"სისხლიანი ნარდი": რა ფარულ ოპერაციებს გეგმავს ირანი, ამერიკული დაზვერვის საიდუმლო ანგარიში და საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამერიკულ ავიამზიდს ფოტო - კვირის პალიტრა

"სისხლიანი ნარდი": რა ფარულ ოპერაციებს გეგმავს ირანი, ამერიკული დაზვერვის საიდუმლო ანგარიში და საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამერიკულ ავიამზიდს ფოტოებს უღებდა

საინტერესოა, იცის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნარდის თამაში? -მეეჭვება. ეს, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული სამაგიდო თამაში, მხოლოდ მიამიტებმა შეიძლება ჩათვალონ პურობა/წვეულების დაწყებამდე დროის მოსაკლავ საქმიანობად. ისინი ფიქრობენ, რომ ნარდის თამაში მხოლოდ კამათლის გაგორებაა და გამარჯვებაც ამაზეა დამოკიდებული. ამ დროს კი ნარდსაც თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს, ისევე, როგორც ჭადრაკს. იქაც უნდა გათვალო, როგორც შენი, ასევე -მოწინააღმდეგის სვლები, დაუგო მახე, უბიძგო რისკისკენ და მზად იყო საბოლოო დარტყმა/გამარჯვებისთვის. ნარდში მხოლოდ კამათლის გამართლებაზე იმედად ყოფნა დამარცხებისკენ მიმავალი გზაა.

ათი დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც აშმ-მა და ისრაელმა პირველი საავიაციო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის წინააღმდეგ. სამიზნეები, როგორც ირანის სტრატეგიული სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, ასევე, ამ ქვეყნის უმაღლესი რელიგიური და სამხედრო პირები იყვნენ. ბევრი მათგანი ამ თავდასხმებს შეეწირა კიდეც. თავის მხრივ, ირანმაც სარაკეტო დარტყმებითა და დრონებით თავდასხმებით უპასუხა. უკვე ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა ამ, ჩემი აზრით, აშშ-ისრაელისთვის არაფრის მომტანმა სამხედრო კამპანიამ. თავიდანვე შევთანხმდეთ: დონალდ ტრამპის სრული მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ისრაელი ამგვარ, ჩემი შეფასებით, ავანტიურას ვერ გაბედავდა.

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ ტრამპსა და ნეთანიაჰუს? ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება და ირანში სახელისუფლებო რეჟიმის შეცვლა – სწორედ ესაა მათი, უკვე საჯაროდ გაცხადებული მიზანი. რამდენად რეალურია ამის მიღწევა? საბოლოოდ ვინ დარჩება მოგებული ამ ავანტიურიდან? რამდენად სწორად განსაზღვრა ტრამპმა პრიორიტეტული საფრთხეები?

თავად განსაჯეთ: ირანის უმაღლესი ხელისუფალი აიათოლა ხამენეი სარაკეტო დარტყმებს შეეწირა, გუშინ კი ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის ახალ ლიდერად ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი აირჩია, რომლის კონსერვატორული მსოფლმხედველობა არაფრით ჩამოუვარდება მამისას.

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც, თურმე, მოელოდა, რომ ირანის ექსპერტთა საბჭო მას „შეუთანხმებდა“ ირანის ახალი მმართველის დანიშვნას, დიდად უკმაყოფილო დარჩენილა მიღებული გადაწყვეტილებით და აცხადებს, მისი არჩევით დიდი შეცდომა დაუშვესო. რუსეთის მმართველმა ვლადიმერ პუტინმა კი, რომელსაც დონალდ ტრამპი, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, დიდად აფასებს, გუშინ დემონსტრატიულად და მსოფლიოს გასაგონ/დასანახად მიულოცა მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფლად დანიშვნა.

