"მიხეილ სააკაშვილი ჩემი წიგნის ადრესატია..." - რას უგზავნის ცისნამი საყვარლიშვილი ექს-პრეზიდენტს საკანში?
ცისნამი საყვარლიშვილის ცხოვრება ისევ მოვლენების ეპიცენტრშია. დიდი პაუზის შემდეგ, ის კვლავ გულახდილად გვესაუბრება იმ „ახალ ერაზე“, რომელიც მის ცხოვრებაში შვილის, ირაკლის ამერიკაში დაბრუნებით დაიწყო. როგორ გახდა ირაკლი ჰემპტონების ვარსკვლავი, რას ნიშნავს ცისნამისთვის იყოს „წარმატებული შვილის დედა“ და რატომ გადაწყვიტა მან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია ინგლისურენოვანი მკითხველისთვის წიგნად ექცია? წაიკითხეთ ინტერვიუ ქალთან, რომელმაც საკუთარი თავი და ბედნიერება ოკეანის გაღმა ხელახლა აღმოაჩინა.
- ცისნამი, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში "ახალი ერა" დაიწყო. როგორ შეცვალა ირაკლის გვერდით ყოფნამ თქვენი ყოველდღიურობა და ის სულიერი მშვიდობა, რომელსაც ასე დიდხანს ეძებდით?
- ყველანი დამეთანხმებით, რომ დედა შვილის გარეშე ძალიან უბედურია. ირაკლის ამერიკაში დაბრუნებამ მე ძალიან გამაბედნიერა, გამახალისა და ახალი სიცოცხლე შემმატა. მიხარია რომ ყველანი ერთად ვართ. ფუ, ფუ, ფუ, თვალი არ მეცეს და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერულ ზრდაში. ალეს თავის საქმეს აკეთებს, უძრავი ქონების ამბებში, ირაკლი სწავლობს და კალათბურთს თამაშობს, მე კი მომწონს პროფესორობა და წიგნების წერა. შეიძლება ვთქვა, რომ როგორც იქნა, ჩემმა სულმა იპოვა სულიერი სიმშვიდე.
- თქვენი შვილი ჰემპტონებში ნამდვილი ვარსკვლავია, მასზე ადგილობრივი პრესა წერს...
- ირაკლიმ ამ სეზონზე ძალიან მაგრად ითამაშა კალათბურთი და მისმა მწვრთნელმა ნომერ პირველ მოთამაშედ დაასახელა. ეს იყო ძალიან მაგარი მომენტი. მისი პლაკატები არამარტო მის სკოლაში ასევე ისტ ჰემპტონშიც იყო გამოკრული. აი, მაგალითად ადგილობრივ პიცერიას თუ ესტუმრებით, იქ ირაკლის პლაკატია გამოკრული. გზაში მაჩერებენ და მეკითხებიან, "თქვენ ხომ ირაკლის დედა ხართ?" იცით, აქაური საზოგადოება ძალიან სნობი და კუდაბზიკაა. კარგა ხანი არ მიღებდნენ მე როგორც ამ ერთობის წევრს, ახლა კი ჩემი შვილი მიიღეს და ჩემს შვილთან ერთად მეც. სამი ადგილობრივი გაზეთია და სამივე ჩემს შვილზე წერდა. ყველა ვებსაიტზე მისი ფოტოები იყო. ირაკლით მარტო მე კი არა ალექსანდრეც ძალიან ამაყობს. უამრავი შემოთავაზება გვაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია სად წავა. მე მინდა ნიუ-იორკის შტატში დარჩეს და ჩვენთან ახლოს იყოს. მისთვის კი ყველაზე მთავარია კალათბურთი ითამაშოს. ჩემი ბიჭი ძალიან მაბედნიერებს და ჩემი სოციალური სტატუსი აწია მისმა წარმატებამ და ცნობადობამ, ჰემპტონებში.
- ბედის ირონიაა: წლების წინ ამერიკაში სხვის მშობლებს უვლიდით, დღეს კი საქართველოში თქვენს დედას საკუთარი მომვლელი ჰყავს თქვენივე დახმარებით. როგორ აფასებთ ამ ცხოვრებისეულ "წრეს".
- ცხოვრება მართლაც დიდი ირონიაა. ჩემი გამზრდელი დედა უკვე მოხუცდა, თან თვალებიდან ვერ ხედავს და მისთვის დამხმარე ქალს ვეძებდი. მე ამერიკაში ვცხოვრობ, ჩემი შვილი ისეთ ასაკშია მას ვჭირდები და საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი მის მოსავლელად. ვიპოვეთ ძალიან კარგი ქალბატონი, უფრო სწორედ გეტყვით კახური იუმორით თუ რა მოხდა. ჩვენს სოფელში არის სოფლის დიდი მაღაზია, მისი პატრონი სიმონა ძია მეგობრობს დედაჩემთან. დედა სულ მასთან ყიდულობს ხოლმე საკვებს. ხუმრობით უთქვამს, დარე, ქალს ვერ ვპოულობთ შენს მოსავლელად და იქნება კაცი გიშოვოო. დედას სწყენია ეს ამბავი, მე კი გულიანად ვიცინე. ხომ იცით კახელებს რა მაგარი იუმორი აქვთ. სწორედ სიმონა ძიამ ნახა ასევე ჩვენი სოფლელი უსაყვარლესი ქალბატონი ცისმარი. ვიცი, რომ სოფლის ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობს. მე ცისნამი ვარ, ის ცისმარი. ჩავიდა დედასთან და მას ეხმარება, საჭმელს უკეთებს, ესაუბრება, ღამე მარტო არ ტოვებს და ერთად სძინავთ. უკვე დამეგობრდნენ და საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ძალიან მარჯვე ხელი აქვს. წითელი ვარდები მომიქსოვა საჩუქრად. ბედნიერი ვარ, რომ დედა საიმედო ადამიანის ხელშია. იყო დრო როდესაც მე სხვის დედებს ვუვლიდი, ახლა კი ჩემს დედას უვლიან. უნდა მრცხვენოდეს ამას რომ ვამბობ, მაგრამ რას ვიზამ ცხოვრებამ ასე მოიტანა. ვრცლად