ვინ და რატომ გაუვრცელა პუტინს სკანდალური ვიდეო -" ყველას მობეზრდა ავადმყოფი და დაჩაჩანაკებული კრემლის ბინადარი" - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ გაუვრცელა პუტინს სკანდალური ვიდეო -" ყველას მობეზრდა ავადმყოფი და დაჩაჩანაკებული კრემლის ბინადარი"

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით -„ინჰალატორი ვლადიმერისათვის: ქსელში გაჟონილი ვიდეოს მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს ლაპარაკის დროს ჯერ ხმა ჩაუწყდა, შემდეგ - ხველა აუვარდა“ (ავტორი ანტონინა ლენგფორდი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე სამედიცინო ინციდენტი, რომელიც მისი სარვამარტო მიმართვის ჩაწერის დროს მოხდა და განხილულია დღეგრძელობის პრობლემა, რომელსაც პუტინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი ანაზდეულად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა: როგორც კრემლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, სარვამარტო გამოსვლის ჩაწერისას რუსეთის პრეზიდენტს ჯერ ხმა ჩაუწყდა, ვერ ლაპარაკობდა და შემდეგ ხველება აუტყდა.

ვიდეოზე, რომელიც 4 წუთს გრძელდებოდა, კარგად ჩანდა, რომ ვლადიმერ პუტინმა უეცრად შეწყვიტა ლაპარაკი, ხელი ყელზე მოისვა და შემდეგ მოგუდული ხველა დაიწყო, 30 წამის განმავლობაში.

73 წლის პრეზიდენტმა, რომელიც ქალებს საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ულოცავდა, ხველების შემდეგ აცხადებს: „ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო. ყელი მაქვს გამშრალი. თითქმის ხველა ამივარდა. ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ბევრი ვილაპარაკე“.

ორიგინალური ვიდეო კრემლის „ტელეგრამ-არხზე“ გამოქვეყნდა, ცოტა ხანს იყო და შემდეგ ყოველგვარი განმარტების გარეშე წაშალეს.

20 წუთის შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვლადიმერ პუტინის მიმართვის რედაქტირებული ვერსია, რომლის ხანგრძლივობა, თავდაპირველთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია. ახალ ვერსიაში პრეზიდენტის უხერხული მდგომარეობა ამოღებულია, იგი აქებს რუსი ქალების სილამაზეს, ხიბლს, შრომისმოყვარეობას, გაბედულებას და ამტანობას.

ვიდეორგოლების მიხედვით, აშკარად ჩანს, თუ როგორ ექცევა ყურადღება პრეზიდენტის იმიჯის შენარჩუნებას, საჯარო გამოსვლების დროს: ჯერ ვიდეო იწერება, შემდეგ ხდება რედაქტირება და ბოლოს - ქვეყნდება.

ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა ლევ ვერშინინმა ივარაუდა, რომ ვიდეოჩანაწერი შეიძლება ვიღაცამ განგებ გამოაქვეყნა, ვლადიმერ პუტინის იმიჯის დარღვევისა და მისი ავტორიტეტისთვის ძირის გამოსათხრელად: „ნებისმიერი, ვისაც კი ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა კულისებსმიღმა პროცესებზე, დამიდასტურებს, რომ ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. კრემლის პრესსამსახურში არ შეიძლებოდა, რომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი მასალა წინასწარ არ შეემოწმებინათ. ამ მხრივ ძალიან მკაცრი წესები არსებობს. სისტემური თვალსაზრისით, ასეთი შეცდომის დაშვება ბუნტის მსგავს ფაქტს წარმოადგენს“.

დენის კაზანსკი, უკრაინელი ჟურნალისტი, ვარაუდობს, რომ „ვიღაცებმა პრეზიდენტის პრესსამსახურში ვიდეორგოლი საჯაროდ სპეციალურად გაუშვეს. ალბათ, იმიტომ, რომ ყველას მობეზრდა ავადმყოფი და დაჩაჩანაკებული მოხუცი. პუტინი ცდილობს, თავი ახალგაზრდად წარმოაჩინოს, ძლიერ ლიდერად... და ამ დროს ვიღაც ისეთ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომლის თანახმად, პრეზიდენტის იმიჯი ირღვევა“.

ვლადიმერ პუტინის ვიდეოკლიპის ნახვამ ლეონიდ ბრეჟნევთან შედარება გამოიწვია, რომელიც საბჭოთა კავშირის ლიდერი იყო 1964-1982 წლებში და რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაუგებრად ლაპარაკობდა და საჯარო გამოსვლების დროს აზრი უწყდებოდა.

