როგორ იქცა ფრინველის სიყვარული  მთავარ საქმედ - კვირის პალიტრა

როგორ იქცა ფრინველის სიყვარული  მთავარ საქმედ

"ფრინველის მოშენებას ბიზნესად არ აღვიქვამ. ახლა ეზოში ლამაზ ბილიკებს, გალიებს, აუზს ვაკეთებ და მინდა ბაღის და სკოლის ბავშვები მოვიწვიო ექსკურსიებზე", - გვეუბნება მუხრანელი სერგო მღებრიშვილი.

სერგო მღებრიშვილი:

- სოფელში თავდაპირველად დროებით გადმოვედით, როცა ბინა გავყიდეთ და სანაცვლოდ მშენებარე ვიყიდეთ. სოფელ მუხრანიდან ვარ და მამა-პაპის სახლში დავსახლდით.

ბევრი რამ ვცადე, მაგრამ არ გაამართლა. ძალიან ძვირი ჯდება ყველაფერი: მოვლა, სასუქი, მუშახელი, ტრაქტორის სამუშაო. თუ გადამყიდველებზე ხარ დამოკიდებული, არაფერი გამოდის. 3 ჰექტარზე ხახვი მეთესა. ორი ჭა ამოვთხარე, დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა შემოვღობე და სარწყავი სისტემა გავიყვანე. თვითნაკეთი სპეცტრაქტორი ავაწყვე, რომლითაც 1200 ლიტრი შესაწამლი ხსნარი და ოთხი მუშის თანხა დავზოგე. მოსავლის ასაღებიც გავაკეთე, ხახვზე ფოჩის მოსაჭრელი დანადგარი, ტომრებში ადვილად ჩასაყრელი მაგიდა. მეუღლე მხარში მედგა, რადგან ამ ყველაფერს ყურადღება უნდოდა, ხოლო მე სამსახურში ვიყავი. ერთი კარგი ადამიანი, მშრომელი კაცი, მეგობრის ფერმაში მუშაობდა და შეთავსებით მეც მეხმარებოდა. მეგობარმა ფერმა დამითმო. ცხრა გალია ავაშენე, თითოში ოთხი ღორი იზრდებოდა. გოჭებიც გვყავდა, მაგრამ მოგების ნაცვლად ვიზარალე. მთელი ხელფასი მიჰქონდა, სესხის აღება მომიხდა და იძულებული გავხდი ბინა გამეყიდა. დილის 7 საათზე თბილისში სამსახურში მივრბოდი და უკან მობრუნებული, საღამოს 7 საათზე, ხახვს ვწამლავდი. დედა ღორებს ვუვლიდი, ვეტექიმიც გავხდი და აგრონომიც. მხოლოდ ვაჭრობა ვერ ვისწავლე...

კიდევ ორი ბიზნესი ვცადე. გურიაში 1 ჰექტარი თხილის ნარგავები შევიძინე, პირველ წელს კარგი მოსავალი ავიღეთ, ყოველ შაბათ-კვირას მე და მეუღლე 350 კილომეტრზე მივდიოდით, თხილს ვკრეფდით და ორშაბათს, 8 საათზე სამსახურში ვიყავი. ფაროსანამ ყველაფერი გაანადგურა... მერე ბიზნესპარტნიორთან ერთად გერმანიიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემოგვქონდა, მაგრამ პანდემიამ მოგვისწრო და...

