„ჩემს ცხოვრებაში ენით აუწერელი ამბავი მოხდა“ - რა ვერ გაბედა დღემდე თამუნა ამონაშვილმა - კვირის პალიტრა

„ჩემს ცხოვრებაში ენით აუწერელი ამბავი მოხდა“ - რა ვერ გაბედა დღემდე თამუნა ამონაშვილმა

"ბავშვების გაჩენამ ჩვენს ოჯახში ძალიან განსხვავებული განცდები და ემოციები შემოიტანა", - ამბობს მომღერალი თამუნა ამონაშვილი. რა ახალი აღმოჩენები გააკეთებინა დედობამ საკუთარ თავში, რა ვერ გაბედა დღემდე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- მომღერალი. პირველივე კლასიდან მხოლოდ ამ ინტერესით ვიყავი მოცული. მაშინ სხვა პროფესიაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით არქიტექტურამ დამაინტერესა, განსაკუთრებით დიზაინის მიმართულებამ. რომ არა მუსიკა, შესაძლოა ბედი ამ მიმართულებით მეცადა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- დედას. მშობელი შვილის ენერგეტიკას­ ყველაზე კარგად გრძნობს. მუსიკალურ სფეროს მან მაზიარა. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მხვდებოდნენ და თითოეული ნაბიჯით წინსვლაში მეხმარებოდნენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ალბათ, იმავე გზას გავივლიდი, ძალიან ლამაზად ვიცხოვრე, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ჩემს ცხოვრებაშიც იყო შეცდომები, მაგრამ ამის გარეშე პიროვნების ჩამოყალიბებაც არ ხდება.

- ბედნიერი ვარ...

- რომ მყავს ორი შვილი. ბავშვების გაჩენამ ჩვენს ოჯახში ძალიან განსხვავებული განცდები და ემოციები შემოიტანა. ჩემს ცხოვრებაში ენით აუწერელი ამბავი მოხდა, რომელსაც მგონია, რომ სათანადოდ ჯერ ვერ ვაცნობიერებ. ერთი ვიცი, რომ უფალმა უდიდესი საჩუქარი გამომიგზავნა.

- 3 მარტს, დედის დღეს, ამ სტატუსით პირველად შეხვდით.

- ჯერ რუტინაში ვარ, ნამდვილად არ მეგონა, ამხელა ენერგია თუ მექნებოდა. ალბათ, რომ გაიზრდებიან, "დედას" რომ დამიძახებენ, მერე და მერე უფრო მოვა ეს განცდები, უფრო შევიგრძნობ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- იმედიანად ვარ, ბავშვების აღზრდის საკითხზე ბევრს ვფიქრობ, ურთულესია, მაგრამ ვცდილობ, ძალიან სიღრმეში არ ჩავიდე, მივყვე ცხოვრების დინებას და რეალობიდან გამომდინარე ვიმოქმედო, ვიდრე დაშტამპული გეგმებით ვიცხოვრო. სიყვარული ისწავლება სწორი მიდგომებით. ვეცდები, ჩემს შვილებს ვასწავლო სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ. როდესაც ჩემს ენერგიას (გნებავთ ინტუიციას) მივყვები, ყოველთვის სწორ ნაბიჯებს ვდგამ, ამიტომ ვენდობი. შესაძლოა შეცდომებიც დავუშვა, მაგრამ ვილოცებ, რომ გამოსწორების ძალა მომეცეს.

- ინტუიცია...

- ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. კირჩხიბი ვარ და ამ ნიშნის წინათგრძნობები საყოველთაოდ აღიარებულია. ადამიანმა სულ რომ არაფერი ისაუბროს და ჩემს წინ იდგეს, შემიძლია იმ სიჩუმეშიც კი გავიგო მისი აზრები ჩემდამი და იმ სიტუაციისადმი, რომელშიც ვიმყოფებით.

- ინტუიციას საფრთხისგან უხსნიხართ?

