„თურქეთის არმია შესაძლოა ირანში შევიდეს და ...“ - კვირის პალიტრა

„თურქეთის არმია შესაძლოა ირანში შევიდეს და ...“

ბრიტანულმა გამოცემა "ფაინენშელ თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "ირანმა აიათოლა ალი ხამენეის გეგმის შესრულება დაიწყო, რომლის მიზანი რეგიონში ომის გავრცელებაა". პუბლიკაციის თანახმად, "გეგმის მიზანია შეიქმნას ქაოსური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, რაც გამოიწვევს მკვეთრ რყევებს მსოფლიო ბაზრებზე, შესაბამისად, მოხდება ზეწოლა აშშ-სა და ისრაელზე იმ მიზნით, რომ მათ ირანს თავი დაანებონ". მოვლენების განვითარება ცხადყოფს, როგორც ცდილობს ირანის რეჟიმი "დიდი ცეცხლის დანთებას", რომელშიც, ავტორების ვარაუდით, "ბევრი დაიწვება". გვესაუბრება გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე:

- ფაქტობრივად, ახლო აღმოსავლეთს ომი მოედო. იკვეთება ასეთი სტრატეგია - დაარტყან რეგიონის ქვეყნებს, რათა ტრამპი აიძულონ შეწყვიტოს ზემოქმედება და ირანის ხელისუფლება დარჩეს ადგილზე, მაგრამ ერთია ჩანაფიქრი და მეორე, რამდენად გამართლებულია ამგვარი სტრატეგია. ჯერჯერობით ვიღებთ უკუშედეგს - ფაქტობრივად, ირანის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა სუნიტური კოალიცია, სადაც ქვეყნები აცხადებენ მზაობას, თუ მათ ქვეყნებზე მსგავსი ზემოქმედება გაგრძელდება, ისინიც ჩაერთვებიან დაპირისპირებაში. თავისი სამხედრო ძალებით თუ არ ჩაერთვებიან, ამერიკულ და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს მაინც გაუწევენ დახმარებას. ძალზე მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიციაც. თურქეთი თუ ირანის წინააღმდეგ დაიწყებს მოქმედებას, ეს გაცილებით მტკივნეული იქნება ირანისთვის, რადგან თურქეთი ნატოს შეიარაღებულ ძალებში სიძლიერით მეორე ადგილზეა. თურქეთს აქვს პრეტენზია, დასუსტებული რუსეთის ფონზე ჰეგემონი გახდეს რეგიონში. თუ ირანელებმა საომარ მოქმედებებში თურქეთი ჩაითრიეს, გამორიცხული არ არის, თურქეთის შეიარაღებული ძალები შევიდნენ ირანის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ჰაერში აშშ და ისრაელი იქნება გაბატონებული, ხოლო ხმელეთზე - თურქეთი. ტრამპის ადმინისტრაცია შეხვდა არა მარტო ქურთების ლიდერებს, ასევე ოპოზიციად მოაზრებულ ლიდერებს. ამის გარდა, არიან ბელუჯები პაკისტანის მიმართულებაზე (პაკისტანში ძლიერი პოზიციები აქვს აშშ-სა და მის დაზვერვას). ირანის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ჯერ არ ჩანან, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას იქნებიან. ქურთები ირანის მოსახლეობის 7%-ს შეადგენენ და მათი გამოყენებაც შესაძლებელია, თუ ამას დავუმატებთ ირანის მოსაზღვრე ერაყელ ქურთებსაც.

- სადამდე გაგრძელდება ესკალაცია და რა მასშტაბს შეიძენს ეს ომი?

- დიდი ცეცხლის დანთებას ბევრი შეშა სჭირდება. "შეშა" უთავდება ირანს, რაც მისი დარტყმების რაოდენობაზეც აისახება. ჯერ ერთი, ირანმა გაცილებით ნაკლები რაოდენობით დრონით და რაკეტით მიაყენა დარტყმა ისრაელს, ვიდრე 12-დღიან დაპირისპირებაში. კოალიციურმა ძალებმა 4-5 დღეში გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე 12-დღიანი ომის დროს. მხოლოდ სამ დღეში ისრაელის საჰაერო ძალებმა 600 მიზანი დააზიანეს და 3000 რაკეტა ჩამოაგდეს. მიდის ნადირობა რაკეტების გამშვებებზეც. დღეს-ხვალ დასრულდება ინიციატივის აღების გადამწყვეტი ფაზა, რაც გულისხმობს ჰაერში ბატონობის მოპოვებას. ამის შემდეგ დაიწყება ძირითადი ფაზა, სადაც უკვე შეიძლება გამოჩნდეს თვითმფრინავები და საჰაერო საშუალებები, რომლებიც დაბალ სიმაღლეებზე ფრენენ, ვერტმფრენებიც, რომლებიც ძალზე ეფექტურია სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ. მათ შორის შეიძლება იყოს „A-10 ანტერბოლტი". ავღანეთში მათ "მფარველ ანგელოზებსაც" ეძახდნენ. მათი გამოჩენა უკვე ნიშნავს, რომ იქნება დარტყმები არა მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებზე, არამედ ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა რაკეტებისა და დრონების წარმოებისა და შენახვის ობიექტები. ჰაერში აბსოლუტური ბატონობა აქვთ აშშ-ს და ისრაელს. სხვათა შორის, ისრაელის თვითმფრინავმა 1985 წლის შემდეგ პირველად ჩამოაგდო საჰაერო ბრძოლაში ირანული IAK-130, რუსული წარმომავლობის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი თეირანის თავზე.

- ეს ხანგრძლივი თუ მოკლევადიანი ომია?

- სამხედრო კომპონენტის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება, მაგრამ შედეგი როგორი იქნება, ეს უკვე პოლიტიკური ნაწილია, რაც რთულად პროგნოზირებადია - იქნება ეს ხელისუფლების ცვლილება, ერთმანეთში დაპირისპირება, თუ ირანი ისევ ავღანეთის ვარიანტზე გადავა და დაიწყება ტერორისტების თარეში და ა.შ. ამაში ეჭვი მეპარება. ასე რომ, მაინც მგონია, მიზანი, ხელისუფლების შეცვლა, მიღწეული იქნება, მაგრამ რა დროში, ვერ გეტყვით.

- არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა თეირანი იზოლაციაში აღმოჩნდეს და რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც აქამდე უფრო დიპლომატიას ანიჭებდნენ უპირატესობას, ახლა ისრაელისა და ვაშინგტონის მხარეს გადავიდნენ. ვინ დარჩება ირანს მოკავშირედ?

- ერთადერთი, ვინც ბოლოს ირანის მხარეს ყოფნას და მის დახმარებას ცდილობდა, იყო "თალიბანი". საოპერაციო ველის მომზადება, რომელმაც ერთი კვირით დაასწრო ამ მოვლენებს, იყო პაკისტანსა და "თალიბანს" შორის საომარი მოქმედებების დაწყება. ფაქტია, ახლა "თალიბანს" არ სცალია. რაც უნდა ნეიტრალურობაზე ჰქონდეთ პრეტენზია, დანარჩენი ქვეყნები ეცდებიან, არსებული ვითარებით მოიგონ და გამარჯვებულის მხარეს იყვნენ. ირანმა შეცდომები დაუშვა როგორც სამხედრო, ისე სამხედრო-პოლიტიკური, რითაც ნეიტრალური ქვეყნები გადაიმტერა, ხოლო ისინი, ვინც მის მხარეს იყო, ნეიტრალურები არიან.