"თუ ქართველი ხალხი ხელისუფლების შეცვლას ვერ შეძლებს, მოუწევთ იმ პასუხისმგებლობის თანამონაწილე გახდნენ, რასაც ხელისუფლების მიმართ გაატარებენ" - აკაკი ბობოხიძე
თუკი ქართველი ხალხი ხელისუფლების შეცვლას ვერ შეძლებს, მაშინ ხალხსაც მოუწევს იმ პასუხისმგებლობის თანამონაწილე გახდეს, რასაც ხელისუფლების მიმართ გაატარებენ - საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მოქმედებაზე ხალხია პასუხისმგებელი, იმის მიუხედავად, ირჩევს თუ არა ამ ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მტრად და ბოროტებად დასავლეთი გამოაცხადა.
„შევადაროთ ერთმანეთს აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლება. აზერბაიჯანის ხელისუფლება მაინც და მაინც ევროპული სტანდარტებით დემოკრატიული ხელისუფლება არ არის, მაგრამ ის თავისი ბუნებით ანტიდასავლური არ არის. აზერბაიჯანი არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება გავლენის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ის თავის ყოფნას და ძალაუფლებას ანტიდასავლურობაზე არ აფუძნებს. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იდეოლოგიურად მთელ თავის არსებობას ანტიდასავლურობაზე აფუძნებს - მათ დასავლეთი მტრად გამოაცხადეს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციური პარტიების ალიანსის მიზნებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიების ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანებაზე საუბარი „სისულელეა“.
"ინტერპრესნიუსი"