„ჩვენ ოპოზიციურ ალიანსთან ურთიერთობას არ განვიხილავთ“
ოპოზიციური პარტიების ნაწილი "ბოიკოტის" და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეით გაერთიანდა, მაგრამ 4 ოქტომბრის პროვოკაციამ და ბოიკოტმა მხოლოდ "ქართული ოცნება" გააძლიერა", - ამბობს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე. მისი თქმით, ამ პარტიების ქმედებებმა, პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით, ხელისუფლებას სარგებელი მოუტანა. "თავი რომ დავანებოთ მათ "ნაცურ" და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან ჩვენ არანაირი კავშირი არა გვაქვს", - დასძენს შარაშიძე და საუბრობს სხვა პარტიებისგან დამოუკიდებელ გზაზე, რომელიც მიმართულია "ოცნების" ავტოკრატიული რეჟიმის დასუსტებისკენ.
- მიუღებელია ერთობა იმ პარტიებთან, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე", რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციის ბოიკოტის კამპანიის გაგრძელება იყო. შედეგად, 64 მუნიციპალიტეტიდან ყველა საკრებულო და მერი უმრავლესობით "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაიკავეს. მაგალითად, თბილისში საკრებულოში 50 დეპუტატიდან მხოლოდ 5 ოპოზიციის წარმომადგენელია. ეს მიანიშნებს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში (თუ მანამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდა) "ოცნება" მიიღებს სრულ კონტროლს მუნიციპალიტეტებზე. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მერებისა და საკრებულოების მხარდაჭერით "ქართული ოცნება" ხმების მოსყიდვის, დაშინებისა და სოციალური პროგრამების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას ახერხებს.
ჩვენ ოპოზიციურ ალიანსთან ურთიერთობას არ განვიხილავთ არა მხოლოდ ამ შედეგების გამო, ღირებულებითი აცდენის მიზეზითაც. ჩვენ დამოუკიდებელ გზას ვადგავართ, რომელიც ჩვენს პრინციპებს ეფუძნება და დიდად განსხვავდება მათი ღირებულებებისგან. ჩვენთვის მთავარი ხაზია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ხოლო მათი გზა არის "მშვიდობიანი დამხობა" და სხვადასხვა რადიკალური აქცია.
მათ საკუთარი გზა აქვთ, ჩვენ - ჩვენი. რას ცდილობენ, ორპოლუსიანობის შექმნა უნდათ? ამით ხომ მხოლოდ "ოცნებას" შეუძლია სარგებლობა? წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი უამრავ ფულს ხარჯავდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლუსი ყოფილიყო და ძალთა ბალანსი საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოეყენებინა.
"ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციის დამარცხება ხელისუფლებისთვის ბევრად ადვილია. ეს არის მიზეზი, რატომაც ცდილობს "ოცნება" შექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტიაც ამ რადიკალური ფრთის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკური ინსტრუმენტებით ვიბრძვით.
ჩვენი გზა დამოუკიდებელია. ერთადერთი თანამშრომლობის პრეცედენტი "ლელოსთან" იყო, რაც პოზიტიური მაგალითია.
- "ლელოსთან" თანამშრომლობას მომავალში გამორიცხავთ?
- არ გამოვრიცხავთ. ამჟამად ამის საჭიროება არ არის. სხვა პარტიებთან თანამშრომლობა დღეს არ არის აქტუალური.
ოპოზიციის წევრები ვალდებული ვართ მაქსიმალურად ეფექტური წინააღმდეგობა გავუწიოთ ხელისუფლებაში მოკალათებულ რეჟიმს. ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას ვანიჭებთ უპირატესობას და არა ემოციურ ქმედებებს, რომლებსაც სასიკეთო არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის.
- ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლით ხელისუფლებას ლეგიტიმაცია შეუქმენით და ახლაც ხელისუფლების გზავნილებს იმეორებთ.
- შეგახსენებთ, რომ იმ მომენტში პოლიტიკა ფაქტობრივად მკვდარი იყო. პარლამენტში ყოფნით "ოცნებისთვის" წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელი გახდა. სხვა შემთხვევაში, პარლამენტი მხოლოდ პარტიული ოფისი იქნებოდა. ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებას საქმე გაურთულოს, ბოიკოტი კი ამას ვერ უზრუნველყოფდა.
- ფიქრობთ, რომ თქვენ ხელისუფლებას საქმე გაურთულეთ?
- რა თქმა უნდა. ჩვენი ინიციატივები, გამოსვლები და დებატები მათთვის დაბრკოლება აღმოჩნდა. ოპოზიციის მთავარი ფუნქცია პროცესში ჩართვა და წინააღმდეგობაა, ბოიკოტის შედეგები კი თვალსაჩინოა: 64 მუნიციპალიტეტი "ოცნების" კონტროლშია, რაც ქვეყანას ძალიან აზიანებს, ხოლო ჩვენი პოლიტიკის შედეგად ხალხმა დაინახა, სად არის სიმართლე და სად ტყუილი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ღალატია, როდესაც ხალხს წარმომადგენლის გარეშე დატოვებ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში. როდესაც ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები ბრძოლის ველიდან, ხალხს მოუწოდებ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, მივიდნენ რუსთაველზე, სადაც "შვიდობიანი დამხობაა" დაანონსებული და ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებ, არ ხსნი რატომ მოიქეცი ასე და ეს საჩუქარი რატომ გაუკეთე "ოცნებას", ეს არის ღალატი.
ხათუნა ბახტურიძე