ირანის ომის პირველი კვირის შედეგები – რას ელოდა და რას მიაღწია ისრაელ-აშშ-ის „დუეტმა“...
ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს ისრაელ-აშშ-ის საჰაერო შეტევები ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და საპასუხოდ ირანული ბალისტიკური რაკეტები და კამიკაძე-დრონები, ისრაელის გარდა, უტევენ კიდევ 11 მეზობელი ქვეყნის სამიზნეებს, მათ შორის არა მარტო ამერიკულ სამხედრო ბაზებს. ამ საჰაერო ომის დაწყებიდან გასულია მცირე დრო და ჯერ ძალიან ძნელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, თუ როგორ გაგრძელდება, როდის დამთავრდება და რა შედეგით.
მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება პირველი დასკვნების გამოტანა, თუ რა მოიტანა ომის პირველმა კვირამ, რას ელოდა და რას მიაღწია ისრაელ-აშშ-ის "დუეტმა", რამდენად მომზადებული შეხვდა ირანი საჰაერო შეტევებს და რამდენად ადეკვატურ საპასუხო დარტყმებს აყენებს.
ირანის ომის შუალედური შედეგები
პირველი - თუ სამხედრო-პოლიტიკურად შევაფასებთ 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ ფართომასშტაბიან ოპერაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, მაშინ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შეძლო ის, რაც ისრაელის სხვა პოლიტიკურ ლიდერებს არ გამოუვიდათ - აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტის დაყოლიება ისრაელის მხარდამხარ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე! აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საუკეთესო განწყობა ისრაელისა და პირადად მისი პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ისედაც კარგად იყო ცნობილი, ისევე როგორც ებრაული ლობის უდიდესი გავლენა აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სახელმწიფო სტრუქტურებზე, მაგრამ ასე აშკარა ჩართვა ისრაელთან ერთად ირანის დასაბომბად პრეზიდენტ ტრამპის მაინც მოულოდნელ და სარისკო გადაწყვეტილებად ჩანდა (და ახლაც ჩანს). თეთრი სახლისთვის პოლიტიკურად და ისტორიისთვის, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, თუკი ამერიკული ავიაცია მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვებოდა მოქმედებებში, როდესაც ირანი ისრაელის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ პირველივე ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებდა ისრაელის რომელიმე ქალაქისკენ;
მეორე - პირველივე მოულოდნელი შეტევით მოწინააღმდეგის პოლიტიკური ლიდერის, სულიერი მოძღვრის, მეფისა თუ შაჰის ფიზიკური ლიკვიდირების ტაქტიკა უხსოვარი დროიდან მოდის და ის გამართლება აქვს, რომ უმეთაუროდ დარჩენილი ქვეყანა და ჯარი უმართავი და შემდგომში ადვილად დასამარცხებელი იქნება.
ირანზე საჰაერო თავდასხმის პირველივე წუთებში ისრაელის ჰიპერბგერითმა აერობალისტიკურმა რაკეტებმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იმსხვერპლეს, რითაც ნეთანიაჰუმ და ტრამპმა ჩანაფიქრის, ირანში აიათოლების 47-წლიანი რეჟიმის დამხობა, თითქმის ნახევარზე მეტი შეასრულეს. მაგრამ ომის პირველმა კვირამ ცხადყო, რომ მიუხედავად ყოველდღიური მასირებული დაბომბვებისა, აიათოლების რეჟიმი დანებებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეის გარდა, ლიკვიდირებულია 50-მდე ირანელი სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსანი;
მესამე - მოხდა ირანის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების მოქმედების დეცენტრალიზაცია ანუ გადაწყვეტილებებს ადგილზე იღებენ ირანის სხვადასხვა კუთხეში მყოფი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა" და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა რანგის მეთაურები დივიზიების, ბრიგადებისა თუ თვით ბატალიონების დონეზეც კი, რადგან მათ ფაქტობრივად არა აქვთ ერთმანეთთან რადიოელექტრონული კავშირის საშუალება - რაციები და მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ, რომ მათი საშუალებით არ მიაგნონ ისრაელისა და აშშ-ის რადიოელექტრონული დაზვერვის სპეციალისტებმა და მათკენ ფრთოსანი რაკეტები და მართვადი საავიაციო ბომბები არ გაუშვან.
ის, რომ აიათოლების რეჟიმის ერთგულ "გუშაგთა კორპუსისა" და არმიის მებრძოლებს ერთმანეთთან რადიოკავშირისა და შეთანხმების გარეშე დამოუკიდებლად ემოქმედათ ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების საპასუხო გაშვებისას, ეტყობა, ირანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმა, რაც უარყოფით შედეგს იძლევა ისრაელისა და აშშ-ისთვის - ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის თითქმის მთლიანად განადგურების მიუხედავად (რის შემთხვევაშიც ბევრი ევროპული ქვეყანა მეორე დღესვე უპირობო კაპიტულაციაზე დათანხმდებოდა), ირანი აგრძელებს პასუხის გაცემას;
მეოთხე - ომის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში ირანმა საპასუხო საჰაერო დარტყმები მიაყენა ისრაელს, რაც გარდაუვალი იყო, ისევე როგორც ირანის შეტევები სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე (ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები), სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია და საიდანაც აფრინდნენ ამერიკული დამრტყმელი თვითმფრინავები ირანის ობიექტების დასაბომბად.
ირანის სამიზნეში ასევე აღმოჩნდა წითელ ზღვაში სანაპიროს მქონე იორდანიაც, რომელიც ისრაელის მეზობელია და მათ შორის მიუხედავად ძველი ომისა, დღეს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ. ამანი ძალიან ეხმარება თელ-ავივს, იქნება ამერიკული ავიაციისთვის აეროდრომების დათმობა ირანის დასაბომბად თუ ისრაელის გამანადგურებლებისთვის უფლების მიცემა, რომ ირანიდან გამოშვებული კამიკაძე-დრონები იორდანიის ცაშივე ჩამოაგდონ.
ირანის საპასუხო დარტყმებს ვერც მეზობელი ერაყი გადაურჩა, რადგან ირანზე თავდასხმის პირველივე წუთებში დასავლეთ ირანს ერაყიდან ამერიკული "ჰაიმარსებიდან" გაშვებულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა ბალისტიკურმა რაკეტებმაც შეუტიეს.
სირია არ ესაზღვრება ირანს, მაგრამ პროირანული ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ სირიის ახალი ხელისუფლება ავტომატურად "ჩაეწერა" თეირანის მტრების სიაში და რამდენიმე ათეული კამიკაძე-დრონი არც სირიისთვის დაიშურეს.
ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს არაბეთის ზღვის პირას მდებარე ომანზე, რადგან სწორედ ომანი განიხილებოდა მთავარ შუამავლად ირან-აშშ-ის ბირთვული მოლაპარაკებების დროს და ოფიციალურ მასკატს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა თეირანთან. ამასთან, ომანში არ არის განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზები.
კიდევ უფრო წარმოუდგენელი იყო ირანული ბალისტიკური რაკეტის გაშვება თურქეთისკენ - რაკეტამ ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეები გადალახა და თურქეთის თავზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოდრეიფე ამერიკული კრეისერიდან გაშვებული "სტანდარდის" ანტირაკეტით "ჩამოხსნეს", რითაც ამერიკელებმა შეასრულეს თავისი ვალდებულება ნატოს წევრი თურქეთის მიმართ.პრეზიდენტ ერდოღანის პირადი, ძალზე უარყოფითი დამოკიდებულება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიმართ საყოველთაოდაა ცნობილი, ისევე როგორც ის რეალობა, რაც სირიაში პროთურქული ხელისუფლების მოსვლამ შექმნა - ამ რეგიონში თურქეთი და ისრაელი რეალურ მოწინააღმდეგეებად ყალიბდებიან და ერდოღანი არაფრით არ დაუჭერდა მხარს ისრაელის წამოწყებულ ამ საჰაერო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ და მიუხედავად ყოველივე ამისა, თურქეთი მაინც გახდა ირანული რაკეტის სამიზნე.
და მივადექით ყველაზე მნიშვნელოვანს - ოთხმა კამიკაძე-დრონმა საჰაერო დარტყმები განახორციელა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, მათ შორის სამოქალაქო აეროპორტზეც. ეს განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, როდესაც ისრაელ-აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არათუ ოფიციალურად მიუსამძიმრა ირანს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა, არამედ პირადად ეწვია ბაქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს სამძიმრის გადასაცემად, რაც, მგონი, მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის პირველ პირს არ გაუკეთებია და რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ბაქო თეირანისგან ამ სახიფათო ინციდენტის სასწრაფო გამოძიებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს, მანამდე კი აზერბაიჯანმა თავისი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
მეზობელ ქვეყნებზე დაბომბვების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა: "მსურს ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი თავს დაესხა. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ მოხდება, თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს", თუმცა ძალიან საეჭვოა, რომ ირანის პრეზიდენტს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მეთაურები უჯერებდნენ;
მეხუთე - შეიძლება თუ არა მასირებული დაბომბვებით "გაცოფებული" ირანის დეცენტრალიზებული ხელისუფლების, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" რომელიმე საშუალო რგოლის მეთაურმა აზერბაიჯანის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთ სამიზნედ... საქართველოც "ამოირჩიოს"?
