„ლესტერის“ სასწაული - სიმბოლო იმისა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია
"ლესტერ-სიტი" ანუ 2015-16 წლების ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონები - ეს სიტყვები ახლაც კი უცნაური მოსასმენია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის და წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი მოულოდნელობა იყო, რომ ეს გუნდი ჩემპიონად მოევლინებოდა ინგლისს და გააოცებდა მთელ საფეხბურთო სამყაროს. 2015-16 წლების ჩემპიონობა Leicester City F.C.-ისთვის ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციად ითვლება.
2014-15 წლების სეზონში "ლესტერი" თითქმის გავარდა ლიგიდან, სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე ისინი ბოლო ადგილზე იყვნენ, მაგრამ გუნდმა მოულოდნელად მოიგო ბოლო 9 თამაშიდან 7 და მოახერხა ლიგაში დარჩენა. სწორედ ამ წარმატებით დასრულებულმა სეზონის ბოლო მატჩებმა მისცა გუნდს თავდაჯერება შემდეგი სეზონისთვის.
2015 წლის ზაფხულში "ლესტერის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს იტალიელი კლაუდიო რანიერი, რომლის მწვრთნელის ამპლუაში ხილვას გულშემატკივრების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა, რადგან მისი ბოლო გაწვრთნილი გუნდი, საბერძნეთის ეროვნული ნაკრები, წარუმატებელი იყო. ბუკმეიკერები "ლესტერის" ჩემპიონობას 5000:1 შანსს აძლევდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათი ჩემპიონობა თითქმის შეუძლებლად მიიჩნეოდა, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი რომ არაფერია, ამ აქსიომის დამტკიცება ამჯერად "ლესტერ-სიტის" ხვდა წილად.
რანიერიმ გამოიყენა მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ტაქტიკა: სწრაფი კონტრშეტევები, ძლიერი დაცვა, სწრაფი პასები ვარდისა და მაჰრეზის მიმართულებით; "ლესტერი" ნაკლებად ფლობდა ბურთს, მაგრამ ძალიან სწრაფად და ეფექტურად უტევდა.
Leicester City F.C.-ის რომელმაც 2015-16 წლების სეზონი დაიწყო, უკვე ერთი სასწაული ჰქონდა შესრულებული.
წინა სეზონში ისინი აპრილის შუა რიცხვებში ლიგის ბოლო ადგილზე იყვნენ, მაგრამ დარჩენილ ცხრა მატჩში შვიდი მოიგეს და გადარჩნენ. მიუხედავად ამ წარმატებული დაბრუნებისა, მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად რანიერი დანიშნეს. ზაფხულში მათ ცხრა ახალი ფეხბურთელი დაიმატეს, მათ შორის: იაპონელი თავდამსხმელი შიბჯი ოკაზაკი, რომელიც 1. FSV Mainზ 05-დან გადმოვიდა;
ნაკლებად ცნობილი ფრანგი ნახევარმცველი ნგოლო კანტე, რომელიც Ligue 2-ში თამაშობდა;
რობერტ ჰუთი, რომელმაც ორი ტრავმებით სავსე სეზონი გადაიტანა. ის სრულფასოვანი კონტრაქტით გადმოვიდა Stoke City F.C.-დან, სადაც 2014-15 წლების სეზონში იჯარით თამაშობდა;
მცველი კრისტიან ფუქსი, რომელიც FC Schalke 04-დან მივიდა.
იმ წლების "ლესტერის" თერთმეტეულში დიდი ნიჭის ზეიმი იყო: რიად მაჰრეზი - ალჟირელი ფლანგის შემტევი.
ნახევარდაცვა - ნ,გოლო კანტე - დაუღალავი ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც თითქოს ყველგან იყო მოედანზე.
კაპიტანი და დაცვა - ვეს მორგანი – გუნდის კაპიტანი და დაცვის ლიდერი.
და, რა თქმა უნდა, ჯეიმი ვარდი - ყოფილი არაპროფესიონალური ლიგის ფეხბურთელი, რომელიც ადრე ქარხანაში მუშაობდა. გაიტანა 24 გოლი ლიგაში. დაამყარა რეკორდი - ზედიზედ თერთმეტ მატჩში გოლი.
ჯეიმი ვარდის ისტორია ოდნავ სხვანაირად რომ განვითარებულიყო, დიდი ალბათობით, მას თბილისის "დინამოში" ვიხილავდით. ამის თაობაზე გვესაუბრება მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი, ვინც მაშინ "დინამოში" მუშაობდა...
"ლაპარაკია 2011-12 წლების სეზონზე. მაშინ ვარდი ინგლისის რანგით მეხუთე ლიგის "ფლიტვუდში" თამაშობდა და იმ სეზონში დიდებული სტატისტიკა ჰქონდა - 36 მატჩში 31 გოლი! ინგლისის თასზე კი 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გაუტანა რანგით მაღალი ლიგის კლუბებს...
