„წარმატების ჯაჭვი უწყვეტი უნდა იყოს“
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები წარმატებული გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის: ფიგურული მოციგურავეების წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მხოლოდ იაპონელ კონკურენტებს ჩამორჩა და ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში პირველი მედალი მოგვიტანა. მეტელკინა-ბერულავას გარდა, მილანურ ყინულზე ჩვენი ქვეყნის კიდევ ოთხმა წარმომადგენელმა ისრიალა (დიანა დევისი-გლებ სმოლკინი, ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა), მოციგურავეების გარდა, მილანი-კორტინაში ვნახეთ მოთხილამურეებიც - ნინო წიკლაური (რომლისთვისაც წლევანდელი ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეხუთეა!) და დებიუტანტი ლუკა ბუჩუკური. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა იტალიიდან "დაპირებული" მედალი ჩამოიტანა და ცხადია, ინტერვიუც ამ თემით დავიწყეთ:
- ბატონო ლერი, ზამთრის ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ამბობდით, რომ კარგი წინათგრძნობა გქონდათ... გისურვებთ ყველა სასიამოვნო მოლოდინი ასე გაგმართლებოდეთ!
- გმადლობთ. ჩვენი მოციგურავეების ბოლოდროინდელი შედეგები ერთეულთა თანრიგსა თუ წყვილთა შეჯიბრებებში მართლაც იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს. მეტელკინა-ბერულავას წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა, ეს წყვილი ახალგაზრდების ტურნირებშიც წარმატებით გამოდიოდა და ეტაპობრივად მივიდა ოლიმპიურ მედლამდე. იმავეს თქმა შეიძლება ნიკა ეგაძეზე, ანასტასია გუბანოვაზე, დევისი-სმოლკინის წყვილზე... ოლიმპიური თამაშები ძალიან სპეციფიკური, რთული ტურნირია უდიდესი ემოციური წნეხით. ეს კარგად გამოჩნდა ილია მალინინის მაგალითზე: ამერიკელი ფენომენური მონაცემების მოციგურავეა, ბოლოდროინდელი შედეგებით კი ოლიმპიადის მთავარი ფავორიტი იყო. მილანშიც ლიდერი იყო მოკლე პროგრამის შემდეგ, თუმცა თავისუფალ პროგრამაში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მერვე(!) ადგილს დასჯერდა. იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიადის ფსიქოლოგიური წნეხი მონაწილის რანგში თვითონაც გამომიცდია, აღმასკომზე პირდაპირ ვთქვი, მაქვს განცდა, რომ მილანის ოლიმპიადიდან მედალს ჩამოვიტანთ-მეთქი!
- ოპტიმისტური მოლოდინის მთავარი მიზეზი შეფილდში, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგები იყო, მაგრამ ოლიმპიადაზე გაცილებით დიდი კონკურენციაა...
- იმედიანი მოლოდინის მთავარი მიზეზი ჩვენი მოციგურავეების შედეგები და მათი განწყობა იყო. მედლის მოპოვებასთან ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირშიც ახლოს ვიყავით, თუმცა იმ წნეხმა, რაზეც ვილაპარაკეთ, რამდენიმე მონაწილეს მაინც დაასვა დაღი და საბოლოოდ გუნდურში მეოთხე ადგილი დავიკავეთ. მთლიანობაში, ჩვენმა ყველა სპორტსმენმა გაიმეორა ან გააუმჯობესა წინა შედეგი. ვამაყობ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის გვერდში ედგა ციგურაობის ფედერაციას, სჯეროდა ქალბატონი მარიამ გიორგობიანის ოპტიმიზმის, ირწმუნა მოციგურავეების პოტენციალის. არ უნდა დავივიწყოთY სახელმწიფოს როლი, რომელიც ინფრასტრუქტურის ნაწილში ყოველთვის მხარს გვიჭერს. გასულ წელს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლეთ და ხაზგასმით ვთქვით - ზამთრის სახეობები უნდა განვავითაროთ, ბავშვებისა და მშობლების მზარდი მოთხოვნის ფონზე, ყინულის მოედანზე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა იდგეს... ბათუმსა და თბილისში უკვე გვაქვს ყინულის ორი მაღალი დონის მოედანი. სახელმწიფოს ჩართვის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ძალიან რთულია.
- გეთანხმებით. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დარბაზები და მოედნები ამა თუ იმ ტურნირის დასრულების შემდეგაც აქტიურად იყოს დატვირთული და უფუნქციოდ არ დარჩეს.
