„ირანისთვის პოტენციურად ყველა შეიძლება იყოს სამიზნე“ - კვირის პალიტრა

„ირანისთვის პოტენციურად ყველა შეიძლება იყოს სამიზნე“

"როცა ირანს აქვს აპოკალიფსური სცენარი, არაფერია გამორიცხული - ყველას ცეცხლს წაუკიდებს. ირანი ახლაა საშიში ყველასთვის და წარმოიდგინეთ, რა იქნება, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრისას.

- გამოვრიცხავ, რომ მოკლე ვადაში ირანი სახმელეთო ოპერაციებზე გადავიდეს. მისი ახლანდელი მოქმედება პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური ღონისძიებაა - ირანი ცდილობს იაფფასიანი დრონები და ბალისტიკური რაკეტები ესროლოს მეზობელ ქვეყნებს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს ფიზიკურად დიდი ზიანი მიადგებათ, მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისითაა ზიანი მნიშვნელოვანი. თუმცა ეს ყველაფერი მათ რეპუტაციასა და ეკონომიკაზე აისახება. აქედან გამომდინარე, ირანისთვის ეს უკვე წარმატებაა, რადგანაც ქმნის იმ მექანიზმს, რომლითაც არაბულ სახელმწიფოებს აიძულებს ზეწოლა მოახდინონ აშშ-ზე, რათა მან შეწყვიტოს დარტყმები ირანზე. ირანი დე ფაქტო ამბობს, მე ვესვრი ყველას და ყველაფერს, სადამდეც მივწვდები, უკან დამხევი არა ვარ, ჩემი გეშინოდეთო. მეორე მხრივ, ამერიკას ნათელი არჩევანი აქვს - ირანის რეჟიმის თავისუფლად მიშვება ან კოლაბორაციონიზმზე შეთანხმება, თუ არადა, ირანმა შეიძლება დაიწყოს სრულმასშტაბიანი მუშაობა ბირთვულ იარაღზე. 1. თუკი რეჟიმი სამხედრო კაპიტულაციას არ გამოაცხადებს, გამოდის, აშშ ვერ მიაღწევს მიზანს, ოღონდ ეს ყველაფერი რეჟიმის ცვლილების გარეშე; 2. შეიძლება რეჟიმი ნაწილობრივ შეიცვალოს, როგორც ვენესუელაში ანუ მოხდეს ნაწილობრივი კოლაბორაცია და ესეც გაანეიტრალებს ყოველგვარ საფრთხეს; 3. რეჟიმის სრული დამხობა, რომელიც გულისხმობს, ვისაც დასვამს ამერიკა, ირანის რეჟიმი ის იქნება. თუ ამ სამიდან არც ერთი მოხდა, ირანი გამოდის გამარჯვებული. გამოდის, მისია ვერ შესრულდა, ეს კი იქნება ძალიან მძიმე კატალიზატორი მსოფლიოსთვის, არანაკლებ საშიში, ვიდრე რუსეთის პოტენციური გამარჯვება უკრაინაში. შეიძლება ეს იყოს მთავარი მუხტი ჩინეთისთვის, უახლოეს მომავალში დაიწყოს ტაივანში ოპერაცია, სანამ ამერიკა იქნება თავბრუდახვეული და თუკი წარმატებას ვერ მიაღწია. ეს დასავლეთისა და ამერიკის მტრებს ძალიან გააძლიერებს. ფაქტი ერთია: სავსებით შესაძლებელია სამხედრო კაპიტულაციის მიღწევა დაბომბვებით, რეჟიმის ნაწილობრივ კოლაბორაციაზე დათანხმებაც, მაგრამ რეჟიმის სრული ცვლილება სახმელეთო ოპერაციის, სახალხო აჯანყების ან ეთნიკური უმცირესობის აჯანყების გარეშე შეუძლებელია. როგორც ჩანს, აშშ-ს პირველ ან მეორე გეგმად ჰქონდა კოლაბორაციაზე დაეთანხმებინა ირანი, ამიტომაც დაარტყა პირველივე დღეებში და საათებში აიათოლას, გენერლებს. ყველა სხვა სცენარი ამერიკისთვის არასასურველი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაბომბვებით ირანი შეიძლება ისე დასუსტდეს, ან სულაც გამარჯვებული გამოვიდეს, სამ თვეში რეჟიმი თავისით ჩამოიშლება.

სახმელეთო ესკალაციას გამოვრიცხავ, მაგრამ დრონების გაშვების და ბალისტიკური რაკეტების სროლის საშუალება აქვს და ბომბავს ქვეყნებს. ეს არის ირანისთვის ესკალაციის მაქსიმუმი ამ ეტაპზე.

აშშ ირანთან მოლაპარაკებას თუ დაიწყებს, ეს მისთვის ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს, ეს მისი დასუსტების კატალიზატორი იქნება.

ამით აშშ ამხელა რეგიონს დაკარგავს. ირანი გახდება დომინანტი ძალა და შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას. მას აჰყვებიან ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, არავინ დაუშვებს, შიიტურ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და სხვას არავის.

- რით ახსნით ორი დრონის ჩამოგდებას აზერბაიჯანში, დადასტურდა, რომ ისინი ირანული დრონები იყო.

- ეს არის ირანის ტიპური მცდელობა, სადამდეც გავწვდები, ყველას დავბომბავო. ირანში მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე თავად აზერბაიჯანში. აზერბაიჯანი ისრაელის მოკავშირეა და მას როგორც ერთ-ერთ მოკავშირეს, ბომბავს. ჩვენ ამ დაბომბვის მასშტაბს დიდად კი წარმოვიდგენთ, მაგრამ 1 და 2 დრონის გაშვება არაფერია. ირანის სტრატეგიული ტაქტიკაა რეგიონში ყველგან ისროლოს, სადაც მისწვდება.

- აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" დივერსანტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ისრაელის საელჩოსა და სინაგოგის აფეთქებას გეგმავდნენ. ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა ეს ტერორისტული აქტი აღკვეთა. უშვებთ, რომ "დიდი ცეცხლი", რითაც ირანის რეჟიმი იმუქრება, ჩვენს რეგიონსაც გადმოსწვდეს?

- არაფერია გამორიცხული, მით უმეტეს, როცა ირანს აქვს აპოკალიფსური სცენარი, რომ ყველას ცეცხლს წაუკიდებს. ის ახლაა საშიში ყველასთვის და წარმოიდგინეთ, რა იქნება, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე შეტევა უპირველესად თურქეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ ეტაპზე რეგიონში არაფერს ველოდები, მაგრამ ჰიპოთეზურ სცენარს თუ წარმოვიდგენთ, ირანისთვის პოტენციურად ყველა შეიძლება იყოს სამიზნე.