„რამდენი უნივერსიტეტის არჩევის უფლება მაქვს“... „კერძოებსაც ეხება?“
2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, საგრანტო სისტემა კი უქმდება. სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩააბარებენ, სახელმწიფო გრანტს ვეღარ მოიპოვებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, აბიტურიენტებმა მარტის თვიდან მათ ვებგვერდს თვალი უნდა ადევნონ. თარიღებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იქ გამოქვეყნდება.
2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტების მიღების რაოდენობები უკვე გამოქვეყნდა. ამავე სასწავლო წლიდან "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპი ამოქმედდება. რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, სამართალი, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, საჯარო მმართველობა, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მხოლოდ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. აბიტურიენტები, მაგალითად, სამართალზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ან ტექნიკურ უნივერსიტეტში ვეღარ ჩააბარებენ. სამაგიეროდ, შეუძლიათ ქუთაისის, ბათუმის ან სხვა ქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც აირჩიონ.
რამდენი უნივერსიტეტის არჩევის უფლება მაქვს?
სამართლის პროგრამის მაგალითი რომ ავიღოთ, სამართალზე ჩაბარება, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი. თუმცა, აბიტურიენტებს შეეძლებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, კერძო უნივერსიტეტების სამართლის პროგრამაც აირჩიონ. გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, თბილისის გარდა, სამართლის პროგრამა რჩება: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. საგრანტო სისტემა კი უქმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აბიტურიენტს შეეძლო, მაგალითად, 50%-იანი, 70%-იანი ან 100%-იანი გრანტი მოეპოვებინა და კერძო უნივერსიტეტში გამოეყენებინა, მომდევნო სასწავლო წლიდან ეს პრინციპი უქმდება. ცნობილია ისიც, რომ ზოგიერთი კერძო უნივერსიტეტი დაფინანსების სისტემებზე მუშაობს და აბიტურიენტებმა სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდს სიახლეებისთვის თვალყური უნდა ადევნონ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, საგრანტო კონკურსიც უქმდება. საგრანტო კონკურსის მეშვეობით, სტუდენტს შეეძლო, არსებული გრანტი გაეუმჯობესებინა.
ვინაიდან საგრანტო სისტემა უქმდება, აღარც საგრანტო კონკურსი ჩატარდება. აღარც ე.წ. უფასო ფაკულტეტები იქნება, რადგან ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის.
კერძოდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლა შემეძლება?