ბრიტანელმა ისტორიკოსმა მარკ ალმონდმა ვლადიმერ პუტინის ვიდეოჩანაწერის პასუხად, სოციალურ ქსელში ასე დაწერა: „1982 წელს საბჭოთა ტელევიზიამ „შემთხვევით“ აჩვენა, თუ როგორ კითხულობს ბაქოში ყოფნის დროს ლეონიდ ილიჩი რამდენჯერმე ერთი და იგივე ტექსტს მანამ, ვიდრე ვიღაცის ხელმა ნაბეჭდი ფურცლის გვერდი არ შეცვალა. ეს იყო პარტიის გენერალური მდივნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დავრდომილების აშკარა ნიშანი. ლეონიდ ბრეჟნევი იმ დღიდან ორი თვის შემდეგ მიიცვალა. როგორც ჩანს, ვიღაცამ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას და მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნა“.

ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში არის ჭორებისა და მოარული ხმების საფუძველი. რამდენჯერმე დაუმტკიცებლად გაჟღერდა, რომ მას პარკინსონის დაავადება აქვს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი იტანჯება, რომ მუცლის ღრუს, სისხლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, რომ თითქოს რამდენჯერმე გულიც გაუჩერდა და ამ ყველაფერს ნევროლოგიური დარღვევებიც ემატება.

მაგრამ როგორც დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვლადიმერ პუტინი სერიოზულ ავადმყოფად არ გამოიყურება. როგორც თვითონ პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის „საიდუმლო“ ფიზიკური ვარჯიშებით გამოიხატება. ვლადიმერ პუტინმა ერთხელ წაიტრაბახა კიდეც: "ერთ დროს მეგობრებმა კიბორგი შემარქვეს მტკიცე ჯანმრთელობისა და ამტანობის გამოო“.

კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ღამით მხოლოდ რამდენიმე საათით იძინებს და საერთოდ არ სარგებლობს შვებულებებით. შარშან, სექტემბერში, პესკოვმა სახელმწიფო მასმედიის წინაშე ასე აღნიშნა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარია, თუ საიდან აქვს მას ამდენი ძალ-ღონე“.

ითვლება, რომ რუსეთის პრეზიდენტს თავისი სიცოცხლის დღეგრძელობის პრობლემა ძალიან აფიქრებს. არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, იგი თავის ჩინელ კოლეგას - სი ძინპინს ეუბნება, რომ „ადამიანის შინაგანი ორგანოების გადანერგვა უწყვეტად და მუდმივად შეიძლება, რის შედეგადაც ისინი ახალგაზრდები ხდებიან და -თითქმის უკვდავებიც კი“.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანული ომის "კავკასიური პროგნოზი": საქართველოს "შესაძლებლობების ფანჯარა", "ირანის აზერბაიჯანი" და სომხეთის სასურსათო კრიზისი

შურისძიება საიქიოდან: რა საიდუმლო გეგმა დატოვა აიათოლა ხამენეიმ?! - "მსოფლიო დიდ ცეცხლში გაეხვევა"

"კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა პუტინის წინაშე „თავი დახარეს“: უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ჯარები რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ შევლენ" - The Daily Telegraph

სკანდალური სტატია: „ღალატი უკრაინის მიმართ - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღალატი, რაც კი ამერიკას ჩაუდენია“ - The Guardian

2024 წელს ვლადიმერ პუტინმა ახალი ეროვნული პროექტი გამოაცხადა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით: „ჯანმრთელობის შენარჩუნების ახალი ტექნოლოგიები“ და რომელიც ითვალისწინებდა დიდი ინვესტიციების ჩადებას იმ კვლევა-საქმიანობაში, რომლებიც მიმართულია ადამიანის ორგანიზმის უჯრედთა დაბერების თავიდან ასაცილებლად და დღეგრძელობის უზრუნველსაყოფად, ნეიროტექნოლოგიებისა და სხვა ინოვაციების განვითარებისათვის.

როგორც რუსული ოპოზიციური გამოცემა „მედუზა“ იტყობინება, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მაღალჩინოსანმა წყარომ პროექტს აგდებულად „დაბერებული პოლიტბიუროს კაპრიზები“ უწოდა.

არის ინფორმაცია, რომ მიხეილ კოვალჩუკმა, პუტინის ახლო მეგობარმა, მილიონობით დოლარი მიიღო სახელმწიფოსაგან, „უკვდავების უზრუნველყოფის“ მიზნით დაგეგმილი კვლევებისათვის, შინაგანი ორგანოების გადანერგვის გზით.

მარია ვორონცოვამ, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, 2025 წელს გრანტი მიიღო იმ პროექტის სარეალიზაციოდ, რომელიც უჯრედების განახლებასა და ჯანმრთელ დღეგრძელობას ითვალისწინებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო