"ექიმები ერთხმად ამბობდნენ, რომ სასწაულმა გადამარჩინა“
ეს არის ამბავი არა მხოლოდ ჩემპიონზე, არამედ ადამიანზე, რომელიც მაგალითია შშმ პირებისთვის და ყველასთვის, ვისაც ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეპარვია. პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილი ის ადამიანია, ვინც დაამტკიცა, რომ გამარჯვება მხოლოდ სპორტულ არენაზე მოპოვებული მედალი არ არის, ეს არის არჩევანი, არ დანებდე! პარაფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრები (ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) გუნდურ ასპარეზობაში, პიზის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
- გვანცა, 2026 წლის პირველ ასპარეზობაზე მიღწეულ დიდ წარმატებას გილოცავთ!
- დიდი მადლობა, გუნდურ ასპარეზობაში ბრძოლის ისეთი ჟინი გამოვავლინეთ, როგორიც სამივეს გვახასიათებს. ჯერ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი, პოლონეთის ნაკრები დავამარცხეთ, ეს გარდამტეხი ბრძოლა იყო. შემდეგ მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ ტაილანდის გუნდსაც ვძლიეთ და ამ შედეგით ახლა მსოფლიო რეიტინგში ჩვენი ნაკრები პირველ ადგილზეა. ინდივიდუალურში შედეგების დადება ამ ბოლო დროს დავიწყე, ამჯერად ბრინჯაოს მედალი ავიღე.
- რას ნიშნავს თქვენთვის პარაფარიკაობა?
- პარაფარიკაობას ჩემს "მაშველ რგოლს" ვუწოდებ - 2016 წელს უბედური შემთხვევას ემსხვერპლა მამიდაჩემი და ჩემი ჯანმრთელობა, პარაფარიკაობამ კი ძალიან ბევრი ცუდი რაღაცისგან მიხსნა.
- თქვენთვის ეს ძალიან ემოციური იქნება და წინასწარ ბოდიშს გიხდით, ამ დღის გახსენებას რომ გთხოვთ...
- სკოლა 2012 წელს დავამთავრე, ამავე წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. 4 წლის შემდეგ ბაკალავრის დიპლომი ავიღე და სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელე. მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა. მამიდა რაიონიდან იყო ჩვენთან სტუმრად ჩამოსული, მას ვაცილებდი და ორივე ავტობუსის გაჩერებასთან ვიდექით. სტუდენტობის დროს უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, ტრანსპორტს სულ იმ ადგილზე ველოდებოდი... ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი ინერციით ჩვენკენ წამოვიდა და ადგილიდან მოგვსხლიტა. წარმოიდგინეთ, მამიდას ჩვეულებრივად ვესაუბრებოდი და უეცრად ყველაფერი დაბნელდა. თვალი რომ გავახილე, ვიღაც ბიჭს ჩემი თავი ეჭირა და იყვირა, თვალები გაახილაო. პირველი ის გავიფიქრე, ნეტავ, რა მოხდა? როცა გავიგე, რაც მოხდა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა ავმდგარიყავი, ტანსაცმლიდან მტვერი ჩამომეფერთხა და სახლში წავსულიყავი, თუმცა... სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადამიყვანა, იქ 2 კვირა რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე ვიყავი, შემდეგ 4-თვიანი წოლითი რეჟიმი დამჭირდა. 17 დაზიანება მქონდა, ბევრი სისხლი დაკარგული და ბევრი მოტეხილობა, მათ შორის - თავის ქალისაც. ბზარი ორივე მხარეს იყო და ტვინში მცირე რაოდენობით ჟანგბადიც შეიპარა. ექიმები ერთხმად ამბობდნენ, რომ სასწაულმა გადამარჩინა. მამიდა ადგილზე გარდაიცვალა, მისი დაზიანებები სიცოცხლეთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
მარჯვენა ფეხი დამოკლებული მაქვს, მენჯის ძვალი იყო ჩამსხვრეული, შეხორცების შედეგად მენჯის ძვალი ჩაკეტილია და მარჯვენა ფეხი დამოკლებული, თუმცა ეტლი არ მჭირდება... როცა საბოლოოდ გავაანალიზე, რომ ისე ვეღარასდროს გავივლიდი, როგორც მანამდე, კოშმარი იყო. ვიტირე, განვიცადე - ეს მსუბუქი ნათქვამია. მქონდა ისტერიკა, ძალიან დიდი უსამართლობის განცდა, საშიIნელი სიბრაზე. გამოვიტირე საკუთარი თავი, საკუთარი მდგომარეობა, მომავალიც კი... ეს ერთი ტირილი იყო უდიდესი ემოციისგან დაცლა.