ყურადღებით წაიკითხეთ პუტინის სიტყვები და მიხვდებით, რომ აშშ-ის მთავარი საფრთხე რუსეთია და არა - ირანი. აი, რა „გულითადი“ სიტყვები უძღვნა ვლადიმერმა - მოჯთაბას: „ძვირფასო ბატონო ხამენეი, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც ირანი შეიარაღებულ აგრესიას უპირისპირდება, ამ მაღალი თანამდებობის დაკავება უდავოდ დიდ გამბედაობასა და თავდადებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად გააგრძელებთ თქვენი მამის საქმეს და გააერთიანებთ ირანელ ხალხს მძიმე განსაცდელების წინაშე. ჩემი მხრივ, მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თეირანის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი ირანელი მეგობრების მიმართ. რუსეთი იყო და დარჩება ირანის ისლამური რესპუბლიკის საიმედო პარტნიორად“. საინტერესოა, როგორ მოეწონება ტრამპს ეს სიტყვები. ასე რომ, ისრაელის ხელისუფლების მუქარა - მოჯთაბა ხამენეის მამის გზას გავუყენებთო, სრულიად არაპროდუქტიულია: ირანში სხვა აიათოლას აირჩევენ.

khamenei

ფოტო: მამა-შვილი ხამენეი

ირანში თეოკრატიული რეჟიმის შეცვლა ასეთი მარტივი რომ არ იქნებოდა, აშშ-ის სპეცსამსახურებშიც კარგად იციან, თუმცა უსმენს და უჯერებს კი მათ პრეზიდენტი? 7 მარტს ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა ძალზე საყურადღებო სტატია გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ირანზე თავდასხმამდე, დაახლოებით, ერთი კვირით ადრე, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭომ მოამზადა ანალიტიკური ანგარიში და ირანში რეჟიმის შეცვლა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია, აშშ-ის ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის შემთხვევაშიც კი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ირანის უმაღლესი ხელისუფლის - აიათოლა ხამენეის გარდაცვალების შემდეგ ირანის ხელისუფლება განახორცილებდა ხელისუფლების უწყვეტობის შესანარჩუნებლად ადრევე დამუშავებულ სტრატეგიას. ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდეთ, ახლა კი ისრაელ-აშშ-ის მეორე მიზანი: ირანის ბირთვული პოტენციალის, ბალისტიკური რაკეტების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების განადგურება განვიხილოთ.

ალბათ, გახსოვთ, პრეზიდენტი ტრამპი შარშანაც ტრაბახობდა: ირანის ბირთვული იარაღის პროგრამა დედაბუდიანად მოვსრე და გავანადგურეო. აშშ-ის სპეცსამსახურები მაშინაც მორიდებულად (უფრო კი - შეშინებულად!) აცხადებდნენ: ზიანი უმნიშვნელოა და ირანის ხელისუფლება რამდენიმე თვეში სრულად აღადგენსო. დღესაც ასეა: ობიექტური და სარწმუნო სახმელეთო შეფასებების არარსებობის პირობებში, რა იყო და რა დარჩა, ჯერ უცნობია. ასე რომ, ძალზე ნაადრევია გამარჯვების დაფდაფების შემოკვრა.

გავიდა ათი დღე, აშშ-ისრაელის ძირითადი მიზნები კვლავ შეუსრულებელია. ირანში ოპოზიცია

iran

არაა იმდენად ძლიერი, რომ ავტორიტარული ხელისუფლება შეცვალოს. პირიქით: ირანის ხელისუფლებამ უფრო დიდი მხარდაჭერა მიიღო ქვეყნის შიგნით და გარეშე მტრის ფაქტორმა ხელისუფლება-საზოგადოების კონსოლიდაცია უფრო გაზარდა. ეს რომ ასე იქნებოდა, ამას არც დიდი ნათელმხილველობა და არც დიდი ექსპერტობა სჭირდება. შარშანდელისგან განსხვავებით, ახლანდელ შეტევებს ირანი მომზადებული გეგმით შეხვდა, რომლის მთავარი ამოცანა სამხედრო კონფლიქტის ჯერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე გადატანა, შემდეგ კი -მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევაა. ამას კი საფინანსო-ეკონომიკური კოლაფსი მოჰყვება. გარდა ღია სამხედრო მოქმედებებისა, ირანის ხელისუფლებას ფარული სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციებიც აქვს დაგეგმილი: უკვე სამიზნეებიც შერჩეულია, შემსრულებლებიც მომზადებულნი არიან და ნიშანს ელიან.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანის "განკითხვის დღის იარაღის" საიდუმლო ანუ როგორ მივიდა მსოფლიო ახალ დიდ ომამდე

რას ეზიდებოდნენ ირანული სპეცსამსახურები საქართველოდან თეირანში?!

რატომ არ დაეხმარა ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს?! - უცნობი ამბები წარსულიდან

რუსთაველის გამზირი: "კაგებეს" საცდელი პოლიგონი?! - საიდუმლო ნივთიერება, რომლითაც ქართველები დაწამლეს

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასწყისში, ერაყთან ათწლიანი ომის დასრულების შემდეგ, ირანმა ფარული სადაზვერვო-დივერსიული ქსელის შექმნა დაიწყო. ამ საიდუმლო ოპერაციებს ირანის მთავარი სპეცსამსახური: ინფორმაციის სამინისტრო და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახორციელებდნენ. დღეისთვის ირანს ყველა უცხოურ მისიასა და საელჩოში სადაზვერვო–დივერსიული დანაყოფები ჰყავს, რომელთა მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობიდან აგენტების გადაბირება და ისრაელ-აშშ-ის წინააღმდეგ „აქტიური ღონისძიებების“ განსახორციელებლად სამიზნეების შერჩევა. არსებული ინფორმაციით, ირანის სპეცსამსახურებს ძლიერი პოზიციები აქვთ არა მარტო მაჰმადიანურ ქვეყნებში, არამედ - ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც მათი ძირითადი დასაყრდენი ადგილობრივი მუსლიმური, უპირველესად - შიიტური თემებია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს 36 წლის საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი, რომელიც, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ახორციელებდა სუდას ყურეში, კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ისა და ნატოს სტრატეგიულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სისტემატურ თვალთვალს.

iran

ფოტო: ავიამზიდი USS Gerald R. Ford, ირანელების ერთ-ერთი სამიზნეა?

ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საბერძნეთში 3 თებერვალს, დიუსელდორფიდან (გერმანია) ჩავიდა და კრეტას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სასტუმროში დაბინავდა, საიდანაც იშლებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო- საზღვაო ბაზის „მშვენიერი ხედი“. ბერძნული მედიის ცნობით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კრეტაზე სასტუმროებს იცვლიდა იმის მიხედვით, თუ საიდან ჩანდა უკეთესად სამხედრო ობიექტების პანორამული ხედები. მას არჩევანი მართლაც დიდი ჰქონდა: სუდას ყურეში განლაგებულია აშშ-ის, საბერძნეთისა და ნატოს სამხედრო ობიექტები. ამა წლის 24 თებერვალს კი „ჩვენებურმა“, თურმე, სულ „გაილაღა“ და ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სიამაყეს, ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ს უღებდა „სამახსოვრო“ ფოტოებს. საბერძნეთის სპეცსამსახური თითქმის ერთი თვის განმავლობაში ფარულ თვალთვალს ახორციელებდა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილზე და ის მაშინ დააკავა, როდესაც ათენის საერთაშორისო აეროპორტში მიდიოდა.

2026 წლის 5 მარტს ლონდონის პოლიციამ ირანის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, რომლებიც ლონდონში ებრაულ თემთან დაკავშირებული და მათი შეკრების ადგილების თვალთვალს ახორციელებდნენ, ალბათ, გასაგებია, რა მიზნით.

(მესამე ნაწილის დასასრული)