„ირანშივეა უზარმაზარი ბომბი უკიდურესად ჭრელი ეთნოსის პროტესტის სახით, რომელიც იბრძვის საკუთარი ტერიტორიული უფლებებისთვის“ - კვირის პალიტრა

„ირანშივეა უზარმაზარი ბომბი უკიდურესად ჭრელი ეთნოსის პროტესტის სახით, რომელიც იბრძვის საკუთარი ტერიტორიული უფლებებისთვის“

ირან-ამერიკის ომი, მისი საშიშროება მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნისთვის და ირანელი ხალხი, რომელსაც ომთან ერთად ირანის ბედის შეცვლა შეუძლია: ამ სახელმწიფოს უკიდურესად ჭრელი ეთნოსის პროტესტმა შესაძლოა დააჩქაროს მისი ტერიტორიულ ერთეულებად დაშლა ან პირიქით: ომის გამო დაიწყოს ხელისუფლების გარშემო ხალხის კონსოლიდაცია, რამაც ირანის დიქტატურის რაიმე სახით შენარჩუნება განაპირობოს. ისტორიკოსი და ბიზნესმენი ლევან ხაჭაპურიძე­ 27 წელია თავისი საქმიანობით მჭიდროდ არის დაკავშირებული ირანთან. ის საუკეთესოდ იცნობს ირანელ ელიტასა და უბრალო ხალხს. როგორი შეიძლება იყოს ირანისა და მისი ეთნოსების მომავალი, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ და რა შედეგს მოიტანს ეს მსოფლიოსთვის და ჩვენთვის, ამ თემაზე სწორედ მას ვესაუბრეთ.

- ირანთან ჩემი ფინანსური და ადამიანური კავშირები ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამ განაპირობა, მით უფრო, ყოველთვის მინდოდა ირანელი ქართველობის ღრმად შესწავლა, რომელიც დღეისათვის ჩვენთვის დაკარგულია შესაძლოა მილიონზე მეტი წარმომადგენლითაც.

ამ ქვეყნის უაღრესად ჭრელი საზოგადოება, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველებთან ერთად სწორედ ირანის ისტორიული მადისა და დაპყრობების პროდუქტია და დღეს მართლაც შესაძლოა ბომბი აღმოჩნდეს ირანის დასაშლელად. ომის პირველ ხანებში შესაძლოა მართლაც გამოვლინდეს ირანის საზოგადოების კონსოლიდაცია სახელმწიფოს გარშემო. ამ შემთხვევაში მათ აერთიანებთ საერთო ტკივილი, რაც ომმა უკვე მიაყენა, განსაკუთრებით ომის პირველივე დღეებში სკოლის­ აფეთქებითა და ბავშვების დახოცვით. თუმცა­, იმასაც ვიტყვი, რომ ირანის შესაძლო დაშლის­ უპირველესი ხელშემწყობი იქნება თავად სახელმწიფოს მმართველი ელიტა, რომელიც იმაზე დიდი კორუფციით არის მოცული, ვიდრე გარედან წარმოგვიდგენია. დღევანდელი ირანული პროტესტის მთავარი მიზეზი სწორედ კორუფცია და მის მიერ გამოწვეული ინფლაციაა, რომელიც 2010 წლიდან დღემდე 150-ჯერ გაიზარდა­ და ამის მერეა სხვა ყველაფერი დანარჩენი­. ფულის კურსის პირველი გრანდიოზული ვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ფულის განულება 2011 წელს. კერძოდ, ამ წელიწადს ირანის კორუმპირებულმა და უკვე სანქცირებულმა სახელისუფლებო ეშელონებმა ევროპის ბანკებიდან გამოზიდეს მათ მიერვე ამავე ბანკებში შენახული დიდი ფული და მოსკოვში გადაიტანეს. მოსკოვიდან სურდათ ამ ფულის გათეთრება და დაბანდება, რადგანაც სანქციების გამო ევროპიდან ვერ მოიხმარდნენ. სწორედ ამ მომენტში დაასწრო დასავლეთმა და მოსკოვში გაზიდული ირანის ფულის კუპიურების ნომრები სრულად გაანულა. ამან ირანში ინფლაციის უზარმაზარი ტალღა ააგორა. რატომ აღწევს ირანის სახელისუფლებო ელიტის კორუმპირებულობა წარმოუდგენელ დონეს? ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ მაგალითი - ირანის მეჯლისის თავმჯდომარის, მოჰამედ ყალიბაფის ვაჟმა და პირადად აიათოლა ხამეინის სიძემ ირანიდან 270 მილიონი დოლარი გაიტაცა და დღემდე განცხრომით ცხოვრობს კანადაში. თუმცა მამამისი, მუჰამედ ყალიბაფი, მაინც დარჩა ხელისუფლებაში. მან განაცხადა, - შვილი შვილია, მე მე ვარ და მის საქციელზე პასუხს არ ვაგებო.

