მორიგი წყლის ნაყვა თუ რეალური ალტერნატივა: რა არის „ოპოზიციური ალიანსის“ მთავარი გამოწვევა?!
ორწლიანი ჰაი-ჰუის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი გაერთიანდა და დაირქვეს "ოპოზიციის ალიანსი". მასში შევიდნენ "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ფედერალისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ევროპული საქართველო" და "თავისუფლების მოედანი". ჯერ გავიხსენოთ, რა გზა გაიარეს პარტიებმა ამ ამბამდე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციური ერთობის შექმნას შეეცადა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ქარტიის" სახით. შეგახსენებთ ამ ქარტიის პრინციპს: ოპოზიციას არჩევნების შემდეგ უნდა შეექმნა დროებითი მთავრობა, რომელიც დასავლეთთან დაახლოებაზე იმუშავებდა და შემდეგ უკვე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით უნდა ჩატარებულიყო რიგგარეშე არჩევნები - ანუ არჩევნების წინ ოპოზიციას უნდა ეთქვა ამომრჩევლისთვის, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, პრემიერი იქნება პეტრე, პარლამენტის თავმჯდომარე პავლე და ა.შ., თუმცა სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა შემდეგი პირობა - პრემიერობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო "დიმიტრი გელოვანი" ანუ პოპულარული ფიგურა და თან არაპოლიტიკური. აი, ფაქტობრივად, მაშინ დასრულდა "ქართული ქარტიის" პერსპექტივები. საერთო სტრატეგიაზე მსჯელობის ნაცვლად, ეს პლატფორმა იქცა იმაზე კამათის მოედნად, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერი და კონკრეტული სამინისტროს ხელმძღვანელი. საბოლოოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა სცადა "ლელოსა" და გახარიას პარტიას საარჩევნო სიები გაეერთიანებინათ, თუმცა... უშედეგოდ.
უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ შესთავაზა ოპოზიციას "ალტერნატიული პარლამენტის" იდეა, როგორც ერთობლივი სტრატეგიის შემუშავების პლატფორმა. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მეგობრულად მოიყრუა ყური.
შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ სცადა ოპოზიციური პარტიების თავის ფრთის ქვეშ შეკრება. თუმცა საპასუხოდ "ნაცმოძრაობისგან" მიიღო კრიტიკა და თავდასხმები 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" შემოქმედთაგან - ეგაო, ივანიშვილის თამაშს თამაშობსო.
შემდეგ უკვე ყველამ თავისი გზა იპოვა. გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა, "ლელომ" გახარიას პარტიასთან ერთად 4 ოქტომბრის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. დანარჩენი პარტიები ბოიკოტში დარჩნენ. საბოლოოდ ბოიკოტმა გაიმარჯვა და "ოცნებამ" ყველა მუნიციპალიტეტი მოიგო.
აღდგა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა"?
აღდგაო - ასე მიიჩნევენ "ლელოში (რომელმაც გაერთიანებაზე უარი განაცხადა, თუმცა რატომღაც "ალიანსელებს" იმედი აქვთ, რომ ბოლოს და ბოლოს მათთან მაინც მივა ხაზარაძის პარტია), გახარიას პარტიაში და რიგი ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები. ერთი შეხედვით ასეც არის - სააკაშვილის პარტიასთან ალიანსში არიან: ნიკა გვარამია (მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და "ნაცმოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტი, სანამ საკუთარი პარტია არ შექმნა), ნიკა მელია ("ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე), გიგა ბოკერია (უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და თავის დროზე "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი სპიკერი), ზურა "გირჩი" ჯაფარიძე ("ნაცმოძრაობის" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი), ელენე ხოშტარია ("ნაცმოძრაობის" ყოფილი ერთ-ერთი მთავარი სახე) და გიორგი ვაშაძე (სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთი ყოფილი მნიშვნელოვანი ფიგურა). ედპ-სა და "თავისუფლების მოედანს" თავი დავანებოთ.
თუმცა, აღდგა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" იმით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, ადრე ვის რა თანამდებობა ეკავა, არამედ იმით, ვის რა პერსონალური დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის პარტიასთან და პირადად მიშასთან. ამ მხრივ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. რეკორდსმენია გიორგი ვაშაძე. მან ჯერ დატოვა "ნაცმოძრაობა", შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ალიანსში იყო მიშას პოლიტორგანიზაციასთან, შემდეგ კვლავ დატოვა ალიანსი (რომლის შემდეგ სააკაშვილმა ის ღალატში დაადანაშაულა, ვაშაძემ კი თქვა, მიშას გამოსწორება არ იქნებაო), თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ გაერთიანდა "ნაცმოძრაობასთან", შემდეგ თითქოს დისტანცირდა და დღეს "ოპოზიციური ალიანსის" წევრია.
