მსოფლიოს თასზე ერთი გამარჯვება საკმარისი აღარ არის - კვირის პალიტრა

მსოფლიოს თასზე ერთი გამარჯვება საკმარისი აღარ არის

აგვისტოში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თამაშებით ვიყავით გართულნი, სექტემბერსა და ოქტომბერში ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. ამის ფონზე მორაგბეები თითქოს ჩრდილში მოექცნენ, თუმცა ყველას თავისი დრო აქვს - ნოემბერში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში ორ სერიოზულ მატჩს ჩაატარებს, ისეთ გუნდებს დაუპირისპირდება, აქამდე ჩვენთან პაექრობას რომ არ "კადრულობდნენ" და მხოლოდ მსოფლიოს თასზე თუ გადავეყრებოდით. ესენია ფიჯი და იაპონია.

- რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) დიდი ხანია ვთხოვთ ტესტ-მატჩებში ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებას. პროფესიული ზრდისა და პროგრესისთვის აუცილებელია გაცილებით უკეთეს მეტოქეებთან პაექრობა. ჩვენ კი ძირითადად რუსეთს, რუმინეთს და პორტუგალიას ვეთამაშებით. IRB-ის დახმარებით წლეულს ტესტებისთვის ფიჯისა და იაპონიას შევხვდებით. ფიჯიელთა როლზე სარაგბო სამყაროში ლაპარაკიც ზედმეტია, ბოლო დროს მცირე ჩავარდნა ჰქონდათ. იაპონიაც სოლიდური გუნდია, რომელსაც ცნობილი ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯონსი წვრთნის. ისიც გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში არგენტინას ვეწვევით, - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და იქვე დაამატა, რომ მსოფლიოს თასის მომავალ გათამაშებაში პროგრესის გზაზე მდგარ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მატჩის მოგება არ დააკმაყოფილებს. ასეთი ოპტიმიზმი 2011 წელს ზელანდიაში გამართულ მუნდიალზე ჩვენი გუნდის გამოსვლიდანაც გამომდინარეობს. დავამარცხეთ რუმინეთი, ხოლო მსოფლიოს სარაგბო ფლაგმან ინგლისს თანაბრად ვებრძოლეთ. ბრიტანელებმა მხოლოდ ბოლოს გაგვტეხეს.

- ინგლისთან მატჩი მხოლოდ 15-15 მორაგბის დაპირისპირებად არ უნდა განვიხილოთ. ერთ მხარეზე იდგა ქვეყანა, რომელსაც მხოლოდ ორი სტადიონი აქვს (2-ათასიანი), ხოლო მეორე მხარეს - ქვეყანა, რომელშიც ათასობით სარაგბო ბაზაა. საქართველოსა და ინგლისში პროფესიონალ სპორტსმენთა რაოდენობის სხვაობაზე ლაპარაკი არც ღირს. მოედანზე კი სხვა სურათი იყო - ბრიტანელებს ტოლი არ დავუდეთ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორი სტადიონი ახსენა. ერთ-ერთზე, ავჭალის არენაზე საქართველო-პორტუგალიის დაპირისპირება გაიმართა. გიორგი ნიჟარაძემ იქვე დასძინა - მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნამდვილად არ იმსახურებს 2-ათასიან სტადიონზე თამაშს, საჭიროა 25-30-ათასიანი სარაგბო არენის მშენებლობაო. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა და საქართველოს ნაკრები კვლავ "დინამოს", ან მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ითამაშებს. თუმცა სავარჯიშოდ და შიდა ჩემპიონატებისთვის კიდევ ექვსი სტადიონი შენდება, რაშიც რაგბის კავშირს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ეხმარება.

- გვაქვს დაფინანსების რამდენიმე წყარო, სახელმწიფო, კერძო სექტორი და რაგბის საერთაშორისო საბჭო. რამდენიმე წლის წინ შევიმუშავეთ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ოთხ წელიწადზეა გაწერილი და 17.5 მილიონ ლარს შეადგენს. რომ არა ეს პროგრამა, ახლა ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით, - ამბობს გიორგი ნიჟარაძე.

როგორც ხედავთ, საქართველოში რაგბის განვითარებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს. რაც შედეგს უახლოეს მომავალში გამოიღებს... თუმცა, უკვე გამოიღო: გიორგი ნიჟარაძის თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში მორაგბეთა რაოდენობა გასამმაგდა.

- მასობრიობის მომხრე ვარ. ამიტომაც ვცდილობთ, საქართველოს ყველა კუთხეში შეიქმნას სარაგბო ცენტრები. თუმცა მასობრიობასთან სიფრთხილეა საჭირო. თითოეული ბავშვი, რომელიც რაგბითაა დაკავებული, სწორად უნდა აღიზარდოს. საკითხავია, გვყავს იმ რაოდენობის, იმ დონის სპეციალისტები, რომ ეს საქმე შეასრულონ? სწორედ ამიტომ, შევქმენით ჯგუფი, რომელსაც სათავეში შოტლანდიელი რიჩი დიქსონი ჩავუყენეთ. დღეს მისი მოსწავლეები უკვე სხვებს ასწავლიან. ასე რომ, ვცდილობთ ზრდის სწრაფ ტემპს ფეხი სპეციალისტებმაც აუწყონ.

სამწვრთნელო თემა განვაგრძოთ, ოღონდ ნაკრებზე გადავერთოთ: თითქმის ყოველი ციკლის შემდეგ ან მისი მსვლელობისას ეროვნულ გუნდში მწვრთნელი იცვლება. ჩნდება კითხვა - რა არის ამის მიზეზი? რამდენად სასარგებლოა გუნდსთვის დამრიგებლის ხშირი ცვლა?

- 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი გუნდმა ავსტრალიელ ტიმ ლეინთან ერთად დაიწყო, თუმცა იგი აქაურობას ვერ მოერგო და ამიტომ რიჩარდ დიქსონმა შეცვალა, რომელიც საქართველოში სულ სხვა მიზნით გვყავდა მოწვეული. ისიც ცნობილი იყო, რომ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ იგი პოსტს დატოვებდა. დიქსონი ახალზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა შეცვალა. იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს, ბავშვი ტანვარჯიშზეც დადის... მოკლედ, მილტონს ადაპტაციის პრობლემა არ გასჩენია. მაღალი დონის სპეციალისტია და ვიმედოვნებთ, რომ მასთან ერთად ნაკრები გულშემატკივრის იმედებს ბოლომდე გაამართლებს.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)