აბსურდის თეატრი და საეჭვო სქემები: ბიზნესის რეკეტი ავტორების სახელით და „ფარული გადასახადი“?!
ზოგჯერ კანონმდებლობაში არის ჩანაწერი, რომლის აბსურდულობიდან გამომდინარე, არავის მოსდის თავში მისი აღსრულება. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია დედალი ფუტკრებისთვის ფრთების დაჭრა. განმარტებული არ არის, რატომ უნდა მოუვიდეს მეფუტკრეს თავში, დედალ ფუტკრებს ფრთები დააჭრას, ან როგორ უნდა გაკონტროლდეს მილიონობით ფუტკრის ფრთების მდგომარეობა. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ მიუხედავად ამისა, შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა, რომელიც დედალი ფუტკრების დაცვის მოტივით მეფუტკრეებს ახალ ვალდებულებებს დააკისრებს.
აბსურდია, ხომ? თუმცა, თუ მიზანი ფულის კეთებაა, მაშინ ნებისმიერი სულელური ჩანაწერის „გაპრავებას“ შეეცდები. მაგალითად, ზუსტად ასეთი ამბავი ხდება საავტორო უფლებების დაცვის მოტივით.
კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ტექნიკის იმპორტიორები (ტელეფონი, ტელევიზორი, ფლეშკა, CD დისკი, დინამიკი და ა.შ) ვალდებული არიან, გადაიხადონ გარკვეული თანხა ავტორების ჰონორარებისთვის.
მარტივად ავხსნით - მაგალითად, კომპანიას შემოაქვს ტელეფონები. „ვიღაცამ“ წინასწარ უნდა გამოიცნოს, ამ კომპანიისგან მოქალაქე ტელეფონს რომ იყიდის, ის რას უყურებს ან მოუსმენს - კლასიკურ მუსიკას თუ „ფანოღებს“. ჰოდა, კომპანიამ უნდა კეთილინებოს და ამ წინასწარ გამოცნობილ ავტორს ჰონორარი გადაუხადოს. ვის შეუძლია ამის გამოცნობა? ალბათ, ექსტრასენსებს. თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოს კანონმდებლობა ექსტრასენსების მომსახურებას არ ითვალისწინებს.
სამაგიეროდ... ეს ფუნქცია თავის თავზე აიღო IPOA-მ („ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“). 2023 წლის 29 დეკემბერს ამ ორგანიზაციას „საქპატენტმა“ აკრედიტაცია მიანიჭა, ანუ ფაქტობრივად, კერძო სტრუქტურა საავტორო უფლებების დაცვის სფეროში მონოპოლისტი გახდა.
რა თქმა უნდა, საავტორო უფლებების დაცვა აუცილებელია. ამისთვის არსებობს მსოფლიო პრაქტიკა - ჰონორარს იხდის მაუწყებელი (ტელე- ან რადიო), რომლის ეთერში თვალხილულია, რომელი ავტორის რა ნაწარმოები გადის. იგივე ეხება ისეთ პლატფორმებს, როგორებიც არიან Spotify, YouTube Music და ა.შ.
თუმცა IPOA-მ ტექნიკის იმპორტიორებისგან დაიწყო ზემოხსენებული გადასახადის მოთხოვნა.
წარმოიდგინეთ, რა აბსურდული სიტუაცია მივიღეთ - მაგალითად, ტელეფონში თქვენ Spotify ან YouTube Music-ზე უსმენთ მუსიკას, ხომ? ეს უკვე ლეგალური მუსიკაა, რადგან ზემოხსენებულ პლატფორმებს საავტორო ჰონორარი უკვე გადახდილი აქვთ, IPOA კი ითხოვს, რომ ჰონორარი დამატებით ტექნიკის იმპორტიორმაც გადაიხადოს.
ეს იგივეა, რიგითი მოქალაქე რომელიმე ტელეარხზე გასართობი შოუს ყურებისთვის დავავალდებულოთ, რომ გადაიხადოს ლიცენზიის გადასახადი, რომელიც ამ შოუს ყიდვისას ტელევიზიამ უკვე გადაიხადა.
სუპერაბსურდსაც გეტყვით - თუ თქვენ IPOA-ში გაწევრებული ავტორებისგან განსხვავებული გემოვნება გაქვთ, ფულს იხდით იმაში, რომ კონკრეტულ კომპოზიტორს ან მომღერალს არ უსმენთ.
ყველაზე საინტერესო ის არის, თუ როგორ გამოიანგარიშა ახალი გადასახადი IPOA-მ. მათივე ანგარიშის მიხედვით, ტარიფის რაოდენობის განსაზღვრისთვის მათ მიმართეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროს. სამხარაულის ბიუროს შეუძლია დაადგინოს, მაგალითად, ზარალის ოდენობა კონკრეტული მხარის ან სასამართლოს მოთხოვნით, განსაზღვროს დაზიანების ხარისხი და ა.შ. საქართველოს კანონმდებლობით, გადასახადს და მის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი ქვეყნის საგადასახადო კოდექსზე დაყრდნობით.
პარლამენტის ფუნქციებში შეჭრა უკანონოა და სხვათა შორის, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თუ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა და სამხარაულის ბიურომ შეითავსა ყველა ფუნქცია, მაშინ განსაზღვროს ტარიფები სემეკის მაგივრად ან მოსამართლის ნაცვლად გამოიტანოს ხოლმე განაჩენი.
რაც შეეხება დასავლეთის გამოცდილებას - არც ევროპაში და არც ამერიკაში მსგავსი აბსურდული ნორმები არ მოქმედებს. შესაძლოა ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში იყოს მსგავსი ჩანაწერი (დედალი ფუტკრების არ იყოს), თუმცა პრაქტიკაში არ ხორციელდება და არის შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებებიც.
სხვათა შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ზემოხსენებულ ნორმის გაუქმებას ქართველი იმპორტიორებიც მოითხოვდნენ. კერძოდ, 2017 წელს კომპანიებმა „ალტამ“, „ოქეიმ“, „ზუმერმა“, „ჯორჯიან მობაილ იმპორტმა“ და „სმაილმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა წამოიწყეს. მათი არგუმენტები შემდეგ პრინციპებს ემყარებოდა: 1) საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა; 2) არაპროპორციული და ერთგვაროვანი მიდგომა; 3) ტარიფების თვითნებობა და ბუნდოვანება; 4) კომერციული საიდუმლოების ხელშეუხებლობა.
სასამართლო უშედეგოდ დასრულდა.
ყველაფერი ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, IPOA-ს ჰყავს ძლიერი სახელისუფლებო ლობი, რომელმაც მას კარტ-ბლანში მისცა აბსურდული და ფაქტობრივად, ახალი „ჩრდილოვანი“ გადასახადის მოთხოვნისა. საქმე ეხება დიდ ფულს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს საქმე კონკრეტულმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.
„თავიდან ეს ფინანსურ აფერისტობადაც კი მივიჩნიეთ“
კომპანია „პროფიტ კომერსის“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძე ამბობს, რომ ბიზნესისთვის ეს მოთხოვნა „აბსურდული“ და „კაბალურია“. მისი თქმით, ამ ჰონორარის გადახდევინების გადაწყვეტილება მიღებულია ცალმხრივად, ბიზნესთან კონსენსუსის გარეშე და აღსრულების მექანიზმები იმდენად მკაცრია, რომ კომპანიებს პარალიზებით ემუქრება.
- როდესაც ეს მოთხოვნა პირველად მოგვივიდა, სიმართლე გითხრათ, ვერ აღვიქვით სერიოზულად. იმდენად აბსურდული განმარტება ჰქონდა მათ პოზიციას, რომ თავიდან ფინანსურ აფერისტობადაც კი მივიჩნიეთ. მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ „ვარაუდს“, რადგან ჩვენ შემოგვაქვს ტექნიკა, ვიღაცამ შეიძლება ის გამოიყენოს ქართველი კომპოზიტორის ან მუსიკოსის შემოქმედების უკანონოდ ჩამოსატვირთად და შესანახად. ამ ლოგიკით, ჩვენ წინასწარ უნდა გადავიხადოთ ჰონორარი იმისთვის, რაც მომხმარებელმა „შეიძლება“ მომავალში გააკეთოს.
დაგვიწესეს 2%-იანი გადასახადი იმპორტზე, რაც ტექნიკის ბიზნესში, სადაც მარჟები ისედაც მცირეა, ძალიან მაღალი ციფრია. ეს თანხა ან მომხმარებლისთვის ფასის გაძვირებას ნიშნავს, ან ჩვენი საოპერაციო ხარჯებიდან ამოღებას, რაც მიზანშეწონილი არ არის.
ჩვენ მოვიძიეთ ევროპული მაგალითები და ვერსად ვერ აღმოვაჩინეთ მსგავსი რამ, რომ იმპორტირებული ღირებულების პროცენტს იხდიდნენ. იქ არსებობს სიმბოლური, ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ბიზნესისთვის მისაღები და გასაგებია, აქ კი პირდაპირ ბრუნვიდან გვართმევენ თანხას.
ჩვენ არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ვიყავით ჩართული, არამედ დღესაც ვერ ვპოულობთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას ან ბაზას, თუ რატომ არის ეს პროცენტი ადეკვატური. არ არსებობს არანაირი კვლევა ან დასაბუთება, რას ეყრდნობა ეს მოთხოვნა - ეს უბრალოდ ვიღაცის ჯგუფური სურვილია, რომელსაც სახელმწიფომ კანონის ძალა მიანიჭა...
IPOA-ს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ისეთი პრივილეგიები, რაც ლავირების საშუალებას არ გიტოვებს. უფლება აქვთ სადავო თანხის ათმაგი ან მეტი ჯარიმა დაგაკისრონ. ჩვენს შემთხვევაში გამოიყენეს ოცმაგი ოდენობის ჯარიმა... სარჩელი 31 დეკემბერს შეიტანეს, როცა სახელმწიფო უწყებები 14 დღით ისვენებდნენ. ამ დროს ბიზნესი ფაქტობრივად უმწეოა, რადგან დროულად ვერ ახდენენ რეაგირებას. სასამართლომ ერთ დღეში დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რამაც ჩვენი საქმიანობის სრული პარალიზება გამოიწვია.
ეს არ არის ორმხრივი, ჯანსაღი დავა. ეს არის იძულებითი რეჟიმი, სადაც კომპანია ცაიტნოტში ჰყავთ ჩაყენებული, უყადაღებენ ანგარიშებს და აიძულებენ დაეთანხმოს მათ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ბიზნესი გაჩერდება, ხალხი უმუშევარი დარჩება და ბიუჯეტიც იზარალებს. სწორედ ამიტომ ვუწოდებ ამას ბიზნესხარკს.
საოცარია ისიც, რომ სასამართლომ ოცმაგი ოდენობის ჯარიმა, რაც ბიზნესისთვის დამღუპველია, ფაქტობრივად ერთ დღეში დააკმაყოფილა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სისტემა მთლიანად მომართულია ამ ორგანიზაციის სასარგებლოდ და ბიზნესს თავდაცვის ელემენტარულ შანსსაც არ უტოვებს.
პროცენტ-ნახევარსაც და 2 პროცენტსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს საქმიანობაზე. ერთადერთი გზა რჩება - ეს პროდუქტი უნდა გაუძვირო მომხმარებელს ამათი მარჟით და ზედმეტი გადაახდევინო. ანუ ან ჩვენ ეს უნდა შეგვეყვანა მომხმარებლის ფასში, ან ჩვენი, ვთქვათ, საოპერაციო ხარჯებიდან გაგვეთვალისწინებინა, რაც მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ.
ამასთან, როდესაც ასეთ ცაიტნოტში გვაყენებენ, ვფიქრობ, სახელმწიფოც მნიშვნელოვნად ზარალდება, რადგან კომპანია გაჩერებულია. გაჩერებული რომ არის, არ შეაქვს ბიუჯეტში გადასახადი და ბიუჯეტიც ზარალდება, ანუ ზარალდება სახელმწიფო ინტერესი და ამ მხრივაც ეს ყველაფერი ჯამში სახელმწიფო ინტერესებისთვისაც დიდი ზიანის მომტანია.