შემდეგ მივხვდი, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და არ შეიძლებოდა, ყველაფერი დამემთავრებინა, სულ მქონდა მოლოდინი, რომ ამ ამბავს გაგრძელება უნდა ჰქონოდა. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია, ძალიან მალე შევდგი ფეხი პარასპორტის განვითარების ცენტრში და ყველაფერი იმ დღიდან დაიწყო...
- თუმცა ესეც შემთხვევით მოხდა, არა?
- დიახ, მითხრეს, რომ პარასპორტის განვითარების ცენტრში რეაბილიტაციის გავლა შემეძლო. ექიმთან კონსულტაციაზე ჩავეწერე, მაგრამ დათქმულ დროზე ადრე მომიწია მისვლამ და იქ ველოდებოდი. დარბაზიდან ჭახაჭუხის ხმები მომესმა და დამაინტერესა, რა ხდებოდა. შევედი. ფარიკაობა სანახაობრივად ძალიან ლამაზი სპორტის სახეობაა. გოგონები ვარჯიშობდნენ. ვუყურებდი და თან ვფიქრობდი, მე ვერასდროს გავიმეორებდი იმ მოძრაობებს, რასაც ირმა და ნინა აკეთებდნენ. მაშინ გარდა იმისა, რომ პარაფარიკაობით მოვიხიბლე, მჭირდებოდა რაღაც ისეთი, რაც ყურადღებას გადამატანინებდა, ჩემს მდგომარეობაზე ზედმეტად რომ არ მეფიქრა და პირველივე შესაძლებლობას ჩავეჭიდე. საერთოდ ეს თვისება მაქვს, პირველ შანსს ხელიდან არასდროს ვუშვებ, რადგან ვიცი, ეს შანსია და არა ვარიანტი, არჩევანის უფლება რომ გქონდეს. ამ შემთხვევაშიც ჩავთვალე, რომ არჩევანის უფლება არ მქონდა და გავხდი პარამოფარიკავე.
- პირველი ასპარეზობა როგორ გახსოვთ?
- იქიდან გამომდინარე, რომ ახალბედა ვიყავი, შეჯიბრის წინ არ მინერვიულია. ახლა პირიქით, ძალიან ვნერვიულობ და ზოგჯერ ის პერიოდი მომენატრება. უკვე გამოცდილება მაქვს და საკუთარი თავისგან მეტს ვითხოვ.
- რომელი ჩემპიონატი და მედალია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- 2019 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი, რომელიც კორეაში ჩატარდა. ჩვენი გუნდი ახალი ჩამოყალიბებული იყო. ნინას და ირმას გუნდი რომ შეეკრათ, კიდევ ერთი კატეგორიის მოფარიკავე (ეს ნიშნავს პარაფარიკაობაში იმ სპორტსმენს, რომელსაც ფიზიკური შეზღუდვა აქვს, მაგრამ ზედა ტანის და ბალანსის კონტროლი კარგად აქვს შენარჩუნებული) სჭირდებოდათ და მეც მივედი. ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედით. საბოლოოდ ვერცხლი ავიღეთ, მაგრამ ეს დიდი მიღწევა იყო, იმდენად დიდი ემოციით სავსე, რომ სიტყვებით აღწერაც კი მიჭირს.
- სპორტში ყველაზე დიდი მოტივაცია რა არის?
- გამარჯვების სიხარული. ვერ ვიტყვი, რომ წაგებით ჟინი მემატება და უფრო მოტივირებული ვხდები, არა, ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია გამარჯვებაა!
- პარასპორტიდან წასვლაზე გიფიქრიათ?
- დიახ, საწყის ეტაპზე მქონდა ასეთი ფიქრები. ინდივიდუალურში საშველი ვერ დავაყენე, შედეგი დამედო. ვფიქრობდი, ალბათ, აქ ჩემი ადგილი არ არის, დროა წავიდე და რაღაც სხვა მოვნახო-მეთქი, მაგრამ გუნდი არ მემეტებოდა, ჩემს გოგონებს ვერ ვთმობდი.

- იმ ადამიანებისთვის რა გაქვთ სათქმელი, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდნენ?
- საერთოდ არაფერი. სიტყვით არავის ვეჭიდავები, ყველაფერს მიღწეული შედეგით, ჩემი მედლებით ვამტკიცებ.
- სამწუხაროდ, შშმ პირები საზოგადოების მხრიდან დღესაც უტაქტობას აწყდებიან...
- დიახ, ქუჩაში გავლისას თვალს მაყოლებდნენ. როცა ვხვდებოდი, ვიღაც მაშტერდებოდა, კოჭლობას უფრო ვიწყებდი, ეს ერთგვარი პროტესტი იყო, თითქოს ვეუბნებოდი, კი, მე ასეთი ვარ, ასე დავდივარ, ახლა შენ დადექი და მიყურე რამდენიც გინდა. რამდენიმე წლის წინ დაცინვის ობიექტიც გავხდი და რაც ყველაზე გულდასაწყვეტი იყო, ისინი 30 წლამდე ბიჭები იყვნენ. ქუჩაში იდგნენ, გავიარე, ერთმა სიცილი დაიწყო, მეორეც აჰყვა... სახტად დავრჩი, მაგრამ შეურაცხყოფად არ მივიღე, მეწყინა, ეგეთი რატომ უნდა იყო ადამიანი?
- რა გინდათ თქვენში დაინახონ შშმ პირებმა? მათ რას ეტყვით?
- საკუთარი თავის მიღება ისწავლონ, შეიძლება მარტივად ვამბობ, მაგრამ ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, რომ ეს შესაძლებელია! ჩემი თავი ისეთი რომ არ მიმეღო, როგორიც ვარ, ან რომ არ მიეღოთ ირმა ხეცურიანს, ნინა თიბილაშვილს, დღეს ჩვენი ნაკრები მსოფლიოში პირველი ვერ იქნებოდა, ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ნომერ პირველი პარამოფარიკავე ვერ გახდებოდა. დამიჯერეთ, არაფერი მთავრდება იმით, რომ ფიზიკური დეფექტი გაქვს - პირიქით, ყველაფერი ამ მომენტიდან იწყება, მიიღე შენი თავი და ათასი კარი გაიხსნება!
- თუ იცნობთ ადამიანებს, რომლებისთვისაც თქვენი წარმატება მოტივაციად იქცა?
- ერთმა ძალიან საყვარელმა გოგონამ მომწერა, შენს ვიდეოებს ვუყურე, ერთ დღეს აუცილებლად მოგწერ, რომ ეს პრობლემა დავძლიე და იცოდე, ეს შენი დამსახურება იქნებაო. ამის წაკითხვისას ცრემლები წამსკდა, სტიმულის მიმცემი ერთი ადამიანისთვის მაინც თუ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ ხარ იმ საქმეში, რასაც აკეთებ. ამ ყველაფერში ძალიან დიდია ოჯახის და ახლობლების როლიც. გამიმართლა, არა მხოლოდ მხარში ამომიდგნენ, არც კი მაგრძნობინეს, რომ რაღაც დამემართა. დიდი გამარჯვებების შემდეგ, დედა არის პირველი ადამიანი, ვისაც ვუკავშირდები და ჩემს სიხარულს ვუზიარებ, მერე - ბებო, ძმა, მეგობრები...
- საკუთარი თავი წლების შემდეგ სად წარმოგიდგენიათ?
- არ ვიცი, 10 წლის შემდეგ სად ვიქნები, მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ვიქნები, ვიქნები წარმატებული.
მაგისტრატურის დამთავრება ვერ შევძელი, ვარჯიშის შემდეგ მივდიოდი უნივერსიტეტში, მაგრამ ჩემი დაზიანება ისეთია, დიდხანს ჯდომა არ შემიძლია. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ხან ვიჯექი, ხან ვდგებოდი, ლექციებზეც ასე და თავი ვეღარ გავართვი, თან გული უფრო სპორტისკენ მიმიწევდა და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.
- მომავალი ასპარეზობა როდის გაქვთ?
- 16 მარტს უნგრეთში მივფრინავთ, ბუდაპეშტში მსოფლიო თასის ჩემპიონატი ტარდება. შეჯიბრი 18 მარტიდან იწყება.
- გგულშემატკივრობთ და წარმატებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე