„მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი “ - ლეილა აბაშიძის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები
"ქაჯანა", "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ჭრიჭინა", "აბეზარა", "მაია წყნეთელი", "შეხვედრა მთაში", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"... - სია გრძელია - ფილმები, რომლებშიც გენიალურმა ქართველმა მსახიობმა, ლეილა აბაშიძემ დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნა, ქართული კინემატოგრაფიის ისტორია ოქროს ფურცლებზე ინახავს.
მიუხედავად დატვირთული, ვარსკვლავური ცხოვრებისა, ცოტამ თუ იცის, რომ ლეილა აბაშიძე არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო. უყვარდა ძალიან, მაგრამ სიყვარულში ნაკლებად გაუმართლა - მეუღლეს, ბიჭიკო დანელიას გაშორდა, ცხოვრება კი ერთადერთ შვილს, რამაზ დანელიას მიუძღვნა.

ლეილა აბაშიძე ოჯახზე, მეუღლეზე, დედობაზე - ჩემი მეუღლე ღირსეული პიროვნება იყო, უდიდესი მეცნიერი გახლდათ. დასავლეთიდან მან შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში ჯაზი. როცა ვიქორწინეთ, მე 20 წლის ვიყავი, ბიჭიკო - 29 წლის. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება ვერ გავატარეთ ერთად. რამაზის უმაღლესში მოხვედრის წინ ერთმანეთს გავშორდით. მას უნდოდა, ჩვენი შვილი ექიმი გამოსულიყო. რამაზი კი ფიზიკაში და ქიმიაში ჩაიჭრა და საბუთები უცხო ენების ინსტიტუტში შევიტანეთ. ამ ნიადაგზე მოგვივიდა უსიამოვნება და ერთმანეთს გავშორდით. ამას მთელი ცხოვრება ისიც ნანობდა და - მეც...
ყველა ქალის ვალია, იყოს დედა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პრიორიტეტად დედობა მქონდა. რამაზის გარეშე ერთი ფილმის გადაღებაზეც კი არ წავსულვარ, სულ ჩემ გვერდით იყო. ყველა მსახიობს იცნობდა. უცნაური დედაშვილობა გვაქვს, მე ვცხოვრობ მისი ინტერესებით, ის კი - ჩემით. რამაზი ჩემთვის ერთადერთია და მისთვისაც მე ერთადერთი ვარ. რამაზი ისე გავზარდე, მასთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მუდამ მისი გულშემატკივარი ვიყავი და პირიქით, ის - ჩემი.
რთული პროფესია მქონდა, ოჯახის და საქმის შეთავსება ძნელი იყო. ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. სამაგიეროდ, მყავს ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟი", - ამბობდა ლეილა აბაშიძე "სარკესთან" ინტერვიუში.

ლეილა აბაშიძის კარიერალეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1941 წლის ფილმში „ქაჯანა“, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მოგვიანებით კი მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს როლი:
„ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის სჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ, თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო, საერთოდ არ ვიცოდი.