მეორე მხრივ, ეს ხომ საფრთხეა სამუშაო ადგილებისთვისაც - კომპანიები, რომლებიც, ვთქვათ, ბიუჯეტში მილიონობით ლარს იხდიან, აი, ამ აბსურდული რაღაცის გამო უნდა გაჩერდნენ და ადამიანები დარჩნენ სამსახურების გარეშე.
ეს მხოლოდ ჩვენი პრეტენზია არ არის. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბევრ სხვა კომპანიასთან, ვინც ამ გადასახადს უკვე იხდის. არც ერთ მათგანს ეს პირობები სწორად არ მიაჩნია, უბრალოდ, სხვა გზა არა აქვთ - იძულებული არიან დათანხმდნენ, რადგან წინააღმდეგობის შემთხვევაში მათაც პარალიზება ელით.
აქ მხოლოდ ბიზნესის ზიანი არ არის მთავარი. როდესაც ასეთი აბსურდული მოთხოვნის გამო მსხვილ იმპორტიორებს, რომლებსაც ბიუჯეტში მილიონები შეაქვთ, საქმიანობას უჩერებ, სახელმწიფოც მნიშვნელოვნად ზარალდება - ბიუჯეტი ვერ იღებს იმ გადასახადებს, რასაც ჩვენ პატიოსნად ვიხდიდით, და ეს ყველაფერი ხდება ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამო.
რას პასუხობს „იპოა“?!
IPOA-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა მდივანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმპორტიორების საკითხი უკვე მოგვარებულია და შარშან, ფაქტობრივად, ყველა მათგანთან მოხდა შეთანხმება.
- 2024 წელი მოლაპარაკებებს დაეთმო. აგვისტოში იძულებული გავხდით, მიგვემართა კომისიისთვის, რომელმაც ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება ოქტომბერში მიიღო. სწორედ ოქტომბრიდან დაიწყო აქტიური კომუნიკაცია და ჰონორარების შეგროვება, რაც 2025 წელსაც გაგრძელდა. ყველა იმპორტიორს სრული ინფორმაცია წერილობითი და ელექტრონული ფორმით მივაწოდეთ. ინვოისების დაგზავნისას დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი განმარტებები გაიცა და არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ინფორმაცია დაჰკლებოდა. ამ ეტაპზე ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, გადახდის პროცესი აეწყო და 2025 წლის შედეგები, რომლებსაც აგვისტოში იხილავთ, შთამბეჭდავი იქნება. რა თქმა უნდა, გვხვდება გამონაკლისებიც, ვინც არ იხდის, რაზეც სამართლებრივად ვრეაგირებთ. სასამართლო დავებისა და შემდგომი მორიგებების გზით ამოღების მაჩვენებელი 100%-საც კი აჭარბებს.
რაც შეეხება ტარიფს, როგორც იცით, 0.5-2%-ის ფარგლებშია და დამოკიდებულია კატეგორიაზე. ეს არის საბაჟო ღირებულების პროცენტი. მაგალითად, თუ ტელეფონის იმპორტს 100 ლარად ახორციელებთ, მისი კომპენსაცია ანუ ინტელექტუალური საკუთრების ჰონორარი, 1.5%-ს შეადგენს. ტელეფონების ყველა იმპორტიორი იხდის 1.5%-ს და ასეა ყველა კატეგორიაში, რომელზეც დაწესებულია ეს ჰონორარი.
ნაწარმოებების იდენტიფიცირება მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. ზოგჯერ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ არის კონკრეტული მუსიკის ავტორი. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ვალდებული ვართ ნაწარმოები „არაიდენტიფიცირებულად“ გამოვაცხადოთ. შესაბამისი ნუსხა ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამი წლის განმავლობაში გადაამოწმოს ეს სია და საკუთარი ნაწარმოების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართოს, რის შემდეგაც მოხდება მისი იდენტიფიცირება და ჰონორარის გაცემა. თუ სამი წლის ვადაში ავტორი მაინც არ გამოვლინდა, თანხა იმავე პროპორციით განაწილდება, როგორც უკვე იდენტიფიცირებული ნაწარმოებების შემთხვევაში“.
გიორგი კვიტაშვილი