ნიკა გვარამია იყო სააკაშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი, მიშას მთავარი "პიარშიკი", სააკაშვილის "ქართული სახელმწიფოს მამა-დამფუძნებლად" შემრაცხველი და სპექტაკლ "მიშა კვდებას" მთავარი სცენარისტ-რეჟისორი. თუმცა მისთვის მიშაზე მაღლა მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესები დგას. აი, ამ ინტერესებზეა დამოკიდებული, დაბრუნდება თუ არა ძველ წიაღში ნიკა გვარამია. მისი თანათავმჯდომარე ნიკა მელია კი სულ სხვა ისტორიაა - სიმართლე რომ ითქვას, ის მიშისტი მაშინაც არ იყო, როდესაც "ნაცმოძრაობას" თავმჯდომარეობდა. დღეს უკვე რაზე შეიძლება საუბარი, როდესაც სააკაშვილის დავალებით ის სამარცხვინოდ გადააყენეს პარტიის თავმჯდომარეობიდან და ხაბეიშვილით ჩაანაცვლეს. სწორედ ნიკა მელიაა მთავარი მიმანიშნებელი, რომ სააკაშვილი ვაჭრობდა "ქართულ ოცნებასთან" და შუამავლად გრიგოლ ვაშაძეს იყენებდა.
ზურა "გირჩი" ჯაფარიძე რა მანქანებით წამოვიდა "ნაცმოძრაობიდან" და ჩანს თუ არა ამის უკან "ოცნების" ყურები, ეს სხვა ისტორიაა. თუმცა მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, გული მაინც მიშასკენ მიუწევს. ელენე ხოშტარია კეზერაშვილთან პარტნიორობს - "ნაცმოძრაობის" მთავარ სპონსორთან.
"ნაცმოძრაობის" აღდგენის სცენარში ვერანაირად ვერ ჩაეწერება გიგა ბოკერია. ცნობილია მისი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, "ნაცმოძრაობაზე" და მგონი, სააკაშვილის ხელისუფლების ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს.
ასე რომ, თავად განსაჯეთ, აღდგა თუ არა "ნაცმოძრაობა". ალბათ, ნაწილობრივ.
რა პერსპექტივა აქვს "ოპოზიციის ალიანსს"
გაერთიანების შემდეგ პარტიებმა გაავრცელეს შემდეგი შინაარსის განცხადება: "ჩვენი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს: ერთობა ერთფეროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყანაში ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.
დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს... შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის... ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე", - აღნიშნულია "ოპოზიციის ალიანსის" განცხადებაში.
ლამაზი ფრაზების მიღმა ისმის მთავარი კითხვა: რას შეცვლის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს "ოპოზიციური ალიანსი" და აღიქმება თუ არა ის ვაშინგტონსა და ბრიუსელში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად?
თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ამ მხრივ პრობლემებია: "ლელოს" გარეშე დიდი ოპოზიციური ერთობა სრულფასოვანი ვერ იქნება. გინდა ასე შევხედოთ საკითხს და გინდაც ისე, ამინდს ქმნიან მსხვილი პარტიები, ასეთი კი "ოპოზიციურ ალიანსში" სულ ორია: "ნაცმოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის". არ ეწყინოს არავის, მაგრამ ედპ, "თავისუფლების მოედანი" და "ფედერალისტები" (თუმცა გარკვეული პროგრესი აქვთ), არ არიან სერიოზული მოთამაშეები. ერთ-ერთი მთავარი საკითხია "ლელოს" ფინანსური რესურსი. თუ "ოპოზიციური ალიანსის" ლიდერები ისევ ტელესტუდიებში გამოიკეტნენ და იქიდან გააგრძელეს ამომრჩევლის დამოძღვრა, არაფერი გამოვა. საჭიროა სოფელ-სოფელ სიარული, დასავლეთის სახელმწიფოებში ვიზიტები, გარკვეული სტრუქტურების შექმნა (განსაკუთრებით რეგიონებში), აქციების ორგანიზება... ამ ყველაფერს დიდი ფული სჭირდება, რის ნაკლებობასაც განიცდის ოპოზიცია. გარდა ამისა, რბილად რომ ვთქვათ, "ლელო" "ემეგობრება" ერთ-ერთ მსხვილ ოპოზიციურ ტელეარხს და...
მეორე და მთავარი ის არის, თუ რა წონა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოებაში. ბოლო წლებში დაშვებულმა შეცდომებმა, არასწორმა აქცენტებმა თუ არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ პარტიების სერიოზული დისკრედიტაცია მოახდინა. ჩხუბში შესაძლებელია, მაგალითად, ათმა სუსტმა კაცმა გალახოს ერთი ძლიერი, პოლიტიკაში კი ასე არ ხდება. ათი სუსტი პარტიის გაერთიანება ალიანსს ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშედ ვერ აქცევს ვერც შიდა ასპარეზზე და ვერც დასავლეთში, სადაც ძალიან კარგად იციან, ვინ რას წარმოადგენს და შეუძლია თუ არა პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.
"ოპოზიციურ ალიანსს" აქვს კიდევ ერთი "ბომბი" მიხეილ სააკაშვილის სახით. კერძოდ, მიშა ფორმალურად მიესალმა ასეთ გაერთიანებას, თუმცა სააკაშვილს ეს გაერთიანება წარმოუდგენია მის გარშემო - თუ ცენტრში არ იქნება მიშა, ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა. გადახედეთ მის ფბ-პოსტებს და მიხვდებით, ლამის დიდგორის ომის მოგებაც თავის თავზე მიიწერა. ჰოდა, სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება, რომ ამ ოპოზიციური ალიანსის ცენტრში აღმოჩნდეს როგორც ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები. შესაძლოა ამ ეტაპზე სწორედ ეს არის "ოპოზიციური ალიანსის" მთავარი გამოწვევა.
გიორგი კვიტაშვილი