"ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის, რომ ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა" - "ჩვენი ბუთხუზი" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის, რომ ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა" - "ჩვენი ბუთხუზი"

როცა ადამიანი ამ ქვეყნიდან მიდის, მისი ხსოვნა თანდათან ფერმკრთალდება, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც წლების შემდეგაც სიყვარულით იგონებენ, მათი სახელიც ძველებურად ცოცხალია ათასობით ადამიანის გულში. იგივე შეიძლება ითქვას კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიაზე, რომელსაც 11 მარტს, იმიერში, 84 წელი შეუსრულდება. მისი კოლეგები დიდი სიყვარულით იხსენებენ უდროოდ წასულ მეგობარს, რომლის ცხოვრება დასრულდა, მაგრამ მისი სახელი არსებობას ისევ განაგრძობს.

"ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის, რომ ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა"

ნუგზარ კვაშალი: - დედამიწაზე ყოველთვის იარსებებს ხალხი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს ემსახურება. სწორედ ასეთი გახლდათ ჩვენი ბუთხუზ ბასილაია. როცა მეკითხებიან, ნუგზარ,­ ვინ უფრო დიდი იმედია ადამიანისთვის, ძმა თუ მეგობარიო? - მე ვპასუხობ: ძმა, თუ ის კარგი მეგობარია-მეთქი. ზოგჯერ ძმა ვერ გაგიკეთებს ისეთ სიკეთეს, როგორსაც კარგი მეგობარი, და სწორედ ასეთი მეგობარი იყო ბუთხუზი.

11 მარტს ბუთხუზის დაბადების დღე მოდის - ადამიანისა, რომელიც დიდი სიკეთის და სიყვარულის ნიჭით იყო დაჯილდოებული. მას რაღაცნაირი ალღო ჰქონდა - შეეძლო ნიჭიერი ხალხი ეპოვა­ და ირგვლივ შემოეკრიბა. დაწერდა სიმ­ღერას და მომღერალს ეტყოდა, ეს სიმღერა სპეციალურად შენთვის დავწერე,­ ვიცი, რომ კარგად შეასრულებო. მელო­დიას დაუკრავდა და ათიოდ წუთში ის მომღერალი სიმღერას შესანიშნავად შეასრულებდა. მახსოვს მისი დანჯღრეული პიანინო, რომლის კლავიშები არ მუშაობდა, მაგრამ ალექსანდრე ბასილაიას მუსიკა სწორედ ამ პიანინოზე იქმნებოდა, ერთოთახიან ბინაში, რომელიც მაშინ სასახლე გვეგონა. ასეთ პიანინოზე ქმნიდა თავის მუსიკას ეს უსაყვარლესი, უდიდესი პიროვნება, რომელსაც მე ვერავის შევადარებ. ბუთხუზმა თითქოს წინასწარ იცოდა,­ სცენაზე ვის რა როლი უნდა შეესრულებინა, ვის რა უნდა გაეკეთებინა. ეს იყო უნიკალური პიროვნება, რომელსაც ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული. გვერდით ისეთი ნიჭიერი ადამიანი ედგა, როგორიც ჯემალ ბაღაშვილია, მაგრამ ბუთხუზის გარეშე ანსამბლი "ივერია" ისეთი არ იქნებოდა, როგორიც იყო. ბუთხუზს მეგობრებთან ყოფნა და მოლხენა უყვარდა, მაგრამ ღვინო იმდენად არ აინტერესებდა, უფრო ვისკი და კონიაკი. სუფრის გაძღოლაში ვერავინ შეედრებოდა და როცა საჭირო იყო, ღვინოსაც სვამდა ხოლმე.

სამწუხაროდ, საქართველოში ცოცხალ ადამიანებს იშვიათად აფასებენ, ვინმე რომ წავა, მერე გავიძახით, ეს რა დავკარგეთო.­ ბუთხუზი ამ მხრივაც გამონაკლისი იყო, რადგან ხალხის სიყვარული სიცოცხლეშიც­ არ მოჰკლებია, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის, რომ ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა. სიმღერები იციან, მაგრამ ეს მუსიკა ვინ შექმნა, არა. ამიტომ ვიდრე მეგობრები ამქვეყნად ვართ და ბუთხუზის მსგავს დიდ ქართველებს ვიხსენებთ, ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან.

