"დაკავებისას 4 საათი მქონდა ხელბორკილები ზურგს უკან, საპატიმროშიც ნახეს ხელები რა დღეში მქონდა, სისხლი მომდიოდა, ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა" - ალეკო ელისაშვილი
ახლა გარდაბნის რაიონი, მე-6 დაწესებულება, მანამდე ვეძისის ქუჩა, - ასე უპასუხა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს კითხვაზე, ეთქვა მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
ამასთან მოსამართლემ მას უფლებების განმარტებისას ჰკითხა, დაკავებისას ხომ არ ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ადგილი.
„ჰქონდა კი, 4 საათი მქონდა ხელბორკილები ზურგს უკან, საპატიმროშიც ნახეს ხელები რა დღეში მქონდა. ქალბატონი პროკურორი დარწმუნებული ვარ, კუდით ქვას ასროლინებს იმ პოლიციელს. სისხლი მომდიოდა ბორკილებიდან. ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა",- განაცხადა ელისაშვილმა.
მას მოსამართლე ჩაეკითხა, სხვა ფაქტიც ამ საქმეს უკავშირდებოდა თუ არა, რაზეც ელისაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა. „ჯგუფურად მცემეს, მაგრამ რომელი სტრუქტურაც იძიებს, ის საერთოდ დახურეს",- განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება დაკავებისას მომხდარ ფაქტს, პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, „აღნიშნულს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ".
"ინტერპრესნიუსი"