"ჩვენი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, სხვა გეგმა არც განიხილება...“
შვეიცარიელი მარკო შნაითერი ქუთაისში უცხოელებს ქართულს ასწავლის და ქართულ კულტურას აცნობს. იგი თავისი საინტერესო ცხოვრების შესახებ თავად გვიამბობს...
- დავიბადე შვეიცარიაში, ბერნის რეგიონში, ქალაქ ტურნში, გავიზარდე მეორე პატარა ქალაქ შტეფისბურგში. ძალიან კარგი, მშრომელი შვეიცარიული ოჯახიდან ვარ: მამაჩემი ხელოსანი, ელექტრიკოსი იყო, დედა - დიასახლისი, მყავს ერთი ძმა... არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. კარგი მოწაფე ვიყავი, სულ პირველობა მსურდა. გაკვეთილზე ჩემი ხელი სულ ჰაერში იყო აწეული. 16 წლიდან სპეციალურ სკოლა "აპენდშიპში"“კვირაში ორი დღე ელექტრიკოსობას ვსწავლობდი, სხვა დღეებში კი ვმუშაობდი. ვგრძნობდი, რომ ეს პროფესია ჩემი მომავალი არ იყო, ამიტომაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე. ვინაიდან ისტორია მიყვარდა, ეს საგანი ავირჩიე. ორ ენაზე: ფრანგულად და ინგლისურად ვსწავლობდი, გერმანული ისედაც ჩემი მშობლიური ენაა. შვეიცარიაში ასეთი სისტემაა: ერთ სპეციალობას რომ აირჩევ, მეორეც უნდა აირჩიო და ეკონომიკა დაუფიქრებლად ავირჩიე, თავიდან დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ შემდეგ იმდენად მომეწონა, ეს სპეციალობაც მაღალ დონეზე, ხარისხის დაცვით დავასრულე. პარალელურად ვმუშაობდი, ძალიან ვიღლებოდი, რადგან ჩემი განათლება დამოუკიდებლად დავაფინანსე.
- როდის შეიტყვეთ პირველად საქართველოს შესახებ?
- კარგად არ მახსოვს, მაგრამ როცა "ვარდების რევოლუცია" მოხდა, იმ დროს უკვე ვიცოდი, სად იყო საქართველო, თუმცა არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის კულტურაზე, ისტორიაზე... აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნამყოფი ვიყავი და საქართველოც ისეთივე წარმომედგინა.
- სად და როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე, მარია კუხიანიძე?
- 2015 წელს თურქეთის გავლით ირანში მივდიოდი სამოგზაუროდ. სტამბოლის პატარა აეროპორტის მილანურ რესტორანში პიცას ვჭამდი, როდესაც გრძელთმიანი გოგო დავინახე, მიმტანს განერვიულებული ესაუბრებოდა. ვინაიდან გოგონა იტალიურად საუბრობდა, მე ცოტა მესმის იტალიური და ვკითხე, დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მეთქი. თურმე კომპიუტერი დარჩენია მილანის აეროპორტში და მოძებნას ცდილობდა. ყველანაირად შევეცადე დავხმარებოდი. აეროპორტში ლოდინი მოგვიხდა, მე თეირანის რეისს ველოდებოდი, მარია - ქუთაისისას. მითხრა, საქართველოში თუ ჩამოხვალ, ჩემთან გეპატიჟებიო. ერთი თვის შემდეგ სომხეთის გავლით თბილისში ჩამოვედი, რაც ჩემთვის კულტურული შოკი იყო. ირანსა და თბილისში ხალხი იმდენად განსხვავდებოდა, მახსოვს, თბილისის ავტობუსის სადგურზე რომ ვიყავი, გაოცებული აქეთ-იქით ვიხედებოდი, სად ვარ-მეთქი. მეორე დღეს სამარშრუტო ტაქსით ქუთაისში წავედი. მარიმ ქუთაისი და მისი შემოგარენი მაჩვენა. შემდეგ საფარის მონასტერში ვიყავით, ვარძიაშიც. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთული - ერთადერთი შვეიცარიელი და ექვსი ქართველი ვისხედით მანქანაში. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი დღე იყო... შემდეგ მარია შვეიცარიაში დავპატიჟე. ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ბევრი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში გადმოვსულიყავი საცხოვრებლად. მარია დიდხანს იყო საზღვარგარეთ და სულ ნატრობდა, მშობლებთან ყოფილიყო. რომ ჩამოვედი, დავქორწინდით. ქორწილი ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, რადგან ამდენი ხალხი ქორწილში არ მენახა. მე და მარიამ "დაისი"“ვიცეკვეთ, შემდეგ „აჭარული. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან ადვილი იყო ჩემი ცხოვრება საქართველოში. ენა არ ვიცოდი, ვერაფერს ვიგებდი, ისე ვიყავი, როგორც პატარა, ეჭვიანი ბავშვი. არ ვიცოდი, რა იყო ჩემი როლი ამ ქვეყანაში, თან კულტურაც ძალიან განსხვავებულია შვეიცარიულისგან. შემდეგ რაც უფრო მეტი გავიგე საქართველოს კულტურის შესახებ, მით უფრო დავაფასე. იღბლიანი ვარ, რომ საქართველოში ცეკვისა და სიმღერის კულტურა ასე მნიშვნელოვანია. გამიმართლა, რომ ძალიან კარგი პროფესიონალი და ადამიანი, ლევან გერსამია გავიცანი. ის ლოტბარი და ანსამბლ "ჭონას"“ხელმძღვანელია. ცეკვას ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე და პედაგოგი ანა მებურიშვილი მასწავლის.
ქუთაისში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თუმცა ყველაფერი გადასარევად არ არის, ამ წუთშიც ფანჯრიდან ვხედავ, რომ ბევრი ნაგავია, ყველგან მანქანებია. იმედია, ქუთაისის უფრო განვითარებაში რაღაც როლი მექნება, მიუხედავად ამისა, ჩვენი ოჯახი ქუთაისში იცხოვრებს, სხვა გეგმა არც განიხილება.
- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
- დილით ადრე ვიღვიძებ, შემდეგ ჩემს მეუღლესაც ვაღვიძებ, ყავას ვუმზადებ... შემდეგ ვმეცადინეობ, ჯერ კიდევ არ ვიცი ქართული მაღალ დონეზე. მე და მარია უცხოელებს საბაზისო ქართულს ვასწავლით. სხვა პროექტიც მაქვს, სპორტს მივდევ, ონლაინსამსახური მაქვს.
ლევან გერსამია, ლოტბარი და ანსამბლ "ჭონას"“ ხელმძღვანელი: - მარკო ორ წელზე მეტია ქუთაისში ცხოვრობს და სურს ყველაფერი ქართული შეისწავლოს. ანსამბლში უკვე რთულ სიმღერებსაც მღერის. რეპეტიციაზე რამეს ინგლისურად თუ ვეტყოდი, მეუბნებოდა, მირჩევნია, ქართულად მითხრა, ქართულს უფრო კარგად ვისწავლიო. უკვე კარგად საუბრობს, ადათ-წესებიც აითვისა. ალილოზე, ჭონაზე ყოველ წელს დავდივართ ქუთაისში, ასე ერთვება ყველა ქართულ ტრადიციაში. ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლად მოინათლა. ძალიან თბილი, მეგობრული ადამიანია და დიდი შენაძენია ჩვენი საძმოსთვის.