სახელოვნებო განათლება კრიზისშია - მასწავლებლის სტატუსის გარეშე დარჩენილი პედაგოგები ცვლილებებს ელოდებიან
შესაძლოა წლები გავიდეს და თუკი სისტემურად არაფერი შეიცვალა, მშობლები ვერ იპოვიან პედაგოგს, რომელიც მათ შვილებს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას შეასწავლის. მართალია, სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა მუშაობის გამოცდილება ათობით წელს ითვლის და სტაჟიან პედაგოგებს ცოდნის გადაცემა სურთ, არ ჩანს ახალი თაობა, რომელიც სახელოვნებო სკოლაში მიზერულ ხელფასზე მუშაობას მოინდომებს.
ბარიერი კი არცთუ ისე ცოტაა. სახელოვნებო მასწავლებლების დეფიციტი, 2007 წლიდან სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩენილი და მუნიციპალიტეტების მართვაში გადასული დაწესებულებები - ასეთია დღეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება. პრობლემაა სახელოვნებო სკოლების მასწავლებელთა სტატუსიც, რომელიც განათლების სისტემის მასწავლებლის სტატუსთან გათანაბრებული არ არის. შესაბამისად, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს წლების განმავლობაში მთავრობის მიერ დაანონსებული არც ერთი სახელფასო ზრდა არ შეხებიათ და არც საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების მსგავსად სხვა სახის ბენეფიტებით უსარგებლიათ.
ამ სფეროს მუშაკები სოციალური ქსელების, ინტერვიუებისა და პირადი საუბრების დროს სახელმწიფოსგან რეაგირებას ითხოვენ. მართალია, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ჯერ კიდევ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ასახა სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა ყველა შემუშავებული პროექტი თუ ინიციატივა წლებია თაროზეა შემოდებული. ჩვენთან საუბარში სახელოვნებო სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ სფეროში არსებული ვითარება სავალალოა და პრობლემების გადაჭრას სჭირდება კეთილი ნება, შემუშავებული კანონპროექტის კანონად ქცევა და მეტად კვალიფიციური კადრები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებისა და სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლებს შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას შეასრულებენ.
2007 წელს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეწყდა და ისინი მუნიციპალიტეტს დაუქვემდებარეს. რაც შეეხება მუსიკალურ სასწავლებლებს, მათზე პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტრომ აიღო. პედაგოგების აზრით, სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა სახელოვნებო სფეროში ქაოსის საფუძველი. კერძოდ, დასაქმებულებს ჩამოერთვათ მასწავლებლის სტატუსი და გახდნენ კულტურის მუშაკები. ამიტომაც ვერ სარგებლობენ იმ ბენეფიტებით, რომლითაც მუსიკის პედაგოგები საჯარო სკოლაში არიან უზრუნველყოფილი. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები 2007 წლამდე არსებული წესების აღდგენას ითხოვენ.
მუშაობა ხელფასის ნაცვლად ენთუზიაზმის ხარჯზე
სახელოვნებო სკოლის პედაგოგები სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესებული ვერსიის შემუშავებას ითხოვენ, ამჟამად არსებულ საგადასახადო სისტემას კი აკრიტიკებენ. შესაძლოა ხელფასი თვეში 300, 100 და 80 ლარიც კი ჰქონდეთ, ამის გამო კი ინტერესი ადამიანისა, გახდეს მუსიკოსი, საზოგადოდ, ხელოვანი, ძალიან დაბალია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლებისგან განსხვავებით, მათი ხელფასი შესაძლოა 10-ჯერ ნაკლები იყოს. არის სხვა პრობლემაც, შესაძლოა ახალგაზრდა კადრს უნდოდეს დასაქმება სახელოვნებო დაწესებულებებში, თუმცა სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს, რადგან უკვე დასაქმებული პედაგოგები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე აიყვანონ შედარებით მაღალი ანაზღაურების მისაღებად და ახალი კადრებისთვის საათები აღარ რჩება. შესაბამისად, დაწესებულება არც ვაკანსიებს აცხადებს.