იმხანად თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი. ჩემს უშუალო მოვალეობაში არ შედიოდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ზრუნვა და სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ საკუთარი აზრი თავზე არასდროს არავისთვის მომიხვევია, მით უმეტეს, საქმე ეხებოდა იმ დროს ყველასთვის აბსოლუტურად უცნობ მოთამაშეს...
უბრალოდ, ვთქვი, რომ არის ასეთი და ასეთი მოთამაშე, ჯეიმი ვარდი და მას ეხერხება გოლების გატანა. ეს იყო და ეს. "დინამოში" მაშინ ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის პრობლემა იდგა...
იმ ადამიანის სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მაშინაც "დინამოში" მუშაობდა და ახლაც მაღალ თანამდებობაზეა. მან მითხრა, მეხუთე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი როგორ უნდა გამოგვადგესო. რომ გავივლიდი და დამინახავდა, ვარდი, ვარდიო, ხუმრობით მომაძახებდა ხოლმე. მიმაჩნია, რომ ვარდი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, "დინამოში" თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა, თანაც, მის წინ იყო ევროტურნირების პერსპექტივა...
როგორც დრომ აჩვენა, არ შევმცდარვარ. უკვე შემდეგ სეზონში ვარდი მივიდა "ლესტერში", რომელიც მაშინ ჩემპიონშიფში თამაშობდა. ერთი სეზონი მას ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დასჭირდა. მერე პრემიერლიგაში 5 გოლი შეაგდო, ხოლო ამ სეზონში (2015-16 წლების საჩემპიონო სეზონი) რასაც შვრება, ყველა ვხედავთ... არადა, მაშინ, "ფლიტვუდში", ვარდის ღირებულება 50 ათასი ევრო იყო. დღეს რა ფასი აქვს ინგლისის ნაკრების ძირითად შემტევს, ამას ჩემი შეხსენება აღარ სჭირდება.
ისე, ახლა რომ ვფიქრობ, საქართველოში ჩამოუსვლელობამ ვარდის კარიერა აშკარად გადაარჩინა. არა მგონია, ჩვენი ჩემპიონატიდან ის ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე ლიდერში, თუნდაც დღევანდელ "ლესტერში" გადასულიყო და, შესაბამისად, ვერც ინგლისის ნაკრებში მოხვდებოდა".
"ლესტერი" სეზონის დასაწყისში ყურადღების ცენტრში არ იყო, მათ პირველი ცხრა მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რანიერიმ ძირითად შემადგენლობაში ფლანგის მცველებად დააყენა სიმპსონი და ფუქსი. 29 დეკემბრიდან 6 თებერვლამდე მათ პრემიერლიგაში გოლი არ გაუშვიათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ.
პირველი იყო 2:0 გამარჯვება Liverpool F.C.-თან 2 თებერვალს - თამაში, რომელიც განსაკუთრებით დაამახსოვრდათ ჯეიმი ვარდის შორეული გოლით.
"მის უკან ვიდექი და ვყვიროდი: "რატომ ურტყამ? - იხსენებს ოკაზაკი, - და შემდეგ ბურთი კარში შევარდა. მე ვიფიქრე: "წარმოუდგენელია!"
გარი ლინეკერის, რომელიც ახალგაზრდობაში "ლესტერში" თამაშობდა, სახალისო ტვიტით შთაგონებულმა ("თუ "ლესტერი" ლიგას მოიგებს, შემდეგი სეზონის პირველ მატჩს მხოლოდ საცვლებით წავიყვან"), "ლესტერმა" 3:2 დაამარცხა "ევერტონი".
შობის დღისთვის ისინი პირველ ადგილზე იყვნენ, მაშინ როცა 12 თვის წინ ლიგის ბოლოში გადარჩენისთვის იბრძოდნენ. შედარებისთვის: 1950 წელს, როცა ამერიკის ნაკრებმა დაამარცხა ინგლისის ნაკრები, ეს ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ მოვლენად ითვლებოდა ფეხბურთის ისტორიაში. იმ დროს შანსი 500:1 იყო.
სანამ სხვა კლუბები დიდ თანხებს ხარჯავდნენ და ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ ჩემპიონობისთვის, "ლესტერ-სიტიმ" თითქოს მხოლოდ იმედით და იღბლით გაიმარჯვა. მაგრამ "ზღაპრული" ეფექტი მხოლოდ სიღარიბიდან წარმატებამდე შინაარსის არ არის. ამას ემატება მიღწევის სირთულის დონე და კიდევ ერთი უცნაური ფაქტორი - მეფე რიჩარდ III... მისი ჩონჩხის Leicester Cathedral-ში ხელახლა დაკრძალვამ ზოგიერთი დააფიქრა, თითქოს მეფის სულმაც კი ხელი შეუწყო "მელიების" ბედის შემობრუნებას. კლუბის მეტსახელი "მელიები" (Foxes) დაერქვათ იმიტომაც, რომ ქალაქი ლესტერშირი ინგლისურ მელიებზე ნადირობის სამშობლოდ ითვლება. მელია ინგლისურ ფოლკლორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ის ხშირად წარმოდგენილია როგორც ცბიერი, რომელიც ჭკუით და სისწრაფით ამარცხებს უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს. მელია ნამდვილი გმირია - პატარა მოთამაშე, რომელიც ახერხებს გაექცეს ცხენებზე ამხედრებულ დიდ, მოუქნელ მდევრებსა და მწევრებს. "ლესტერ-სიტის" ემბლემაზეც მელიაა გამოსახული.
