დაკიდებული ბაღები ჩვენი სახლებისთვის - კვირის პალიტრა

დაკიდებული ბაღები ჩვენი სახლებისთვის

ამპელური მცენარეები ტროპიკული ქვეყნებიდანაა. შესაბამისად, თავს ყველაზე კარგად ზაფხულში გრძნობენ. მათ გარეთ, აივანზე ან ბაღში ჩამოკიდებულ ქოთნებში ათავსებენ, ზამთარში კი სითბოში შეაქვთ. ვინც არ იცის, რას ნიშნავს ამპელური, გეტყვით, რომ გერმანული სიტყვა Aმპელ-ი დაკიდებულ საყვავილეს ნიშნავს (აგრეთვე დაკიდებულ ფარანს და შუქნიშანსაც კი), რომელშიც დეკორატიულ მცენარეებს ათავსებენ ლამაზი ფოთლებითა და ჩამოგრძელებული ყლორტებით. ამპელურებს აშენებენ ასევე ყუთებში, სპეციალური ზომისა და ფორმის კალათებში, ქოთნებში. არჩევენ, რომ ამპელებში მოთავსებულ მცენარეებს ჩამოშვებული, გართხმული ან მცოცავი ღეროები ჰქონდეთ. ალბათ, ყველას გინახავთ კიდეც შენობები, ბინები, ზამთრის ბაღები, აივნები, რომლებიც ამპელური მცენარეებით არის გაფორმებული. მათ შესახებ უფრო მეტს მებაღე-დეკორატორი მაია გიორგაშვილი მოგვითხრობს.

- სიტყვა "ამპელური" ბოტანიკური ტერმინია და ნიშნავს ისეთ მცენარეებს, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ ჩამოკიდების უნარი, როცა გრძელი, მოქნილი ტოტები ქვემოთ ჩამოსდით. ეს მცენარეები გამოირჩევა არა მარტო გარეგნულად, მომხიბლავი ფორმით, არამედ ზრდის უნარითაც. უპრეტენზიო, მომხიბვლელი მცენარეებია, რომლებიც სახლის აივნებს, ფასადებს, სვეტებს ნებისმიერ კონსტრუქციაზე დაკიდებით ალამაზებენ. ხშირად გამოიყენება ტერასებზე, ბაღებში, ინტერიერში, აივნებზე, სადაც სივრცის ვიზუალური გაფართოება და სიმყუდროვე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

- რა არის ამპელური მცენარეების მკვეთრად გამოხატული ნიშანი?

- პირველია ტოტების ჩამოკიდება, ნაზარდიც ქვემოთ ჩამოსდით და ყვავილობაც ქვემოთა ტოტებისკენაა მიმართული.

აქვთ მოქნილი სტრუქტურა. ადვილად ეხვევა ჯოხებს, კონსტრუქციებს.

trelajuri-vardebi-1-1773165460.jpg

დეკორატიული ეფექტით არიან გამორჩეული, ფოთლები და ყვავილები ერთად ძალიან კარგ სანახაობას ქმნიან.

ფესვთა სისტემა ძლიერი აქვთ, ადვილად მრავლდებიან. კარგად იტანენ გადარგვას და საერთოდ, ადვილად მოსავლელი მცენარეებია.

- საქართველოში რომელი ამპელური მცენარეა გავრცელებული?

- საქართველოში ბევრი ამპელური მცენარეა გავრცელებული. ვარდის ბევრი ტრელაჟური ჯიშია, რომელსაც შეუძლია ჩამოეკიდოს და ამპელური ტოტები მოგვცეს, შექმნას მწვანე, ფერადი, მოყვავილე კედლები (ტრელაჟი თხელი გისოსი ან მოაჯირია, გარშემო დარგული ხვიარა მცენარეებით. - ლ.ფ.). პელარგონია (რომელსაც ჩვენში ბალბასაც უწოდებენ) დღეს ყველაზე პოპულარულია. ბეგონია, ვინკა ანუ გველის სურო, ზოგადად სუროები, ჰორტენზია. აღსანიშნავია, რომ ამპელური ჰორტენზია ულამაზეს გარემოს ქმნის. ასევე ულამაზესია კოტონეასტერი (ვაშლანა), კლემატისი (კატაბარდა), პეტუნია, კალიბრახოა.

unconfirmed-332447-1773165460.jpg

- ინტერიერის გასაფორმებლად ბოლო დროს ამბობენ, რომ პელარგონია ყველაზე მეტად პოპულარულია. რამ განაპირობა ეს?

- ყველაზე მეტად ამპელური მცენარეებიდან პელარგონია გამოირჩევა. პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი ფერები და ფორმებია. ბაღში ქმნის ფართო ფერის პალიტრას, რაც ბაღს, ტერასას თუ აივანს ძალიან ალამაზებს.

მეორე ნიშანი - აქვს ამპელურის კარგი ფორმა, მისი ყვავილები, ტოტები, ქოთნებიდან ქვემოთ ეშვება.

მესამე - მარტივად მოსავლელია. იტანს მზეს, გვალვას, ქარს და ქართული კლიმატისთვის იდეალურია. თბილ სეზონზე კარგად ვითარდება, იზრდება მუდმივად და შეუჩერებლად ყვავილობს. არის მრავალწლიანი მცენარე, დაავადებების მიმართ გამძლეა.

- რას გვეტყვით მათ მოვლა-გამრავლებაზე, რა სასუქსა და როგორ ნიადაგს საჭიროებს?

- იშვიათად ავადდება, კვება შედარებით ნაკლებად სჭირდება. ადვილად მრავლდება კალმით, გაყოფით. არ საჭიროებს თესლოვან ტექნიკას. აქვს ნაყოფიერების მაღალი დონე. ბუჩქს შეუძლია მრავალი ტოტი გაეზარდოს სეზონზე. მარტივად ფორმირდება. ნოყიერი ნიადაგი მოსწონს, მაგალითად, ჰუმუსიანი და ნაკელიანი.

12146430-ampel-mit-petunia-strawberry-frost-white-improved-1773165460.jpg

- ყინვას, ალბათ, ვერ უძლებს.

- ერთადერთი უარყოფითი თვისება ეგ არის, მაგრამ თუკი შეფუთავთ, აუცილებლად გადარჩება, ან თუ ზამთარში ყინვების წინ გრილ ოთახში შეიტანთ. ტემპერატურული ცვლილების დროს ახასიათებს ფოთლის სიყვითლე, მაგრამ ახალი ვეგეტაციის დროს სწრაფად გამოსწორდება. მას ორჯერ გადაჭრა სჭირდება, მაგრამ არის ზოგიერთი ამპელური პელარგონია, განსაკუთრებით სამეფო პელარგონიები, რომლებსაც გადაჭრა არ მოსწონთ.

- მათი ყვავილობისთვის რაიმე მარტივი ხრიკი გვასწავლეთ.

- გასწავლით მარტივ ხრიკებს, როგორ გამოკვებოთ, რომ მუდმივად ყვავილობდეს - მას რძე და ლუდი უყვარს. თუ თვეში ორჯერ მისცემთ ან ერთს, ან მეორეს, თავს ბედნიერად იგრძნობს.

- რა რაოდენობით?

- ერთი სუფრის კოვზი რძე გავხსნათ ას გრამ წყალში და დილით მოვრწყოთ, ხოლო ერთი ჭიქა ლუდი ერთ ჭიქა წყალში იხსნება. ამის შემდეგ შეუდარებლად ყვავილობს.

სხვა ამპელური მცენარეები

● ამპელურ მცენარეებში განიხილება ასევე პეტუნია, რომელიც კარგად ეგუება ღია გრუნტს და ყველანაირ ნიადაგს. უყვარს სინათლე და უხვად მორწყვა.

● ამპელური ვერბენა უხვად ყვავის, კარგად ძლებს სიცხესა და სიცივეში, უპრეტენზიოა, სწრაფად იზრდება და ფარავს დიდ ფართობს. იმისთვის, რომ ყოველწლიურად არ დაითესოს, შეიძლება მისი ზამთარში ქოთნით სახლში შეტანა და გრილ, ნათელ ადგილას განთავსება.

● ბაღში მშვენივრად გრძნობს თავს ამპელური ბოლქვოვანი ბეგონიაც. შეიძლება სხვადასხვა ფერის ბეგონიის ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით დარგვა.

● დიქონდრა - დეკორატიულ-ფოთლიანი ამპელური მცენარეა, დაავადებების მიმართ მდგრადი, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

● ამპელური ფუქსია სწრაფად მზარდია, უხვი ყვავილებით, ამტანობით გამოირჩევა. არ უყვარს პირდაპირი მზე, მიწა კი სულ ნესტიანი უნდა ჰქონდეს. ორ კვირაში ერთხელ საჭიროა მისთვის სასუქის მიწოდება.

● ბაკოპა - გრძელი ტოტები აქვს. სხვადასხვა ფერის ყვავილები, პირდაპირ მზეს კარგად იტანს. არ სიამოვნებს ზედმეტი წყალი. მთელი ზაფხული ყვავის, შემოდგომაზე სახლში შეაქვთ.

● არაერთ ამპელურ მცენარეს აქვს დეკორატიული ფოთლები (სატაცური, ფხიჯა/ქვატეხია) ან ლამაზი ყვავილები (მაჩიტა, ბეგონია, ნემსიწვერა, ლობელია), ისინიც ინტერიერებში გამოიყენება. ღია ცის ქვეშ იყენებენ როგორც ხეებს (ვაზი, ვაშლანა), ისე ბალახოვან მცენარეებს (დედოფლის ყვავილი). ნიადაგს ამზადებენ ფოთლოვანი, კორდიანი და ტორფიანი მიწის ნარევით, რომელსაც შერეული აქვს მდინარის ქვიშა. საჭიროებს ზომიერ დატენიანებას. ბებერი, ძლიერ გაზრდილი ამპელური მცენარეები კარგავენ დეკორატიულობას. ისინი, ძირითადად, კალმით მრავლდებიან.