"იმედი არ მტოვებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდები“ - კვირის პალიტრა

"იმედი არ მტოვებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდები“

ემიგრანტი მხატვრების შექმნილ ტილოებს სულ სხვა ხიბლი აქვს: უცხო ქვეყანაში, სადაც ცასაც სხვანაირი ფერი აქვს, ადამიანი იძულებული ხდება ყველგან და ყველაფერში იმედის ნაპერწკალი დაინახოს. ალბათ, სწორედ ამიტომაა ასე გულწრფელი და ნათელი ფლორენციაში მცხოვრები ნიჭიერი მხატვრის, ირმა ცინცაძის შემოქმედება. მის ტილოებზე ბავშვობის ნათელი ფერებიც მოჩანს, უცხო სახეებიც, წარსულში დარჩენილი მოგონებებიც და აჩრდილად ქცეულ სამშობლოზე ფიქრიც...

- წარმოშობით გურიიდან ვარ, კერ­ძოდ,­ ლანჩხუთიდან. 11-12 წლიდან ვხატავდი, რაც ჩემმა მზრუნველმა მშობლებმა­ თავიდანვე შენიშნეს. ისინი ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რომ ჩემი ნიჭი არ დაკარგულიყო. მათი ნატვრა ავასრულე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, სადაც 1990-1996 წლებში ვსწავლობდი.

იტალიაში წამოსვლამდე ხელოვნების პედაგოგად ვმუშაობდი, მაგრამ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა მძიმე გადაწყვეტილება მიმაღებინა - 2017 წელს იტალიაში­ წამოვედი. ორი შვილი მყავს - ნინო და მიხეილი, მაშინ ორივე აბიტურიენტი იყო. ამჟამად მიხეილი თბილისშია, Iთ სფეროში საქმიანობს, ნინო ამერი­კაში, ნიუ-იორკში სწავლობს და თან მუშაობს.

ამჟამად ფლორენციაში ვცხოვრობ, მაგრამ მარტო აქაც არა ვარ: ფლორენციელი­ ქართველები ერთმანეთს გულს ვუთბობთ.­ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი - ყველაზე ენერგიული, საქმიანი ხალხი ემიგრაციაში ცხოვრობს: პოეტები, მწერლები, ისტორიკოსები, ფილოლოგები...­ გული მტკივა, მაგრამ იმედი არ მტოვებს,­ რომ ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდებით­. ჯერ ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ.

- თქვენი გამოფენა ახლახან გაიმართა,­ რა ემოციები დაგრჩათ იმ დღისგან?

- გამოფენა 7 თებერვალს ფლორენციაში გაიმართა, დანტეს სახლის გვერდით­ არსებულ გალერეაში. ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო. ადრე კოლექტიურ გამოფენებშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ იმ დღეს, სულ სხვა, ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. რვა წელია ემიგრაციაში ვარ, ბოლო შვიდი წელია სულ ვხატავ. ჩემი ნახატების მთავარი თემა ადამიანი და მისი შინაგანი სამყაროა. ყველაზე ხშირად ქალის სახეს ვხატავ, რადგან ქალის სიძლიერეზეა დამოკიდებული როგორც ოჯახის, ასევე მთელი ქვეყნის ბედი და მომავალი. განსაკუთრებით მიყვარს ცხოველების ხატვა. ჩემთვის ეს ნახატები­ განტვირთვაც არის და სულიერი სიმშვი­დის წყაროც. მიხარია, რომ ცნობილმა­ იტალიელმა ხელოვნებათმცოდნე სილვია რანზიმ ჩემს ნახატებს დადებითი შეფასება მისცა და თქვა, რომ მათში ერთდროულად იგრძნობა რეალიზმიც და რომანტიკული განწყობაც. განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა გალერეის ხელმძღვანელებს და ქართველ ჟურნალისტს ნინა მამუკაძე-სორდინის, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა, ის ქართველი­ ემიგრანტების ერთგული მეგობარი და დამ­ცველია, ჩვენს შემოქმედებასაც ყოველთვის აშუქებს.

sayure-1772994741.jpg

- თქვენს ოჯახში სხვებიც ხატავენ?

- ჩემი ძმა ხატავდა - არქიმანდრიტი­ ონოფრე წულაძე. ის ეროვნულ მოძრაობაში­ აქტიურად იყო ჩართული, მერე კი ღვთისმსახურების გზა აირჩია; ჩემი ძმა შარშან­ დაიღუპა და ვერ დავიტირე, ეს ენით აუწერელი ტკივილი იყო! უფრო ადრე, ოთხი წლის წინ, დედაც გარდამეცვალა და ვერც მისი დატირება მოვახერხე. ამ მხრივ არაერთი ემიგრანტის ბედი გავიზიარე!­ გარდა იმისა, რომ მძიმე ავადმყოფებს უვლიან, ჩვენს ემიგრა­ნტებს უამრავი დარდი აქვთ, თუმცა შვილების მონატრება ყველაზე მძიმე ჯვარია! უმრავლესობა უცხოეთში იმ იმედით მოდის, რომ 2-3 წელზე მეტხანს არ დარჩება, მეც ასე ვაპირებდი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, უკვე 8 წელია, აქ ვარ! 95 წლის ქალს ვუვლი, რომელიც ჩემი გულმხურვალე მხარდამჭერია. გული მტკივა, აქაური მოხუცების ცხოვრებას ქართველი პენსიონერების ხვედრს რომ ვადარებ: აქ ყველა მოხუცს ნორმალური პენსია და ღირსეული­ სიბერე აქვს: თუ უძლურია, უფასო ექთანს უნიშნავენ, რომელიც ოჯახში აკითხავს, თვეში ერთხელ ოჯახის ექიმიც მიდის, დაზღვევაც შეღავათიანი აქვთ და იმხელა თანხას არ იხდიან, რამდენსაც საქართველოში.

- ამ მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციაში ბევრ ემიგრანტს შვილებიც თან მიჰყავს, ამას როგორ აფასებთ?

- როცა ქვეყანა ღარიბდება, ადამიანი­ ცდილობს მის შვილს მაინც ჰქონდეს თავისუფალი, ლაღი ცხოვრება და უკეთესი­ მომავალი. ამიტომაც იღებენ ამგვარ გადაწყვეტილებას. საწყენია, რომ ასეთი ბუნებრივი რესურსებით დაჯილდოებულ ქვეყანაში ადამიანებს მიზერული ხელფასები აქვთ და თავის გატანა უჭირთ.

ხათუნა ჩიგოგიძე