შენობები კონტროლის გარეშე და მოძველებული ინსტრუმენტები
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სახელოვნებო სკოლებისთვის და სამუსიკო სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის მექანიზმის ამოქმედებაა. პედაგოგები სტატუსსა და ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ერთმანეთზე ჯაჭვური პრინციპით გადაბმულ საკითხად მიიჩნევენ.
თბილისთან შედარებით მძიმე ვითარებაა რეგიონებში. თბილისსა და რეგიონში მდებარე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგები ერთ-ერთ პრობლემად ასახელებენ მუსიკალური ინსტრუმენტების გაუმართაობას. მათი თქმით, მაშინდელი კულტურის მინისტრის ინიციატივითა და მერიისთვის მიმართვის საფუძველზე საკრავების გარკვეული რაოდენობა გამოიცვალა, თუმცა ეს არ კმარა:
"არის აბსოლუტურად კოლაფსი";
"გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც საბჭოთა დროიდან არ გამოცვლილა, გვაქვს ინსტრუმენტები ჩავარდნილი კლავიშებით";
"რეგიონის სამუსიკო სკოლის ბავშვებმა არ იციან, რა არის როიალი".
"ვისურვებდი უკეთეს ინსტრუმენტებს. თითქმის ყველა მოძველდა. ძველი ჩინური ინსტრუმენტი მაქვს, ისიც 15 წლის წინ არის შემოტანილი, დარბაზი კარგია, თუმცა როიალი გვაქვს საშინელი. ორი ინსტრუმენტის გამოყენებას ვერიდებით, რადგან მეორე როიალი ამორტიზებულია".
კითხვაზე, რამდენად ჩართული არიან სახელმწიფო უწყებები ამ სფეროს პრობლემების გადაჭრაში, პასუხად მივიღეთ, რომ თბილისში სახელოვნებო სკოლის პედაგოგები რამდენიმე წლის წინ ჩართული იყვნენ სპეციალურ კომისიებში, ესწრებოდნენ კულტურის და განათლების სამინისტროების ორგანიზებით გამართულ შეხვედრებს, ინფორმირებული არიან "სახელოვნებო განათლების" კანონპროექტის შესახებ, რომლის ამოქმედებასაც ელოდებიან, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ არ დაძრულა. სამწუხაროდ, რეგიონში ინფორმირებულობა ბევრად ნაკლებია.
რაც შეეხება მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხარდაჭერის სერვისებს, რეგიონსა და თბილისში მდებარე სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამუსიკო სასწავლებლებისთვის მხარდაჭერის ერთიანი სისტემა არ არსებობს და შეთავაზებები განსხვავებულია. მართალია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების მსგავსად გარკვეული ბენეფიტებით არ სარგებლობენ, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებით, თუმცა მუნიციპალურ დონეზე არის შეღავათები, მაგალითად, თბილისის მერიის სტიპენდიები ნიჭიერი მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის. კულტურის სამინისტრო მსგავს სტიპენდიებს სამუსიკო სასწავლებლებს არ სთავაზობს. ბიუჯეტი, რომელსაც უწყება გასცემს, გაანგარიშებულია პედაგოგების ხელფასებისთვის, კომუნალურებისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გამოყოფილი თანხა საერთაშორისო კონკურსებზე მოსწავლეების გზისა და საცხოვრებელ ხარჯებსაც ვერ ფარავს. არადა, სახელოვნებო განათლება არ არის მხოლოდ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლება. ეს არის კულტურის, ემოციური ინტელექტისა და ეროვნული იდენტობის ფორმირების საფუძველი. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ცვლილებებს ელოდებიან და სახელმწიფოს მოქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც პედაგოგი იქნება დაფასებული, მოსწავლე - მოტივირებული, ხოლო სახელოვნებო სკოლა სრულფასოვანი და ავტორიტეტული საგანმანათლებლო სივრცე.
მარიამ ბუკია