"ასეთ კეთილ, საიმედო ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ"

ვახტანგ ტატიშვილი: - მეგობრები­ და ახლობლები ალექსანდრე ბასილაიას "ბუთხუზს" ვეძახდით - სახელს, რომელიც მას ბავშვობაში შეარქვეს. 18-19 წლისანი ვიყავით, როცა ერთმანეთი გავი­ცანით და ჩვენი მეგობრობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდა. ყველაზე გამორჩეული თვისება, რომლითაც ყველას ხიბლავდა, იუმორის გრძნობა იყო. 65 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბუთხუზი გავიცანი და ასეთ კეთილ, საიმედო ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ. თავის გულს დებდა და ისე ქმნიდა მუსიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე უყვართ. მისი დიდი წვლილი იყო, რომ ჩვენი ანსამბლი ერთ გუნდად ჩამოყალიბდა და ერთი ოჯახივით ყველაფერს ერთად­ ვაკეთებდით. ალბათ, ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზიც ეს იყო. საბედნიეროდ, მისი ნიჭი შვილს - ანრი ბასილაიას გადაეცა, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს და ძალიან კარგ მუსიკას წერს, ამავე დროს არაჩვეულებრივი მხატვარია.

"მისი სიმღერები იცოცხლებს და თაობებს გადაეცემა"

ნუგზარ ერგემლიძე: - ალექსანდრე ბასილაია ჭეშმარიტად სახალხო კომპო­ზიტორი იყო. საქართველოში ბევრს უყვარდა, ჯერ მისი სიმღერების გამო, მერე კი, ვინც გაიცნობდა, მისი პიროვ­ნული თვისებების გამო. ყველა აღიარებდა­, რომ რაინდის თვისებებით იყო დაჯილდოებული. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ "ქართული სცენის რაინდს". მე ასაკით პატარა ვიყავი,­ როცა ბასილაიამ თავისი სიმღერების შექმნა დაიწყო­ და ცხადია, მისი თაყვანისმცემელი­ გავხდი. მახსოვს, ამბობდა, სიმღერის წერას ვერავის ასწავლი, თუ ამის ნიჭი არა აქვსო. სწორედ მისი ნიჭის წყალობით შემოიჭრა ქარიშხალივით და ახლაც პოპულარულია ანსამბლ "ივერიის" სიმღერები ქართულ ესტრადაზე. საოცარი სიმღერები აქვს დაწერილი - მარტო "ზღაპარი სიყვარულისა" ან ,,ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ" რად ღირს... ბუთხუზ ბასილაიამ და მისმა მეგობრებმა შექმნეს ანსამბლი, რომელიც მოვლენა იყო და ქართულ ესტრადაზე.

Mტყიბულში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, არის მისი სახელობის სკვერი, სადაც დგას როიალი, რომელსაც მალე მისი სკულპტურა დაამშვენებს, რომელსაც მხატვარი გიორგი კიკვაძე შექმნის და როცა სკვერში მნახველი შევა, ალექ­სანდრეს სიმღერები აჟღერდება. მიხარია, რომ ამ იდეის ავტორი მე ვარ და ამ გზით მაინც მივაგე პატივი დიდებულ ადამიანს, რომელმაც 67 წლის ასაკში დაგვტოვა. ყველას ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ საიმედოდ ის დაგვრჩა, რომ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერები იცოც­ხლებს და თაობებს გადაეცემა.

"იმდენად კეთილშობილი ადამიანი იყო, ზოგჯერ მგონია, მტერიც კი არ ჰყავდა"

ირმა სოხაძე: - ბუთხუზი ძალიან მიყვარდა, ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემი ახლო მეგობარი იყო, მაგრამ ერთმანეთს ძალიან ვაფასებდით. ერთმანეთის კონცერტებსა და საღამოებზეც დავდიოდით, მაგრამ ჩვენი შემოქმედებითი თანამშრომლობა რატომღაც ვერ შედგა. რამდენჯერმე მითხრა, შენთვის სიმღერა უნდა დავწეროო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. ,,მერე არაფერი არ არის!" - მორის ფოცხიშვილის გენიალური სიტყვები ზუსტად­ ასახავს ამ სიტუაციას. გული მწყდება, რომ ასე მოხდა, თუმცა ბუთხუზის სიმღერებს დიდი სიყვარულით ვასრულებ. მეუღლესთან ერთად რამდენიმე კონცერტში­ ვიმღერე "მერე ყველაფერი ნელდება" და ბედნიერი ვიყავი, როცა მისმა მეუღლემ, ლუიზა კობალაძემ დამირეკა და მითხრა, ზუსტად ისე იმღერეთ, როგორც ბუთხუზს ჰქონდა ჩაფიქრებული, მას ძალიან მოეწონებოდაო. ალექსანდრე ბასილაია იმდენად კეთილშობილი, ნათელი სულის ადამიანი იყო, რომ ზოგჯერ მგონია, მტერიც კი არ ჰყავდა. ამქვეყნად მტერს და მოშურნეს რა გამოლევს, მაგრამ მე მაინც ასე მჯერა. ალექსანდრე ბასილაიამ თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით დაამტკიცა, რომ ამ ცოდვილ დედამიწაზე ბოლოს მაინც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.

ხათუნა ჩიგოგიძე