მიხეილ სააკაშვილის "სამხედრო საიდუმლოებები": მართლა აძლევდა თუ არა ობამა საქართველოს "პეტრიოტებს" და იგეგმებოდა თუ არა "დელტაში" ბალისტიკური რაკეტები - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის "სამხედრო საიდუმლოებები": მართლა აძლევდა თუ არა ობამა საქართველოს "პეტრიოტებს" და იგეგმებოდა თუ არა "დელტაში" ბალისტიკური რაკეტების წარმოება?!

ბალისტიკურ თუ შორსმოქმედ საზენიტო რაკეტებს საქართველოს არავინ მიჰყიდდა..

„...ეს განსაკუთრებით გამოჩნდა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე: არც ანტისაჰაერო დაცვა გვაქვს, თუმცა ჩემთან შეთანხმებით ამას ობამა გვაძლევდა, მერე კი ივანიშვილმა მოგვისწრო და უარი თქვა; არც ბალისტიკური რაკეტები, რომლის ერთობლივ წარმოებაზეც უკრაინასთან ვიყავით შეთანხმებულები; არც ფრთოსანი რაკეტები, რომელთა გამოშვებაც "დელტაში" იგეგმებოდა", - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში და ამატებს -„...საქართველო მთლიანად დაუცველი დარჩა. იმ წლებში საქართველოს ჰქონდა, ძალიან კარგი უკრაინული საჰაერო დაცვის სისტემები, რომელიც დღესაც აქვს, თუმცა არც ერთი რაკეტა 2012 წლის შემდეგ არ შესყიდულა, ამ სისტემებისთვის. საქართველოს ჰქონდა მყარი შეთანხმება აშშ-ისთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა მიეღო საჰაერო დაცვის სისტემები, 2013 წელს. შემდეგ ივანიშვილი მოვიდა და ამ სისტემებზე უარი თქვა. არა ალასანიას იმ ფრანგულ სისტემებზე, რომელიც დაბალი რადიუსისაა, არამედ - მაღალი რადიუსის რომელიც იყო. ასევე, უნდა მიგვეღო მინიმუმ 12 ცალი ვერტმფრენი, რომელიც სამხედრო პერსონალის გადაყვანისთვისაა. საქართველო დარჩა სრულიად დაუცველი. გაანადგურეს „დელტას" წარმოება. ჩვენ პირველი პროტოტიპი გვქონდა აწყობილი, ფრთოსანი რაკეტების და ჩვენ ვაპირებდით, ფრთოსანი რაკეტების სერიულ წარმოებას, 2012 წლის ბოლოდან. ასევე, „დელტას" წარმოებაში იყო საბრძოლო ქვეითი მანქანები, რომლის წარმოებაზეც იყო უარი. ასევე, „დელტას“ წარმოებაში იყო ძალიან დახვეწილი დრონების წარმოების პროგრამაც, ეს პროგრამა რომ გაგრძელებულიყო საქართველო იქნებოდა ბევრად წინ წასული და განვითარებული. ასევე, ბევრი პროდუქცია გვექნებოდა გარეთ გასატანი და გასაყიდი. ეს სისტემები ყველაზე მეტად წაადგებოდა საქართველოს. ეს ყველაფერი შეჩერდა დღეს.“

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მკვეთრად კრიტიკული პოზიცია დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ადრეც არა ერთხელ გამოუხატავს, სოციალური ქსელების საშუალებით, მაგრამ ამჯერად ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ ის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თემას ეხება ანუ რას აპირებდა, თურმე, იგი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში და რატომ არ გამოუვიდა...

პრეზიდენტი, თუნდაც ყოფილი და გინდაც პატიმრობაში მყოფი, რომ ბევრად მეტი საიდუმლო ინფორმაციის მატარებელია, ვიდრე - ჩვეულებრივი მოქალაქე ან, სულაც, სამხედრო თემებზე 34 წლის განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტი, ამაში გასაკვირი არაფერია, ოღონდ რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც ექსპრეზიდენტმა განაცხადა?!

