ჯავახეთის ყინულის გიგანტები
როდესაც ახალგაზრდა კაცმა ჯავახეთში 2100 მეტრ სიმაღლეზე ყინულის გეიზერები აღმოაჩინა, ისე მოიხიბლა, როგორც ზღაპარში პატარა ბიჭი ყინულის დედოფლით და ეს ემოცია ჩვენც გაგვიზიარა. ნოდარ ქოძიევს შეგიძლიათ სტუმრად ეწვიოთ, მანამდე, ვიდრე იქ გელოდებათ, საქართველოს მესხეთის მთებში, დიდებულ აბულთან, ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე.
- ბატონო ნოდარ, როგორც ამბობენ, ყინულის გეიზერები ჯავახეთში სოფელ ტამბოვკის ზემოთ და აბულის მთის ძირში იმდენად მშვენიერია, რომ ყველაფერი დროებით უნდა დაივიწყო და მის სანახავად წახვიდე.
- აბულის მთის ძირში, ფარავნის ტბასთან, ხშირად დავდივარ. ზამთარში აქ სულ ყინულია და, ალბათ, ზოგიერთი იკითხავს, რა დამრჩენია, რატომ დავდივარ მაინცდამაინც ამ გაყინულ მთებში, სადაც ფარავნის ტბაც ისე გაყინულია, რომ ზედ ავტომანქანით მოსიარულეებსაც ნახავ, რაც ძალიან მაშინებს, რადგან არავინ იცის, ყინული სად გაიბზარება. თეთრი ყინულის ფარდა მთელ ამ ტერიტორიაზეა გადაფარებული, მათ შორის დიდებულ აბულის მთაზე.
ჰოდა, ამ ზამთარში, როდესაც კიდევ ერთხელ ავედი ამ სიმაღლეზე, ვიფიქრე, მოდი, ამ ჯერზე სოფელ ტამბოვკასაც ვნახავ-მეთქი. Gგავიარე იდუმალ სოფელში, გავცდი და მივადექი ყინულის გეიზერებს, რომლებმაც გამაოგნა. იმდენად ლამაზია, იმასაც კი ფიქრობ, რომ საჩუქრად გამოგვიგზავნეს ზეციდან ადამიანებს, განსაკუთრებით იმ იშვიათ ტამბოვკელებს, რომლებიც სოფელში ისევ ცხოვრობენ და ამ გეიზერების ნახვა ყოველდღე შეუძლიათ.
თუმცა ჯერ თავად სოფელზე მინდა მოგიყვეთ. საქმე ის არის, რომ ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე, დაახლოებით ორი საუკუნის წინ რუსეთმა გადმოასახლა ხალხი, რომელიც მას არ ემორჩილებოდა. კერძოდ, დუხობორები, რომლებიც იმპერიის კანონებს უგულებელყოფდნენ, ჯარში არ მიდიოდნენ და ამასთან ერთად რელიგიასაც აუჯანყდნენ. ალბათ, იფიქრეს, ჯავახეთში, 2000 მეტრის სიმაღლზე, სადაც ხე არ დგას, ზამთარში აუღებელი თოვლია, იქნებ ეს ხალხი ამოწყდესო, მაგრამ გადმოსახლებულებმა ამ მიწებზე სამოთხისებური სოფლები გააშენეს, მათ შორის ტამბოვკაც. თუმცა იმპერატორს მაინც არ დაემორჩილნენ, კატეგორიული უარი განაცხადეს ომში წასვლაზე. ამიტომ იმპერატორმა ისინი კვლავ გადაასახლა, ამჯერად კანადაში, მათ სახლებში კი სომეხი მოსახლეობა დაბინავდა.
აი, ასეთი სოფელია ყინულის გეიზერებთან ახლოს და ძალიან უხარიათ, მით უფრო მაშინ, როდესაც გეიზერების სანახავად ბევრი სტუმარი დადის და სოფელიც ხმაურობს.
- რას ამბობენ, როგორ გაჩნდა აქ ყინულის გეიზერებიო?
- ეს თავადაც არ იციან. წყალი შეიძლება აქ ოდესღაც მიწაში ჩაგდებული მილებიდანაც ამოდის ან იქნებ ბუნებრივადაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც შეიძლება ბარში არც მოთოვოს, მთებში ისეთი თოვლი დევს და ყინულის ისეთი ფარდებია, რომ მიწიდან ამოხეთქილი წყლის შადრევნები მომენტალურად იყინება, და ასე რჩება აპრილამდე. როდესაც ბარში ყველაფერი ყვავის, აქ შეიძლება ისევ თოვლი იდოს.
- თუ დიდი თოვლი მოდის, მაშინ გეიზერები, ალბათ, სანახევროდ თოვლშია ჩაფლული.
- დიდ თოვლში ამ ადგილებში თოვლმავლითაც ვერ ახვალ, დნობას უნდა დაელოდო. მეც ასე მომიწია, მაგრამ ღირს ლოდინად, რადგან მოჯადოებული მოდიხარ ყინულის სამეფოდან, რადგან ასეთია სილამაზის ძალა - დაუვიწყარი.
ყველაფერი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, ოდესმე უნდა მივხვდეთ ამას და დავაფასოთ, თანაც, ზამთარ-ზაფხულ, მუდამ სხვადასხვა სახითა და ფერებით შემკული.
ჯავახეთში ზაფხულში წითელი მინერალების მთები კოცონივით ღვივიან, მთელ დედამიწაზე პაპანაქებაა, აქ კი ფარავნის ტბასთან ცივა და ღამით ცაზე ვარსკვლავების კოცონს ასცქერი. ეს ჩვენი საჩუქარია და მე პირადად მადლობას ვუხდი ზეციერს ამ საჩუქრისათვის.