- ძალიან ბევრჯერ. რამდენჯერაც წინათგრძნობას არ დავუჯერე, ის საქმე გაფუჭდა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ადამიანის ღიმილმა. როცა იღიმი, ტვინის ნეირონები გეცვლება. ადამიანის გაღიმებას ჩემში სინათლე შემოაქვს, მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- მზრუნველობაა. მზრუნველი მხოლოდ­ ოჯახის წევრების და მეგობრების მიმართ კი არა, სხვა ადამიანების მიმართაც ვარ და ეს იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, აღმაფრენა შემიძლია ვუწოდო. ხშირად ჩემი საქმე გამიფუჭებია, საკუთარ სურვილზე უარი მითქვამს და სხვაზე მიზრუნია, ამით კი უდიდესი სიამოვნება მიმიღია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ბუტია ვარ (იცინის), ბავშვობიდან მაქვს ეს თვისება. ხანდახან ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე, რა სისულელეა-მეთქი, მაგრამ...

- თქვენი შემორიგება რთულია?

- ადამიანი ბოდიშს თუ მოიხდის, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო, მომენტალურად მავიწყდება. ჩემთვის ძალიან ღირებულია, როცა ადამიანს შეცდომის აღიარება შეუძლია. ბოდიშის მოხდა თავადაც არ მიჭირს.

- ჩემზე ამბობენ...

- ის ადამიანები, რომლებიც მიცნობენ, ჩემს პიროვნულ თვისებებს უსვამენ ხაზს, ვინც ისე მიცნობს, როგორც მომღერალს, ჩემს სიმღერებზე საუბრობენ. ძალიან მიხარია, მსმენელი დღესაც რომ ინტერესდება იმით, რაც წლების განმავლობაში მიკეთებია. ჩემი შემოქმედების დიდი ნაწილი სიყვარულზეა, თბილია, გულს მალამოდ ედება. სიკეთე და სიყვარული უნდა დავტოვოთ ამ ქვეყნად, როცა ადამიანი საკუთარ თავს უფრთხილდება, ის სხვასაც გაუფრთხილდება.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ჩემი სიმღერები, ფართო საზოგადოება ამით მიცნობს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- სადმე ზღვის სანაპიროზე, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.­ ზაფხულის ადამიანი ვარ, ზღვა მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ ვიცი. ზაფხულში სხვა ადამიანი ვარ, ზამთარში - სხვა.

- სიყვარული ეს...

- დედამიწის ღერძია, რომლის გარშემოც სამყარო ტრიალებს. ამ გრძნობის გარეშე არაფერი არ უნდა აკეთო.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- სკოლის პერიოდი იყო, ხომ იცით, ვიღაც რომ მოგწონს, შენ რომ მოსწონხარ, რომ იპრანჭები, ეს პერიოდი ძალიან კარგია.

- მაკვირვებს...

- უკვე აღარაფერი. ყველაფერი იმდენად შეიცვალა, დადებითი ენერგიით დამუხტული და სიყვარულით სავსე ადამიანი სანთლით საძებარი გახდა. სიყვარული ყოველთვის ჩუმად არის, ბოროტება ყოველთვის ხმაურობს და თავმდაბლობა უდიდესი ღირსებაა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ცილისწამება მომენტალურად მანგრევს, დიდ განცდებში ვვარდები. ჩემს სისუსტედ ვთვლი ტკბილეულისადმი დიდ სიყვარულს, ბავშვობიდან მაქვს ეს "სისუსტე".