პირველი - „...ბალისტიკური რაკეტები, რომლის ერთობლივ წარმოებაზეც უკრაინასთან ვიყავით შეთანხმებულები...“-

ბალისტიკური რაკეტა, ერთი შეხედვით, რეაქტიულ საბრძოლო თვითმფრინავზე ბევრად ადვილი დასამზადებელია, რადგან ის ერთჯერადი გამოყენებისაა, თუმცა, ამასთან, დიდ სირთულეს წარმოადგენს ორკომპონენტიანი თხევადი ან მყარი სარაკეტო საწვავის, დიდი ტემპერატურის გამძლე საქშენების, მართვისა და ნავიგაციის სისტემების შექმნა-დამონტაჟება, რომელთა წარმოება „დელტაში“ ძალიან რთული წარმოსადგენი გახლდათ, 15 წლის წინათაც და - დღესაც...

რაც შეეხება უკრაინულ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსს - Грім-2-ს, მისი პროექტის დამუშავება კიევმა მხოლოდ 2013 წლის ბოლოსკენ დაიწყო ანუ როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა მის მესამე პრეზიდენტს - შესაბამისად, ის 2013 წელს უკრაინაში იანუკოვიჩის პრორუსულ ხელისუფლებას ვერანირად ვერ შეუთანხმდებოდა ბალისტიკური რაკეტების ერთობლივ წარმოებაზე...

მეორე - „...არც ანტისაჰაერო დაცვა გვაქვს, თუმცა ჩემთან შეთანხმებით ამას ობამა გვაძლევდა...“

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალური კაბინეტის სავარძელს 2009-დან 2017 წლამდე, ორი ვადით იკავებდა და მსოფლიოს თავი იმით გააცნო, რომ თეთრ სახლში შებიჯებისთანავე კრემლს „გადატვირთვის“ პოლიტიკა შესთავაზა, აშშ-რუსეთის დამეგობრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლით ადრე რუსეთმა მეზობელი საქართველოს მიმართ ნამდვილი სამხედრო აგრესია განახორციელა და მისი ორი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა...

როგორ ფიქრობთ, ყოველივე ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რას აირჩევდა - პუტინთან დაახლოებას (რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს თეთრ სახლში ნაკლებად სერიოზულად აღიქვამდნენ) თუ საქართველოსთვის „ანტისაჰაერო დაცვის“ რაკეტების მოწოდებას, იმავე კრემლის გასაბრაზებლად? (ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თელ-ავივისა და მოსკოვის საიდუმლო შეთანხმების შემდეგ, საქართველოს დიდი პრობლემები გაუჩნდა, ისრაელის წარმოების სადაზვერვო დრონების -„ჰერმეს-450“-ებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - „სპაიდერების“ მომსახურებაში)...

მესამე - „...საქართველოს ჰქონდა, მყარი შეთანხმება აშშ-ისთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა მიეღო საჰაერო დაცვის სისტემები, 2013 წელს. შემდეგ ივანიშვილი მოვიდა და ამ სისტემებზე უარი თქვა, არა ალასანიას იმ ფრანგულ სისტემებზე, რომელიც დაბალი რადიუსისაა, არამედ - რომლებიც მაღალი რადიუსის იყო...“

„მაღალი რადიუსის სისტემებში“ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, ალბათ, გულისხმობს 6-8 კმ-ზე შორი მოქმედების საზენიტო რაკეტებს, რადგან სწორედ ამ, 6-8 კმ-იან რადიუსში მოქმედებენ, 2015 წელს დადებული ხელშეკრულებით, ქართველი მეზენიტეებისთვის ნაყიდი Mistral ATLAS-ის ტიპის მობილური დანადგარებიდან გაშვებული სითბური დამიზნების „მისტრალის“ საზენიტო რაკეტები.

მაგრამ მაშინ, როდესაც აშშ-მა არც აგვისტოს ომამდე და მით უმეტეს - არც მის შემდეგ (რაც დასავლეთმა რუსეთის რიდითა თუ შიშით „ჩუმი სანქცია“ დაადო საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვას), 3,5 კმ სიმაღლემდე საჰაერო მიზნის ჩამომგდები უბრალო „სტინგერებიც“ კი არ გვაღირსა. როგორ დავიჯეროთ, რომ პუტინთან „ჩახუტების“ ასე მსურველი ობამა, 2013 წელს აპირებდა საქართველოს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად თვით „პეტრიოტების“ ჩუქებას? 2013 წლისთვის აშშ-ის სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას ახდენდნენ სწორედ მცირე რადიუსის „სტინგერები“ და შორი მოქმედების „პეტრიოტები“, შუალედური სიშორის „მიწა-ჰაერის“ კლასის საზენიტო რაკეტები, მაგალითად საბჭოთა „ბუკის“ ტიპის, აშშ-ის არმიას შეიარაღებაში, უბრალოდ, არ ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ: ახალი აიათოლა: დიდი შურისძიების დასაწყისი მამის მკვლელობისთვის?! - ვინ არის და რას შეცვლის მოჯთაბა ხამენეი

ქუვეითელ პილოტს სამი ამერიკული „არწივი“ შეგნებულად ჩამოუგდია?

მიწისქვეშა "სარაკეტო ქალაქები" და "კოღოების ფლოტი" - სად მალავენ შეიარაღებას ირანელები?!

ირანის დარტყმა აზერბაიჯანზე: რატომ ვერ მოიგერია აზერბაიჯანულმა საჰაერო თავდაცვამ Arash-2-ის ტიპის კამიკაძე-დრონები?!

მეოთხე - „...ჩვენ პირველი პროტოტიპი გვქონდა აწყობილი ფრთოსანი რაკეტების და ჩვენ ვაპირებდით, ფრთოსანი რაკეტების სერიულ წარმოებას, 2012 წლის ბოლოდან...“-

„დელტაში“ ფრთოსანი რაკეტების შესაძლო სერიულ წარმოებაზე რაიმე ინფორმაცია აქამდე არ გაჟღერებულა. შეიძლება, ვინმეს რაიმეს სურვილი თუ ფანტაზიები ებადებოდა, მაგრამ აქედან იდეის ფრთების შესხამდე (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით) ძალიან ბევრია გასავლელი...

ისე კი , იქ, სადაც დღეს „დელტაა“ განთავსებული, 1960-იანი წლების დასაწყისში თბილისის საავიაციო ქარხანა მართლაც სერიულად უშვებდა... მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ბირთვულქობინიან, 4,5-ტონიან ფრთოსან რაკეტებს -К-10С, იგივე „კომეტა-10“-ებს (ნატოს კლასიფიკაციით AS-2 KIPPER ), რომლებსაც ამერიკული ატომური ავიამზიდების ჩაძირვა შეეძლოთ...

მეხუთე - „... ასევე, „დელტას“ წარმოებაში იყო ძალიან დახვეწილი დრონების წარმოების პროგრამაც. ეს პროგრამა რომ გაგრძელებულიყო, საქართველო იქნებოდა ბევრად წინ წასული და განვითარებული...“

2012 წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტისთვის პოლიგონზე მოაწყვეს პირველი ქართული უპილოტო თვითმფრინავის პრეზენტაცია, რაც დიდად გაპიარდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ხუჯვრიანი დროშადახატული ეს პირველი „ქართული დრონი“ (მაშინ სიტყვა "დრონი" თითქმის არ გამოიყენებოდა), სინამდვილეში ესტონური ფირმა ELI-ის წარმოებული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი - SWAN 205 -ი გახლდათ...

ველოსიპედის გამოგონებას, ცხადია, სხვისი გამოცდილების გამოყენება სჯობდა, მაგრამ ესტონურ დრონზე ქართული დროშის დახატვა და მისი „პირველ ქართულ უპილოტო თვითმფრინავად“ გასაღება იაფფასიანი პიარნაბიჯი თუ გახლდათ...