სოხუმის იზოლატორში წამებიდან უკრაინის ომამდე: ქართველი გმირის მამუკა კეკელიას ტრაგიკული ისტორია - "ვიცოდი, სიცოცხლეს ბრძოლის ველზე დაასრულებდა"
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია დღეს, ტყიბულში დაკრძალეს.
მანამდე, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც გარდაცვლილს პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საზოგადოების წარმომადგენლებმა, დაღუპულის მეგობრებმა და ახლობლებმა.
მამუკა კეკელია უკრაინაში 2024 წლის 26 ოქტომბერს რუსეთ უკრაინას საომარი მდგომარეობის დროს ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.
კეკელიას ცხედარი იდენტიფიცირების შემდეგ უკრაინიდან საქართველოში 6 მარტს გადმოასვენეს.

მამუკა კეკელია 22 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და იარაღის ხელში აღებამ მოუწია. სამწუხაროდ, ვერც სახლი დაიცვა და ვერც დედა. დედამისი რუსულ-აფხაზური ბანდფორმირების წევრებმა ორი თვის განმავლობაში აწამეს, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს.
იმ დღიდან, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მამუკა კეკელიას მტრის ჯავრი არ განელებია. დედის ფოტოსა და თილისმაში გახვეულ მისივე ფერფლს მკერდით ატარებდა. ბრძოლა სოხუმის დაცემის შემდეგაც არ შეუწყვეტია - წლების განმავლობაში იყო ჩართული პარტიზანულ ბრძოლებში ჯერ "თეთრი ლეგიონის", შემდეგ კი "ტყის ძმების" წევრად. როგორც საუკეთესო და გამოცდილი მებრძოლი ირიცხებოდა ტყიბულის სამხედრო ბაზაში განლაგებულ სწრაფი რეაგირების ბატალიონშიც. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელი მებრძოლის სამხედრო კარიერა, სოხუმის უშიშროების იზოლატორში, 44-დღიანი სასტიკი წამების შემდეგ დასრულდა.
როგორც მისი მეუღლე, ხათუნა დალაქიშვილი გვიამბობს, მისი გამოჯანმრთელებისთვის ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსის გავლა იყო საჭირო. ყველაფრის მიუხედავად, როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეულ ქვეით ბატალიონს "კარპატსკი სიჩს" შეუერთდა. ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა და უკრაინელი მეგობრების დახმარებით საფრანგეთში გაიარა რეაბილიტაციის კურსი. ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, რომ კვლავ უკრაინაში დაბრუნდა, ქართულ ბატალიონ „"შერეკილებში". როგორც თანამებრძოლები ამბობენ, მისი ოცნება და მიზანი სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობის თავზე ქართული დროშის აფრიალება იყო. 55 წლის მამუკა კეკელია 26 ოქტომბერს, კახოვკა-პაკროვსკის მიმართულებაზე დაიღუპა.
უფრო მეტს ქართველი მეომრის შესახებ მისი მეუღლე, ხათუნა დალაქიშვილი გვიამბობს:
- მამუკა ნიჭიერი ადამიანი იყო და არაერთ პროფესიაში შეეძლო წარმატების მიღწევა, მაგრამ მისი მოწოდება სამშობლოსათვის ბრძოლა იყო. გაგიკვირდებათ, ახლა ისეთ რამეს გეტყვით - ვიცოდი, სიცოცხლეს ბრძოლის ველზე რომ დაასრულებდა, უბრალოდ, ასე მალე თუ დავდგებოდი ფაქტის წინაშე, არ მეგონა.