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ცოტა ზარმაცი ვარ. საქმეს თუ დავიწყებ, შანსი არ არის, ბოლომდე არ მივიყვანო, მაგრამ დაწყება მიჭირს, მანამდე ბევრს ვფიქრობ. მქონდა პერიოდი, იმდენს ვშრომობდი, ენაზე ვალერიანს ვიწვეთებდი, გული რომ არ წამსვლოდა - სულ კონცერტები, ჩაწერები, საზღვარგარეთ გასვლები მღლიდა. საქმეს ხელს თუ ვკიდებ, სანახევროდ არაფერს ვაკეთებ. ყველა ჩემი სიმღერის და კლიპის თითოეულ დეტალზე, ყველა ბგერაზე მქონდა ნაფიქრი, მიფუჩეჩება არ შემიძლია.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- პროფესიაში მქონდა მომენტები, როცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა­ ვერ გავბედე, შემეძლო უფრო დიდ სიმაღლეებზე ავსულიყავი, მაგრამ მეშინოდა­ და უკან ვიხევდი. დღეს რომ ვუფიქრდები, გული მწყდება. წლები ძალიან მალე გადის, უკან რომ მოიხედავ, იტყვი, ეს რატომ არ გავაკეთე? რისკი დიდებული რამ არის, ხშირად გამამხნევებელი ძალაც კი აქვს. როცა გავრისკე, ყოველთვის შედეგი მივიღე. რისკზე წასვლით კარგისა და ცუდის აღქმა ხდება. საერთოდ არაფერს რომ არ აკეთებ, იმასაც ვეღარ ხვდები, რა არის კარგი და რა - ცუდი.

- თავისუფლება არის...

- საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, თუ არ გიყვარს, თავისუფალი ვერ იქნები. ღმერთისგან ბოძებული მადლი სწორად უნდა გამოიყენო. მხოლოდ მარწუხების მოხსნა არ არის თავისუფლება. ნებისმიერი ქმედების დროს, მხოლოდ შენს თავზე კი არა, სხვაზეც უნდა იფიქრო, რომ შენმა ნაბიჯმა არავინ დააზიანოს. რაც გინდა, მხოლოდ იმას რომ აკეთებ, ეს თავისუფლება არ არის, სულელური ქმედებაა.

- ბედისწერა...

- უფლის ნაბაა ამ ქვეყნად შემოსვლა და გასვლა, ჩვენ კი თავისუფალი გზები გაქვს და თავად ვაკეთებთ არჩევანს, რომელი გზით გვინდა რომ ვიაროთ. უნდა ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, კეთილი საქმე ვაკეთოთ. "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე", - ეს უნდა იყოს ყველა ადამიანის ცხოვრების წესი. ვინც ასე ცხოვრობს, მას სამყარო საჩუქრებს უგზავნის. ასევეა ცუდის შემთხვევაშიც - შენგან გაგზავნილი ცუდი ენერგეტიკა სამყაროსგან უკან გიბრუნდება.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ვლოცულობ. უფალთან ურთიერთობის გარეშე ადამიანი არაფერი ხარ. სიყვარული სულ თან უნდა გდევდეს. როცა უფალი შენშია, იმედიანი ხარ, უფლის ძალა უდიდესია, რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელ გზებსაც ადვილად პოულობ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- დედა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მის დარიგებებს მთელი ცხოვრება ვისმენდი. ჩემი დედიკო სულ მეუბნებოდა, ბევრი სიკეთე მეკეთებინა. მაშინ მეცინებოდა, პატარა ვიყავი, მაგრამ წლები რომ გადიოდა, კონკრეტულ მომენტებში მისი ყველა დარიგება მიცოცხლდებოდა. დედაშვილობის და სიტყვის ძალა უდიდესია. დედა მკაცრი იყო. მე და ჩემი დაიკო წვალებით გაგვზარდა. რაც შემეძლო, მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ზოგჯერ მაწუხებს ფიქრი, ხომ არაფერი დავაკელი? მიუხედავად იმისა, რომ თავად თვლიდა, კარგი შვილი ვიყავი. ახალგაზრდა რომ ხარ, შეიძლება რაღაც სულელურ გარემოშიც მოხვდე, მქონდა შემთხვევები, დედის ხათრით არ გამიკეთებია ის, რაც მას არ მოეწონებოდა.

- დაბოლოს გეტყვით...

- გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან უსიყვარულოდ და უერთმანეთოდ ვერაფერს შევქმნით, მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს!

თამუნა კვინიკაძე