს ნუ ლაპარაკობო. ერთხელ დამაკავეს კიდეც. იმ დღიდან მაქვს დაპატიმრების მოლოდინი, რაც პოლიტიკაში მოვედი. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკა ხშირად პატიმრობასთან ასოცირდება. თუ ამის გეშინია, მაშინ უნდა თქვა, რომ ასეთ გარემოში პოლიტიკას ვერ გააკეთებ და ქვეყანა დატოვო, ან არსებულ ვითარებას შეეგუო.

- კონკრეტული ხედვა თუ გაქვთ, როგორ უნდა გაგრძელდეს პირადად თქვენი ბრძოლა?

- პირველ რიგში, არ უნდა მოვიტყუო და არ უნდა ვიყო აფერისტი. უნდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ; ისეთ თანამოაზრეებს ვეძებ, რომლებიც ხვდებიან, რომ ასე არაფერი გამოვა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, უბრალოდ, ერთმანეთის მოტყუებისა და ილუზიების დრო აღარ არის. რაც კამერების მიღმა ითქმის, იგივე უნდა ითქვას საჯაროდაც - ეთერში, ქუჩაში, ხალხთან შეხვედრებზე. იქნებ ამ შემთხვევაში დავინახოთ რეალური გამოსავალი.

ხათუნა ბახტურიძე