bd1a5b4b-d93d-4d7e-9005-3cdf66f4c8fa-1773166259.jpg

მეფრინველეობა ჰობი იყო... ეზო დიდი გვაქვს და წიწილები სილამაზისთვის ვიყიდე. ლამაზი გალიები გავუკეთე და დავიწყე მოშენება. ყოველ კვირას ბაზარზე მუხრანში მე და ჩემი მეუღლე განსხვავებული ფერის წიწილებს ვყიდულობდით. შევმატეთ ციცარი, იხვი, ინდაური. ყველა შეფერილობის ქათამი რომ მოვაგროვეთ, დავფიქრდი დეკორატიული და ჯიშიანი ფრინველების მოშენებაზე. ინტერნეტის საშუალებით ვყიდულობდით. ვოლიერები გავაკეთე, ფრინველები მომრავლდნენ, ყველა პირველი კვერცხი ძალიან სასიამოვნო დასანახავი იყო. "იუტუბის" დახმარებით ინკუბატორი ჯერ მიკროტალღურ ღუმელში ავაწყვე, შემდეგ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ბევრი რომ დამიგროვდა, ნაწილი გავყიდე. 350 ფრინველი მყავდა. კონტაქტური ზოოპარკი მინდა გავაკეთო - ეზოში ლამაზი ბილიკები გამყავს, აუზი გამდინარე წყლით. მინდა ბაღისა და სკოლის ბავშვები მოვიწვიო ექსკურსიებზე.

- რამდენი სახეობის ფრინველი გყავთ?

- ახლა მყავს ალმასის, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, სამეფო ხოხბის ჯიშები, კოლხური თავისთავად. ხუთი ფარშავანგი, იხვები - ქოჩორა, ხაზარულა, მუშკი, შოკოლადისფერი მუშკი, "მანდარინკა" (იხვკაზმულა), "კაროლინკა" (მეხეური); ბატები - თეთრი ლინდა და ნაცრისფერი ჯავახური; შავი, აგურისფერი და ნაცრისფერი ინდაურები. ქათმის ბევრი სახეობაა: წითელი კვერცხის მდებელი მარანსი, მწვანე კვერცხის - ლეგბარი, არაუკანა - ცისფერი კვერცხის; აბრეშუმის ქათამი, კოლუმბიური ბრამი, ანკონა, ჯუჯა კოხი, ოქროსფერი სებრაიტი, ვერცხლისფერი სებრაიტი, შაბო, სასექსი, ფრანგული წითელი ბროილერი, ჰოლანდიური პადუანი... ინფორმაცია მოვიძიე ჯიშების გამოყვანის შესახებ და დედალი მარანსიდან და მამალი არაუკანიდან ოლივეგერი მივიღე, რომელიც ზეთისხილისფერ კვერცხს დებს. მყავს სულთანიც, სამწუხაროდ, დედალი მომიკვდა და ვეღარ ვშოულობ.

ყველაზე რთული იყო სირაქლემას სიკვდილი. სამი მომიკვდა, არ მოვეშვები, მაინც გავზრდი. ფეხი თუ დაიზიანეს, ისტრესებიან, არ ჭამენ და იხოცებიან... ჰამაკი ავუწყვე, ეტლი გავუკეთე, ოღონდ ეცოცხლა. საუბრით მშვიდდებოდა და ღამით ოთხ-ხუთ საათს ვეჯექი, ველაპარაკებოდი, ხელით ვკვებავდი, თაბაშირში ჩავუსვი ფეხი და მაინც ვერ გადავარჩინე.

3c13865f-a488-46dc-a496-c01b85d4371c-1773166122.jpg

შარშან ჭირი რომ მოედო, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვთხოვდით, ფრინველებისთვის დაგვეხედა. დახოცილები რომ გვხვდებოდა, არ გვინდოდა გარეთ გასვლა. ასამდე ფრინველი მომიკვდა... სამაგიეროდ, ახალი სიცოცხლე სულ იბადება, ორი ინკუბატორი გვაქვს, კვერცხს არ ვჭამთ, სულ ინკუბატორში ვალაგებთ. ფრინველს არ ვაგზავნინებთ, ადგილზე ჩავდივართ. ერთი წყვილი ქათმის გამო ფოთში ჩავსულვარ, თელავში - კვერცხისა და ფარშავანგის, ქობულეთში - ქათმის წამოსაყვანად, თან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით და ახალი მეგობრები შევიძინეთ.