- გასულ წელს ვუმასპინძლეთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც ინგა გურგენიძე ჩემპიონი გახდა. წარმატება გვქონდა ასაკობრივ თუ ზრდასრულთა ტურნირებზე და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის პირველი ოლიმპიური მედლით დაგვირგვინდა. ყველა ვხედავთ, რომ ციგურაობის ფედერაცია სწორად მუშაობს, ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს, მუშაობას კი ვაგრძელებთ ჩვეული დევიზით: უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე! გარდა იმისა, რომ ყინულის მოედნები მაქსიმალურად დაიტვირთოს, დამატებით უნდა მოვიწვიოთ მაღალი კლასის სპეციალისტები, რომლებიც უფრო მეტ ძლიერ სპორტსმენს აღზრდიან. მაღალი მიღწევების სპორტში უკვე გვაქვს წარმატება და ვგეგმავთ, ეს მაჩვენებელი ახალგაზრდებშიც გაიზარდოს. თუნდაც ნიკა ეგაძის მაგალითი ვნახოთ: ნიკა ჯერ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის პრიზიორი გახდა, დღეს კი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ოლიმპიადის პირველი ათეულის წევრი. ჩვენი მიზანიც ეს არის - წარმატების ჯაჭვი უწყვეტი უნდა იყოს და ასაკობრივ პირველობებზე წარმატებული გამოსვლა უფროსთა ტურნირებზეც გაგრძელდეს.
- ბევრი ტურნირი გინახავთ როგორც მონაწილეს, ისე მასპინძელსა და ორგანიზატორს, "მილანი-კორტინას" ამ კუთხით როგორ შეაფასებთ? იყო ხარვეზები?
- სერიოზული არაფერი. მცირე პრობლემა იყო აკრედიტაციებთან დაკავშირებით, თუმცა მალევე მოგვარდა. იტალიას მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება აქვს. სიმბოლურია, რომ ზუსტად 70 წლის წინ ქართველმა სპორტსმენმა პირველად მიიღო მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში (1956 წელს კორტინა დამპეცოს ზამთრის ოლიმპიადაზე სახელგანთქმულმა ტრამპლინიდან მხტომელმა, "მფრინავ ტორპედოდ" წოდებულმა კობა წაქაძემ იასპარეზა. რ.შ.). დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით კი ზამთრის ოლიმპიადებში 1994 წლიდან ვმონაწილეობთ. მოციგურავეების გარდა, წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებში ორი ქართველი მოთხილამურეც მონაწილეობდა - ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური. ნინო პირველი ქართველია, რომელმაც მეხუთედ იასპარეზა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში! რაც შეეხება შედეგებს, თუნდაც მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებს იმდენი და იმ დონის სპორტსმენები გამოჰყავთ, მათთვის კონკურენციის გაწევა ურთულესი.
- მაგრამ საქართველოში არაერთი მაღალი დონის სათხილამურო კურორტი და ტრასა გვაქვს და ამის გათვალისწინებით, გაცილებით მეტი პროფესიონალი მოთხილამურე უნდა გვყავდეს...
- გეთანხმებით და ამაზე ვმუშაობთ. უკვე ვუმასპინძლეთ რამდენიმე სხვადასხვა მასშტაბის საერთაშორისო ტურნირს და საზღვარგარეთელი სტუმრების მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ. გვაქვს ბაზები, გვყავს პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენები და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში პროფესიონალ მოთხილამურეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მით უმეტეს, მრავალწლიანი ტრადიციებიც გვაქვს. მთავარი პრობლემა კვალიფიციური სპეციალისტების სიმცირეა. ალბათ, საჭირო გახდება მწვრთნელების სხვა ქვეყნებიდან მოწვევა. შესაბამისი სახეობების ფედერაციებმაც უნდა იაქტიურონ და ჩვენს მხარდაჭერასაც მიიღებენ. ლუკა ბუჩუკურისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იყო. დავესწარი მის ასპარეზობას, ვესაუბრე კიდეც და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მოტივირებული, მტკიცე ხასიათის სპორტსმენია. ოლიმპიურ თამაშებში მიღებული გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება მისთვის და სამომავლოდ გაცილებით უკეთესი შედეგებიც ექნება. დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მილანის ოლიმპიადაზე ბრაზილიელი მოთხილამურის გამარჯვებას - ლუკას პინეირო ბრაატენი გახდა პირველი სამხრეთამერიკელი, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადზე ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა, თუ ბრაზილიელის ბიოგრაფიას გაეცნობით, ნახავთ, რომ მამა ნორვეგიელი ჰყავს, თხილამურებით სრიალიც ნორვეგიაში ისწავლა და წლების განმავლობაში ასპარეზობდა ამ ქვეყნის სახელით.