სახელისუფლებო ვერტიკალში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის ფაქ­ტობრივი მმართველები, სასულიერო პირები, მოლები არიან, თან მათ შორის მძაფრი დაპირისპირებაა, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა შტოებში, თუმცა სასულიერო ვერტიკალში ეს ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა. დიდ როლს თამაშობს ხელისუფლებაში მოქმედი ძლიერი ჯაშუშური ქსელიც, ურომლისოდაცA რამდენიმე დღეში შეუძლებელი იქნებოდა ირანის უმაღლესი პირების დახოცვა მათი ზუსტი ადგილსამყოფლის დადგენით. იმავდროულად, სახელისუფლებო შტოებს მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან, განსაკუთრებით მოლებს. ამ რელიგიურ ლიდერთა აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება მიღებული აქვს მოსკოვის უნივერსიტეტებში.

- სავარაუდოდ, ომი რუსეთთან მათ კავში­რებს უფრო გააძლიერებს.

- მოსკოვი მხოლოდ იმას გააკეთებს,­ რომ ირანიდან ლტოლვილი უმაღლესი პირები მიიღოს, სხვა მხრივ ირანის სასარგებლოდ ხელსაც არ გაანძრევს, რადგან ელოდება, რომ ომით გამოწვეულ ნავთობის კრიზისში საკუთარი ნავთობი გაყიდოს დიდ ფულად.

რაც შეეხება იმას, რომელი ეთნიკური ერთეულისაგან ელოდება ირანს დაშლა, ქურთე­ბის პარალელურად, ბომბი ირანელ აზერბაიჯანელებშიც დევს. ასევე დიდი ეთნიკური ერთეულები არიან ქურთები, ლურები, არაბები, ბელუჯები და თურქმენები.

ქურთებთან ერთად დამოუკიდებლობას სწორედ აზერბაიჯანელები­ ითხოვენ, დაახლოებით 20 მლნ-ზე მეტი "უმცირესობით".

თუმცა ისიც საკითხავია, რატომ არ გამო­ხატა­ვდნენ ბოლო დრომდე ირანელი­ აზერბაიჯანელები დამოუკიდებლობის სურვილს. ამაში მათ ეხმარებოდათ ისტორია. საქმე ის არის, რომ შაჰ-აბასი, რომლის დამპყრობლურმა მადამ გააძლიერა ირანი­ ტერიტორიულად, იყო აზერბაიჯანული ტომიდან. შესაბამისად, ის რეალურად აფასებდა მომთაბარე აზერბაიჯანელების საბრ­ძოლო უნარებს. ამიტომაც მათ ირანში ადგილობრივ ირანელებზე არათუ ნაკლები, შეიძლება მეტი უფლებაც ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ შაჰ-აბასმა ირანის სახელმწიფო ენად ფარსი დატოვა, ვინაიდან მისთვის სწორედ ეს ენა გამოხატავდა ირანული სახელმწიფოს აღზევებისა და ძლიერების ისტორიას. ამით შაჰს აზერბაიჯანული ენისთვის განსაკუთრებული უფლებები არ მიუნიჭებია, თუმცა თავად აზერბაიჯანელებსა და მათ ენას სახელმწიფოში პრივილეგირებული ადგილი მაინც ჰქონდა.­ თუმცა ეს იყო 1925 წლამდე, ვიდრე ირანში ყაჯართა შაჰების დინასტია დაემხობოდა და მის ადგილზე ფეჰლევიანები მოვიდოდნენ, რა დროისთვისაც ირანში­ აზერბაიჯანელთა პრივილეგიებმა უკან გადაიწია. შემდგომ დაარსებულ აზერბაიჯანულ სკოლებში მშობლიურ ენას აღარ ასწავლიდნენ, თანამდებობებზეც აზერბაიჯანელებს ნაკლებად იღებდნენ. ეს ტენდენცია არ შეცვლილა არც იმის გამო, რომ თავად აიათოლა ხამენეიც აზერბაიჯანული წარმოშობის იყო. დღეს პროტესტში მკაფიოდ ისმის აზერბაიჯანელების ხმები თავისუფლების მოთხოვნით.