მას შემდეგ, რაც ირანულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ნახიჩევანის აეროპორტზე, მანამდე ირანული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს თურქეთისკენაც - ანუ ნეიტრალური ქვეყნებიც არ დაინდეს, უკვე აღარაფერია გამორიცხული, მათ შორის ისეთი ახალი "მსუყე" სამიზნეების მოძებნა სამხრეთ კავკასიაში, რომლებზე შეტევაც ირანის ამჟამინდელ ხელისუფლებას მისცემს საშუალებას მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს და საპასუხო დარტყმების თავიც არ დაუკარგავს.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიიდან ირანს არავინ დამუქრებია, არ არის გამორიცხული, როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნების დედაქალაქებში ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის საელჩოებზე, იგივე სცადოს ბაქოშიც, ერევანშიც და თბილისშიც, რასაც დაემატება ახალი სამიზნეები ისრაელის საელჩოების სახით, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში არ არის.მით უმეტეს, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა უკვე დააკავეს ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ დავალებამიცემული ირანის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც თითქოსდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას აპირებდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ტერორისტული აქტების მოწყობას ბაქოში, ისრაელის საელჩოსა და ებრაულ სინაგოგაში.
თბილისშიც არის ისრაელისა და აშშ-ის საელჩოები, რომლებზეც რაიმე სახის, იქნება ეს ტერორისტული აქტები თუ საჰაერო დარტყმები ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით (როგორც ირანმა უკვე განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნების რიგ დედაქალაქებში აშშ-ის საელჩოებისა და საკონსულოების წინააღმდეგ), გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, ირანის ჩრდილოეთ საზღვრიდან თბილისამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 230 კმ-ია, რომლის დასაფარად ირანულ "შაჰიდს" საათ-ნახევარიც ჰყოფნის, ხოლო ბალისტიკურ რაკეტას მხოლოდ ორი-სამი წუთი დასჭირდება. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ირანი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს და საპასუხო დარტყმებს მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუბრუნებს, რომელთა ტერიტორიიდანაც მას ბომბავენ;
მეექვსე - საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივება აუცილებლად გამოიწვევს ნედლი ნავთობის დეფიციტს და მის გაძვირებას, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნებს გაუჭირდებათ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობტანკერების გამოყვანა. ამის პირველი ნიშნები უკვე არის, რადგან ტანკერების ეკიპაჟები ვეღარ ბედავენ ჰორმუზის ვიწრო სრუტეში, უშუალოდ ირანის სანაპიროსთან რამდენიმე კმ-ში გაცურვას, მით უმეტეს, რამდენიმე ტანკერი უკვე დააზიანეს ირანულმა რაკეტებმა. შესაბამისად, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებენ სპარსეთის ყურეში მცურავი ტანკერებისა და სხვა სავაჭრო გემების დაზღვევაზე.
აშშ აპირებს ტანკერებს მცველებად თავისი სამხედრო ხომალდები გააყოლოს, რაც საბრძოლო მოქმედებებს სპარსეთისა და ომანის ყურეებშიც გადაიტანს. შესაბამისად, მოსალოდნელია ამ ომში სხვა ქვეყნების, მათ შორის ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების სხვადასხვა სახით ჩართვა, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთის გააქტიურებაც - უკვე ცხადდება, რომ რუსეთი თანამგზავრული სადაზვერვო ფოტოებით მალულად ამარაგებს ირანის აიათოლების რეჟიმს, რათა ამ უკანასკნელმა ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიაყენოს ამერიკულ სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როდესაც ნეთანიაჰუ-ტრამპის "დუეტი" დარწმუნდება, რომ მარტო საჰაერო შეტევებით ვერ ახერხებს ირანში რეჟიმის დამხობას, გადადგამს თუ არა საბედისწერო ნაბიჯს ირანში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად?