"საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იყოს რეალიზებული" - გია ხუხაშვილი გამოკითხვის შემდეგ
საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როცა სუს-იდან დაუკავშირდნენ, ეს ინფორმაცია თავად არ გააჟღერა, რადგან სურდა, რომ „წყნარად მისულიყო და გაესაუბრა“, თუმცა „ინფორმაციამ უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა“, რაც ხუხაშვილის შეფასებით, არასწორია.
„საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვება, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ვფიქრობ, რომ საქმე პირიქით არის - ჯობია, რომ ჩვენ ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემაში ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბრები იყო.
რითაც გამოწვეული იყო ჩემი გარკვეული გაღიზიანება იყო ის, რომ მე როცა დამიკავშირდნენ სუს-იდან, ეს ინფორმაცია არ გამიჟღერებია, რადგან მინდოდა, წყნარად მოვსულიყავი და გამესაუბრა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. ეს ინფორმაცია მე არ გამივრცელებია, შესაბამისად გაჟონვა მოხდა თვითონ უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"