- ჩვენმა მოციგურავეებმა თქვეს, თანაგუნდელების სრიალის დროს უფრო მეტად ვღელავდით, ვიდრე ყინულზე გასვლის დროსო. თქვენი განცდებიც გაგვიზიარეთ...
- მოქმედი სპორტსმენის სტატუსით მეც არაერთხელ მიასპარეზია ოლიმპიადაზე და კარგად ვიცი, რას ნიშნავს პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ფორუმში მონაწილეობა, თანაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში წარმატებით განებივრებული ვართ, ყოველთვის ვიცით, რომ მხოლოდ მონაწილის სტატუსით არ დავკმაყოფილდებით და სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი გვექნება. ზამთრის ოლიმპიადებში კი აქამდე განსხვავებული ვითარება იყო. თავდაჯერებისთვის ძალიან გვჭირდებოდა მედლის მოპოვება და ამიტომაც ორმაგად ბედნიერები ვართ. ისეთი ემოცია მქონდა, თითქოს მე გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი, მით უმეტეს, რომ ჩემი წინათგრძნობა გამართლდა და ზამთრის სახეობაში პირველი, საქართველოსთვის ისტორიული მედალი მოვიპოვეთ! დიდი ბედნიერება და სიამაყეა, როცა შრომის შედეგს იღებ და აცნობიერებ, რომ ამ წარმატებაში შენი მცირედი წვლილიც არის. მარიამ გიორგობიანის აქტიურობით, ოლიმპიური კომიტეტის ჩართულობითა და რაც მთავარია, მთავრობის მხარდაჭერით, დღეს უკვე გვაქვს ყინულის ორი მოედანი თბილისსა და ბათუმში. გვაქვს სრულფასოვანი ბაზებიც და შედეგებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ დამატებით ინფრასტრუქტურას უსაფუძვლოდ არ ვითხოვდით. გვაქვს უნიკალური სათხილამურო ტრასები, ყინულის მოედნები, მონდომება და ყველა საფუძველი იმისთვის, ზამთრის სახეობები ჩვენს ქვეყანაში გაცილებით პოპულარული და წარმატებული გახდეს.
- აქვე ისიც ვთქვათ, რომ ის ფულადი ჯილდო, რომელიც ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელ წყვილს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცემა (თითოეულს - 500 ათასი ლარი), მნიშვნელოვნად გაზრდის ზამთრის სახეობებში მოასპარეზე დანარჩენი ქართველების მოტივაციასაც.
- რა თქმა უნდა. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის სახელმწიფოსგან დაწესებულია ფულადი ჯილდო - 500 ათასი ლარი. თუმცა მეტელკინამ და ბერულავამ აქამდე არნახულ წარმატებას წყვილთა თანრიგში მიაღწიეს და გადაწყდა, რომ ჯილდოდ დაწესებულ თანხას თითოეული მათგანი სრულად მიიღებს. ასეთი დაფასება მათი თანაგუნდელებისთვისაც დიდი სტიმული იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენები არა მხოლოდ ფინანსურ, მორალურ მხარდაჭერასაც გრძნობდნენ. თითოეულ მათგანს ჯერ კიდევ მილანში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ, ვაგრძნობინეთ, რომ გვაინტერესებს მათი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა, მათი შედეგები... 6-15 მარტს მილანი-კორტინა უმასპინძლებს ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს, რომელშიც ორი ქართველი პარაათლეტიც მონაწილეობს და მათაც წარმატებას ვუსურვებ!
- 30 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში სენეგალის დედაქალაქ დაკარში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს, ტურნირისთვის მზადება უკვე დაწყებულია?
- წლევანდელი ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება: თამაშების ისტორიაში პირველად გაუქმებულია საკვალიფიკაციო ტურნირები და რეიტინგული პრინციპი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვოტებს თვითონ გაანაწილებს. ამის გამო დაზუსტებით არ ვიცით, აფრიკაში სპორტის რომელ სახეობებში ვიასპარეზებთ და რამდენ სპორტსმენს გავგზავნით. წინა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, რომელსაც ბუენოს-აირესმა უმასპინძლა, პირველად გვყავდა ოქროსმედალოსანი - ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე გახდა. იმედია, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზეც გავრცელდება ჩვენი დევიზი - უკეთ, ვიდრე წინა ტურნირზე!