”ქუთაისის პარლამენტის შენობა ლას-ვეგასური არქიტექტურის ”მშვენიერი” ნიმუშია” - კვირის პალიტრა

”ქუთაისის პარლამენტის შენობა ლას-ვეგასური არქიტექტურის ”მშვენიერი” ნიმუშია”

საქართველოს პარლამენტის სხდომები უკვე იმართება შენობაში, რომელიც ქუთაისში აშენდა და რომლის აშენებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საზოგადოებაში დღემდე მიმდინარეობს კამათი - სად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი - ქუთაისში, თუ თბილისში. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები:

რეზო ესაძე - რეჟისორი:

- ასეთი ცვლილების განხორციელება შეიძლებოდა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მართლა კარგი იქნებოდა, რომ პარლამენტი ქუთაისში ყოფილიყო, რომ თბილისი არ ყოფილიყო თავკომბალა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, ყველაფერი მოგვარებული რომ იყოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ სულ სხვა პრობლემები გვაქვს, ამიტომ ჯერჯერობით ლოგიკურია, რომ პარლამენტი იყოს თბილისში. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისში ნაადრევი გადაწყვეტილება იყო. როდესაც ქვეყანა მოწესრიგდება და აეწყობა, მერე შეიძლება ამაზე ფიქრი, თუმცა დღეს, როცა საქართველოს უამრავი ეკონომიკური თუ ფინანსური პრობლემა აქვს, ასეთი რადიკალური ცვლილებები ნაადრევად მიმაჩნია. პარლამენტის ქუთაისში გადატანა საქართველოს კეთილმოწყობის დამაგვირგვინებელი ეტაპი უნდა ყოფილიყო.

დავით ტურაშვილი - მწერალი:

- ჩემი აზრით, უნდა დაიწყოს მთელი ქართული ენერგიის გადანაწილება მთელ საქართველოში. არა მარტო საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც უნდა გადაინაცვლოს ქუთაისში, ან სხვა ქალაქებში. ასე იყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. ჩემი აზრით, თბილისის განტვირთვა აუცილებელია. ვიცი, რასაც ახლა ვამბობ, პოპულარული არ არის, მაგრამ არ შემიძლია კონიუნქტურას გავუწიო ანგარიში და იმის მომხრე ვიყო, რაც არ მომწონს. პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გადანაწილება გამოიწვევს ფინანსური რესურსის გადანაწილებასაც მთელ ქვეყანაში და საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეობის განცდა ექნება ყველას - თბილისელსაც და არათბილისელსაც. სხვათა შორის, სწორედ საბჭოთა პერიოდში წამოიშვა ის პროვინციული დამოკიდებულება თბილისის მიმართ, რომელმაც ეს საოცარი ქალაქი დაგვაკარგვინა. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ ამგვარი ცნობიერებისაგან გათავისუფლებაა.

დიმა ჯაიანი - რეჟისორი:

- სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოხდა ხელოვნურად, ერთი კაცის სურვილის საფუძველზე. ვინ არის ეს ერთი კაცი, თქვენ ჩემზე კარგად იცით. მე მჯერა, რომ სადაც მთავრობაა, პარლამენტიც იქვე, მის ახლოს უნდა იყოს. ცალკე საუბრის თემაა, რამდენი დაჯდა პარლამენტის შენობის აგება ქუთაისში, ან რა უჯდება სახელმწიფოს ჩვენი პარლამენტარების იქ ცხოვრება. შეიძლება ვიღაცამ მითხრას, მეოცე საუკუნეში ხარ ჩარჩენილიო, ვიღაცამ მითხრას, მეოცე საუკუნეში ხარ ჩარჩენილიო, არა ბატონო, პარლამენტი, რომელიც არჩეულია ჩვენს მიერ, უნდა იყოს თბილისში, მთავრობაც უნდა იყოს თბილისში და მათი თანამშრომლობა ყოველგვარი ხარჯების გარეშე უნდა მოხერხდეს. სხვათა შორის, კარგად თქვა ერთ-ერთმა პარლამენტარმა - ეს თანხა იმერეთს რომ მოხმარებოდა, ეს მხარე წელში გაიმართებოდა და მოძლიერდებოდაო. მე ამ ნაბიჯს შევადარებდი მითიური ლაზიკის აშენებას, რომელზეც ხელისუფლება ამდენ ხანს ლაპარაკობდა.

გია ბუღაძე - მხატვარი:

- ჩემი აზრით, თბილისში პარლამენტის ყოფნა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. იმის მიუხედავად, რომ ქუთაისი უძველესი, უნიკალური ქალაქია, პარლამენტის იქ გადატანა მაინც გაუმართლებელი მგონია. ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ თბილისში არსებულ პარლამენტის შენობას ღირებულება არა აქვს, ეს არის ისტორიული შენობა, რომელსაც ახსოვს უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტი და  მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. ბოლოს და ბოლოს, ამ შენობაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, იმედი მაქვს, რომ არ ეწყინებათ ჩვენს ქუთაისელ თანამემამულეებს და მეგობრებს თუ ვიტყვი, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს თბილისში თუნდაც იმიტომ, რომ ამ შენობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. მართალია, იგი კომუნისტების დროს აშენდა, მაგრამ ააშენეს ძალიან დიდმა არქიტექტორებმა, თანაც მან იმდენი ნგრევა და უბედურება გადაიტანა, რომ უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ახლა რაც შეეხება სრულიად უსახურ, დიზაინერული ტიპის შენობას, რომელიც ქუთაისში ააგეს, ის უფრო ლას-ვეგასური არქიტექტურის ნიმუშია და შეიძლება საინტერესო იყოს მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკის თვალსაზრისით. ქუთაისის პარლამენტის შენობა შეიძლება გამოვიყენოთ სულ სხვა მიზნებისთვის: იქ შეიძლება გავხსნათ თანამედროვე კულტურის მუზეუმი, ან ცენტრი, მაგრამ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს. არ არის საქართველო ისეთი ქვეყანა, სადაც პარლამენტი ცალკე იქნება, მთავრობა ცალკე და პრეზიდენტი - ცალკე. დედაქალაქის ფუნქციების დაკნინება არ შეიძლება. დავით აღმაშენებელი მთელი ცხოვრება იღვწოდა იმისათვის, რომ  ტახტი თბილისში დაედგა და როგორც კი მოახერხა, ამ დიდმა მეფემ ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. თბილისი საქართველოს ერთიანობის თავისებური სიმბოლოა და საქართველოს პარლამენტი აქ უნდა იყოს!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)