„არასდროს გვქონია სურვილი, ოპოზიციის ოპოზიცია ვყოფილიყავით“
"ლელო" - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის შეფასებით, მიღებული რეგულაციები მხოლოდ რეჟიმის ავტოკრატიული ლეგიტიმაციისთვისაა შექმნილი, თუმცა ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლო დაადგინეს...
- "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სივრცეები დაიხუროს, იქნება ეს პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, ხელისუფლების პოლიტიკა შემაშფოთებელია, საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის ყველა იმ მოლოდინისა, რაც უცხოელ პარტნიორებს აქვთ ჩვენი ქვეყნისგან. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირმა შეგვიჩერა უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის და ცალსახად მიგვანიშნა, რომ ეს არადიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებზეც გავრცელდება.
- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომ აგრძელებენ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ურთიერთობებზე - განიხილავენ ნაბიჯებს, რაც უნდა გადადგან წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.
- უკვე თვეებია ვისმენთ ერთსა და იმავე განცხადებებს აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს. ამ დროს კი ხელისუფლება ერთ დღეს ცდილობს პოზიტიური იმიჯის მორგებას, მეორე დღეს კი იღებს რეპრესიულ კანონებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უპირობო გადატვირთვა ურთიერთობაში არ იქნება და ამისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული სვლის აღსადგენად. ამავე დროს, ფუნქციური თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებზე აუცილებელია, მაგალითად, რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, შემთხვევითი არ იყო, რომ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სპეცოპერაციის წინ სუს-ის ხელმძღვანელი ვაშინგტონში იმყოფებოდა. თუმცა სერიოზული პროგრესი ამერიკასთან ურთიერთობაში მხოლოდ კონკრეტული და მტკიცე ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტოკრატიული ტენდენციების გამყარება გაგრძელდება.
- ოპოზიციის ნაწილი ალიანსს ქმნის "ქართული ოცნების" დამარცხების მიზნით და მოქმედების ერთობლივ წესებზე თანხმდებიან. თქვენ რატომ არ უერთდებით ამ ალიანსს?
- ამ შეთანხმების ქცევის კოდექსი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ოპოზიცია არ უნდა გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად. ამიტომ, ერთი მხრივ, ამ ინიციატივას მიესალმო და, მეორე მხრივ, თავადვე ესხმოდე ოპოზიციას თავს, გაუგებარია. ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც მან მოღალატეები გვიწოდა. ჩვენ არასდროს გვქონია სურვილი ოპოზიციის ოპოზიცია ვყოფილიყავით, მაშინაც კი, როდესაც ძალიან უსამართლოდ და ბინძურად გვესხმოდნენ თავს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების დროს.
"ლელოს" ვერავინ დააბრალებს, რომ ერთობის მომხრე არ ვიყავით ან ერთობას ხელს არ ვუწყობდით, მაგრამ ერთობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა. თუ ამ ამოცანის მიღწევაში ერთობა გეხმარება, ძალიან კარგია. სწორედ ამიტომ ვთავაზობდით ადგილობრივი არჩევნების დროს ოპოზიციას, რომ გავერთიანებულიყავით და დაგვეყენებინა ნეიტრალური კანდიდატი თბილისის მერად და სხვა ქალაქებშიც.
ერთიანი ძალით შეიძლებოდა ხელისუფლებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. ძალიან მნიშვნელოვანი შანსი გავუშვით ხელიდან, რადგან საპარლამენტო არჩევნებში თბილისი დამაჯერებლად მოვიგეთ და სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემთხვევაში ადგილობრივი არჩევნებიც შეიძლება სხვაგვარად დასრულებულიყო. ამის ნაცვლად ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სრულიად გაუგებარი ტაქტიკა აირჩია და ვნახეთ, როგორ დასრულდა ყველაფერი 4 ოქტომბერს. იმ დროს სალომე ზურაბიშვილი ხალხს მოუწოდებდა აქციაზე გამოსვლას, შემდეგ კი თავადვე თქვა, რომ იქ თითქოს პროვოკაციის ნიშნები იყო და ამ ვითარებას სწრაფად გაერიდა. არა მგონია, ეს მისი და სხვების, ვინც ფიქრობდა, რომ არჩევნებს აზრი არ ჰქონდა, წარმატებული სტრატეგია და ტაქტიკა ყოფილიყო. პროდასავლურ ოპოზიციაში ნებისმიერი მარცხი და საზოგადოების იმედგაცრუება ყველას გვაზიანებს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები გვსურს. ამიტომ მაშინაც კი, როცა თავს გვესხმიან, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც ამ რეჟიმს უპირისპირდება და ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგზე დაბრუნება სურს. ამ გაერთიანებასაც წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ვერ დავინახეთ, როგორ აახლოებს ეს ფორმატი ქართველ ხალხს გამარჯვებასთან. ჩვენთვის პრიორიტეტი "ლელოს" გაძლიერებაა, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი პარტია ხელს შეუწყობს, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს და ოპოზიციური ხმების სრული მობილიზაცია მოხდეს. შესაძლოა ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული პარტიების კონსოლიდაცია გარკვეულ შემთხვევაში ხმების უკეთ შეკრებასაც უწყობდეს ხელს, მაგრამ ამომრჩეველი მრავალფეროვანია და ამ ფაქტორს ვერ უგულებელვყოფთ. თუ რეალურად ვეძებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების სწორ ფორმულას, სტრატეგია და ტაქტიკა სწორად უნდა განვსაზღვროთ.
ხათუნა ბახტურიძე