2016 წლის მაისი იყო და 36 მატჩის შემდეგ "ლესტერ-სიტის" მოულოდნელი გმირები საკუთარ თავს უტყდებოდნენ, რომ შეიძლება წარმოუდგენელს მიაღწიონ - პრემიერლიგის მოგებას. მათ სჭირდებოდათ, რომ უახლოეს კონკურენტს, "ტოტენჰემ ჰოტსპურს" ან ფრე ეთამაშა, ან წაეგო "ჩელსისთან".
"ლესტერის" ფეხბურთელები მატჩს ჯეიმი ვარდის სახლში უყურებდნენ. "იმ დროს ამას ვუწოდე ყველაზე რთული 90 წუთი, რომელიც არასდროს მითამაშია, რადგან იცი, რა დევს სასწორზე", - ამბობს ფუქსი, "ლესტერის" ძირითადი მარცხენა მცველი ESPN-თან ინტერვიუში. "ჩელსი" იმ მატჩს 0:2 აგებდა, შემდეგ კი ედენ აზარის გოლით მატჩის მიწურულს ანგარიში 2:2 გახდა და "ლესტერი" ჩემპიონი გახდა!
როდესაც სტემფორდ-ბრიჯზე საბოლოო სასტვენის ხმა გაისმა და "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" მატჩი 2:2 დასრულდა, ქაოსი დაიწყო.
"ვხედავდი, როგორ ათრევდნენ ადამიანებს იატაკზე ფეხებითა და ხელებით, ყვიროდნენ, ტიროდნენ", - იხსენებს ფუქსი.
დენი სიმპსონი, ძირითადი მარჯვენა მცველი: "ფეხბურთში ბევრ რამეს გადიხარ - ბევრ უარყოფას, მუდმივად გგონია, რომ საკმარისად კარგი არა ხარ. ეს უბრალოდ შვება იყო, დიდი ტვირთი მომეხსნა...".
ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა King Power Stadium-ის წინ. მარკ სმიტი, "ლესტერის" ერთგული გულშემატკივარი იხსენებს, რომ ის ერთ-ერთი პირველი მივიდა სტადიონთან: "მხოლოდ მე და ["ლესტერ-სიტის" დეპუტატი] კიტ ვაზი ვიყავით! არ შემიძლია ამის აღწერა, დაუჯერებელია, ამდენი ხანი ველოდით, ეს ნამდვილად ზღაპარს ჰგავდა - ბუკმეიკერები საკუთარ თავს უნდა დასცინოდნენ".
გულშემატკივრები მთელი გულით მღეროდნენ, ცისფერი ფოიერვერკების, მანქანების სიგნალებისა და შეძახილების ფონზე: "ჩემპიონებო!" საზეიმო განწყობას შეუერთდნენ სხვა გუნდების გულშემატკივრებიც და ზეიმი დილამდე გაგრძელდა.
"ლივერპულის" გულშემატკივარმა მარკ მაკგლინჩიმ, რომელიც 12 წელია ლესტერშირში ცხოვრობს, თქვა: "საოცარია, დედები და მამები ბავშვებს აღვიძებენ, რომ ეს ნახონ. ასეთ დონემდე რომ მივიდა ყველაფერი, დაუჯერებელია".
პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავ ცერემონიაზე კლაუდიო რანიერიმ თავისი ლეგენდარული თანამემამულე ანდრეა ბოჩელიც კი ჩამოიყვანა და სტადიონზე მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Con Te Partirò შესრულდა.…
გუნდის ვარსკვლავებმა, კანტემ, მაჰრეზმა და სხვებმა, მალევე დატოვეს "ლესტერი", დიდი ხნით დარჩა მხოლოდ ჯეიმი ვარდი, რომელიც დღეს უკვე იტალიის სერია ა-ში ასპარეზობს.
მთელი სეზონის განმავლობაში მათ დაამარცხეს დიდი კლუბები, შეინარჩუნეს სტაბილურობა სატურნირო ცხრილის სათავეში და ტიტული მოიპოვეს 2016 წლის მაისის დამდეგს, როდესაც სხვა მატჩების შედეგებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ ვეღარ დაეწეოდნენ.
ეს იყო კლუბის პირველი ჩემპიონობა ინგლისის უმაღლეს ლიგაში. "ლესტერის" გამარჯვება გახდა გლობალური სიმბოლო რწმენის, გუნდურობისა და იმისა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
ნიკოლოზ თევდორაშვილი