41b4a027-074c-46a6-8a26-34df86018cb8-1772985288.jpg

- საინტერესოა. ირანისთვის საშიში კიდევ რომელი ეთნოსია?

- ბელუჯები, ძირითადად, ირანის მთიანეთში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონამდე მოსახლეობა, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ერთი მიზეზით. მოგეხსენებათ, მე-17 საუკუნის დამდეგს შაჰ-აბასმა სპარსეთში დაახლოებით 200 000 ქართველი­ გადაასახლა მთიანეთიდან შემოსეულ ბელუ­ჯებთან გასამკლავებლად. ქართველების ერთი ნაწილი ფერეიდანში კომპაქტურად დასახლდა, ერთობლივად უწევდა მტერს წინააღმდეგობას და ქართველობაც შეინარჩუნა. თუმცა დანარჩენი, არაკომპაქტურად დასახლებული ქართველობა შეერია ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით ბელუჯებს, რომელთაც ებრძოდა, რაც არც არის გასაკვირი, მტერთან გამუდმებული ბრძოლა მათთან გამუდმებულ ურთიერთობასაც ნიშნავს და როგორც ჩანს, მოწინააღმდეგე მხარეებმა ერთმანეთში იპოვეს ის ნიშნებიც, რომლებითაც ერთმანეთთან დაახლოება შეძლეს. და რა მოხდა?M მოხდა­ ის, რომ მაშინდელი ბელუჯებისა და ქართველების შერევით წარმოიშვა დღევანდელი ბელუჯების ძალიან საინტერესო ეთნოსი, რომელიც ვიზუალურადაც საოცრად ჰგვანან ქართველებს და ხასიათითაც. მშვენივრად იციან თავიანთი წარმომავლობის ისტორიაც. თუ ბელუჯს დაუმეგობრდი, ის არ გიღალატებს და სიტყვას არ გატეხს. ამ 27 წლის განმავლობაში ირანში არ შემხვედრია ერთი სიტყვის გამტეხი ბელუჯიც კი. ამ ხალხს აღარ გააჩნია საკუთარი ტერიტორია, რომელიც ოდესღაც ირანმა და პაკისტანმა გაინაწილეს,A ახლა კი ამ ტერიტორიის მოთხოვნით ირანს ტერაქტებს უწყობენ. ამითაც ცხადია, რომ საკმაოდ მოურჯულებელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ირანისთვის. საქმე იქამდეა მისული, რომ ირანული პოლიცია ერიდება ბელუჯებთან შეხებას, რადგან თუ მათ შორის ვინმე დააკავეს, ბელუჯებმა შესაძლოა მისი სახლ-კარი დაარბიონ და დაწვან კიდეც. სხვათა შორის, ბელუჯებმა ჯერ კიდევ 2009 წელს მოაწყვეს ერთ-ერთი დიდი აჯანყება ირანის ყველაზე დაუნდობელი და ფანატიზმით­ შეპყრობილი ძალის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წინააღმდეგ, რომელსაც მას შემდეგაც არაერთხელ შეებრძოლნენ. მათ დიდი ამბიციები აქვთ, თავიანთ ბრძოლას ირანის ხალხთა სახელიც კი მიანიჭეს და "ირანის ხალხთა წინააღმდეგობის მოძრაობა" დაარქვეს. იმავდროულად, ბელუჯები სუნიტი მუსლიმანები არიან და არ ეკუთვნიან ირანის მასობრივი რელიგიის, შიიტების რკალს, რომელსაც განუწყვეტლივ აძლიერებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. სამწუხაროდ, საქართველოშიც თვალსაჩინოა ამ ძალის როლი, რაც აჭარაში, მარნეულში, გარდაბანსა და ა.შ. მეჩეთების აგებაში გამოიხატება. ისინი უზრუნველყოფენ ამ ტერიტორიაზე მუსლიმანობის შიიტური მოძღვრების სწავლებას ბავშვებში. საქართველოს ტერიტორიაზე ვერც ერთი მეჩეთი ვერ აშენდებოდა ისე, რომ ქართულ­ უშიშროების სამსახურს არ სცოდნოდა. ფაქტია ისიც, რომ ფული, რომელიც ამ ჩვენთვის უკუღმართ საქმეში იხარჯება, ასევე ვერ შემოვა ქვეყანაში უშიშროების სამსახურის გარეშე და რა გამოდის? ვინ შეუწყო ხელი ამ საქმეს დღემდე?!

