„ისეთ დღეში ჩაგვაგდეს, უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვეს, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - კვირის პალიტრა

„ისეთ დღეში ჩაგვაგდეს, უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვეს, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“

"დღეიდან პროცესი იწყება. ჩვენი პირველი სტრატეგიული ნაბიჯია გაერთიანება. დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის "ავტოკრატიული რეჟიმისგან", აღადგენენ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს, მათ შორისაა ერთობა ერთფეროვნების გარეშე. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

- დღეს ბოროტმა რეჟიმმა ყველას მიაკითხა. მეც მომაკითხა პატიმრობით, ისევე როგორც ჩემს მეგობრებსა და თანამოაზრეებს, პროფესორებსა და მასწავლებლებს იმით, რომ უნივერსიტეტებიდან უშვებენ; მშობლებს იმით, რომ შვილებს ქუჩაში­ უსაფრთხოდ ვეღარ უშვებენ. ვიღაცებს შეკვეთილი მკვლელობებით მიაკითხეს და ა.შ. ამ ბოროტი რეჟიმის ბრალია ისიც, რომ გაფუჭებულია ურთიერთობები საგარეო ასპარეზზე და ქვეყანა იზოლაციაშია. ამ ბოროტებას კონკრეტული სახელი აქვს - ეს არის "ქართული ოცნების" რეალობას მოწყვეტილი რამდენიმე ათეული ლიდერი. ეს ბოროტების მანქანა სამ ძირითად ღერძზე დგას: პირველი არის სიძულვილის გაღვივება - ადამიანებს ხელოვნურად აპირისპირებენ, მეორე - ტყუილი, მესამე კი - ნგრევა. ჩვენ ამ ბოროტებას ბოროტებით ვერ დავამარცხებთ. ამიტომ ვირჩევთ სიკეთის გზას, მაგრამ იმისთვის, რომ სიკეთემ შედეგი მოიტანოს, საჭიროა დიდი საერთო ეროვნული კონსოლიდაცია. ეს არ არის მხოლოდ პარტიების გაერთიანება ალიანსებში - ეს არის სტარტი, პირველი ნაბიჯი. მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის ის არის, რომ შევთანხმდით და შევქმენით კონსოლიდაცია ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მობეზრდა ამ რეალობაში ცხოვრება და სურს ეს ბოროტების მანქანა დაიშალოს. ყველამ, ვისაც უნდა სამართლიანობის აღდგენა, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისა და განვითარების გზით, იყოს ნორმალური სასამართლო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, ქუჩაში ადამიანებს არ ხოცავდნენ, ავაშენოთ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და გვყავდეს ძლიერი მეგობრები. ამის ერთადერთი გზაა საერთო-ეროვნული კონსოლიდაცია­. ჩვენ კარს ვუხსნით ყველას, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერთან. გვინდა თანხმობა, ერთობა, საზოგადოების კონსოლიდაცია.

- თქვენს ერთობას ეჭვით უყურებს ოპოზიციის ნაწილი. მათთან გზავნილი გაქვთ?

- მივმართავ მათ: ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და გვგონია, რომ სწორია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა გზა არსებობს, მიდით და იმ გზით იარეთ. თუ თქვენი გზა შედეგს მოიტანს, ჩვენ ტაშს დაგიკრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების მონაწილე პარტიები შევთანხმდით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე.

- თქვენ საუბრობთ განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, თუმცა თქვენი თანამოაზრე სალომე ზურაბიშვილი მოღალატეებს უწოდებს ყველას, ვინც თქვენს პოზიციას არ იზიარებს.

- ქალბატონ სალომეს ამ შეფასებას არ ვეთანხმები და ამ საკითხზე მასთან აუცილებლად მექნება საუბარი. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია და ღალატი და სწორად უნდა განვსაზღვროთ, ვინ არის ამ ქვეყანაში ბოროტების წყარო. უნდა გავმიჯნოთ საზოგადოება და "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეული ლიდერი. ჩვენი გზავნილი არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას, ის ეხება იმ ადამიანებსაც, ვინც ადრე "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს. დღეს ქვეყანაში დაპირისპირება ყველა ზღვარს გასცდა. წარმოიდგინეთ, ადამიანები პოლიტიკური დაპირისპირების გამო სამძიმარზე აღარ მიდიან. ქართველი კაცისთვის ეს წარმოუდგენელია.

- თქვენი მიზანი რა არის - არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობა თუ რევოლუცია?

- ჩემი მიზანია, სიკეთემ გაიმარჯვოს ბოროტებაზე. ეს გაცილებით დიდი მიზანია, ვიდრე არჩევნები ან რევოლუცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ბოროტების მანქანის დამარცხება.

- კი მაგრამ, როგორ?

- საერთო-ეროვნული კონსოლიდაციით. შემდეგ ხალხთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა ნაბიჯებს გადავდგამთ. კონსოლიდაციის გარეშე კონკრეტულ ნაბიჯებზე წინასწარ საუბარი მცდარია, რადგან როცა დაქსაქსული ხარ, ნებისმიერ ველზე დამარცხდები, მაგრამ როგორც კი კონსოლიდაციას მოვახერხებთ, ყველაფერი მარტივად გადაწყდება. ამიტომ გთხოვთ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ვიცი, რომ ზოგიერთისთვის ეს შეიძლება უჩვეულოა, მაგრამ ქრისტიანული მრწამსის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. არ შეიძლება მტრობა იყოს ჩვენი ცხოვრების მთავარი წესი. სწორედ მტრობა მოიტანა "ქართული ოცნების" რამდენიმე რეალობას მოწყვეტილმა ლიდერმა. როგორ შეიძლება საკუთარ მოქალაქეს "აკაცუკი" ან "უსამშობლო" უწოდო? თუ ასე გავაგრძელებთ, ქვეყანა თავზე დაგვენგრევა და შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც აღმოვჩნდეთ.

- განაცხადეთ, რომ არ აღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად იმუშავებთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს სწორედ ის განცხადებებია, რის საფუძველზეც შესაძლოა ახალი კანონების მიხედვით ციხეში აღმოჩნდეთ.

- უკვე სათვალავი აგვერია, იმდენი კანონი მიიღეს, შეიძლება ბოლოს სუნთქვაც აგვიკრძალონ. რა ვქნათ, დავემორჩილოთ? არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ სახლიდან გამოსვლა აგვიკრძალონ. თუ ტროტუარზე დგომა, აზრის გამოხატვა, სამედიცინო ნიღბის გაკეთება აგვიკრძალეს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ შემდეგ უფრო შორს წავლენ? ეს ბოროტების მანქანა სიგიჟემდე მიდის. ასეთი რამ არც რუსეთში ხდება და არც ბელარუსში. ისეთ დღეში ჩაგვაგდეს, უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვეს, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ხათუნა ბახტურიძე