- ალბათ, ამ ომის შედეგები, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენც შეგვეხება.

- ჯერ უარყოფითი ვთქვათ:

ირანის ისლამური რესპუბლიკის ძირითადი საყრდენია ირანის­ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. აი, ამიტომაც არ ნიშნავს­ ამ ომში ლიდერების ფიზიკური დასასრული სისტემის კოლაფსს ან პოლიტიკურ კრიზისს. ეს არის დაახლოებით 200-მილიონიანი­ შემადგენლობა შემდეგი მოწოდებით: "თუ შიიზმი არ იქნება, დაე, ქვა ქვაზეც ნუ დარჩება! დავიღუპებით, მაგრამ სხვებსაც გავანადგურებთ!" ამ კორპუსის ბოროტ ზრახვებს გარკვეულწილად თვით აიათოლა ხამენეი აკავებდა. მისი სიკვდილის შემდეგ, სავარაუდოდ, მოსალოდნელია "გუშაგთა" აშვება,­ რაც უგულებელყოფს ირანის ნების­მიერ მმართველობას ირანის მოლების ჩათვლით, აირჩევს წინამძღოლს და წამოიწყებს მასობრივ ნგრევასა და ტერორს, მით უფრო, რომ ეს ხალხი ფლობს ქვეყნის თითქმის ყველა ძირითად ფინანსურ რესურსს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოსალოდნელია მათ ერაყის შიიტებმაც დაუჭირონ მხარი. ამ შემთხვევაში ჩვენც ძალიან მძიმე დღეები გველის თუნდაც იმის გამო, რომ საზღვარს უამრავი ირანელი მოაწყდება. თბილისში გასხვისებულ ბინებში კი ასეულობით ირანელი ზის, რომელთაგან უმრავლესობა ჯაშუშია. თუმცა ამ პერსპექტივას სწორედ იმის გამო არ განვიხილავ, როგორც უკვე ვთქვი, ირანშივეა უზარმაზარი­ ბომბი უკიდურესად ჭრელი ეთნოსის პროტესტის სახით, რომელიც დიდი ხანია იბრძვის საკუთარი ტერიტორიული უფლებებისთვის და სავარაუდოდ, ამას მიაღწევს კიდეც. თუმცა, თუკი ირანში ირანის შაჰი დაბრუნდა, ქვეყანას მიეცემა ისეთი მზარდი კეთილდღეობა, რომ ამ ტერიტორიიდან არავინ არსად წავა, შესაბამისად, ჩვენც არაფერი გვემუქრება.