ირანის ომის სამი სცენარი: კარგი, ცუდი, უარესი - გადავა თუ არა ჩინეთი შეტევაზე?!
შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციუჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „აშშ-ის გაძლიერება, ჩიხი თუ ჩინეთ-რუსეთის წარმატება: როგორ შეიძლება დასრულდეს ირანის ომი?“ (ავტორები - გეორგ ჰესლერი და პეტერ ფიშერი). „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიზნებს განწყობის მიხედვით იცვლის, თეირანი კი ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს გზავნის. რა გავლენას მოახდენს ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე ომის ესკალაცია გლობალურ ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე?“ - ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციაში, რომლის პასუხად სამი სავარაუდო სცენარია მოცემული.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-ისრაელისა და ირანის ომისკენ არის მიპყრობილი: ბჭობენ და კამათობენ საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე და ომის სავარაუდო შედეგებზე, როგორც რეგიონისთვის, ასევე - მთელი მსოფლიოსათვის. რა პერსპექტივა აქვს ირანს? დაახლოებით, როდის დასრულდება სამხედრო დაპირისპირება? ექსპერტთა აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ შეიცვლება ომის შედეგად საერთო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონტექსტი.
ჩვენი თვალსაზრისით, მოვლენები შეიძლება განვითარდეს სამი სცენარით: პირველი - პოზიტიური დასავლეთისათვის, მეორე - ნეიტრალური სახით და მესამე - უარყოფითად. სამივე სცენარი დაფუძნებულია მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც სამომავლო ცვლილებების ინდიკატორებს წარმოადგენენ. ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ სცენარები პროგნოზებს არ გამოხატავენ, ისინი მხოლოდ სიტუაციის განვითარების ვარიანტებს გვიჩვენებენ, რომლებიც საფრთხეების მიხედვითაა დალაგებული.
I. ომი სიტუაციის განმუხტვით დასრულდება, მოხდება ცვლილებები
მიუხედავად იმისა, რომ თეირანის რეჟიმი რეგიონში ომის ესკალაციას ცდილობს [გაერთიანებულ საამიროებს უფრო მეტად ურტყამს) - პარალელურად, შერიგების სიგნალებსაც გზავნის. პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მეზობლებს ბოდიშს უხდის („თქვენთან სამტრო არაფერი მაქვს, მაგრამ იძულებული ვარ, აშშ-ის ბაზები დავბომბოო“) და მოწადინებულია, მათთან გარკვეული თანამშრომლობაც გააგრძელოს, თუმცა როგორ - ეს გაურკვეველია.
პოზიტიურ სცენარში მასუდ პეზეშკიანი ახერხებს ირანის რეფორმატორული ძალების გაერთიანებას, რომლებიც, მართალია, ისლამური რესპუბლიკის სისტემას არ უარყოფენ, მაგრამ კონსერვატორთა მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილნი - მაგალითად, ექსპრეზიდენტების - ჰასან რუჰანისა და მოჰამედ ჰათამის ჩათვლით, რომლებიც შინაპატიმრობაში არიან. რეჟიმის რეფორმა (ცვლილებები) შიგნიდან სწრაფი დაზავებისა და სამოქალაქო ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.
ასეთი შედეგები შეიძლება დადგეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების სამხედრო მარცხით: ამერიკა და ისრაელი ახერხებენ ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების განადგურებას ჰაერიდან თავდასხმების მეშვეობით. უახლოეს კვირებში სპარსეთის ყურის ქვეყნებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ კონფლიქტის მხარეებმა უშუალოდ, პირისპირ დაიწყონ მოლაპარაკება.
ირანის ახალი ხელისუფლება დამაჯერებელ დათმობებზე მიდის და წყვეტს ბირთვული პროგრამის რეალიზებას. თეირანი, ასევე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონტროლის განხორციელებას.
ამის სანაცვლოდ აშშ და ევროპა ანტიირანულ სანქციებს არბილებენ. ირანის ნავთობის ექსპორტზე ემბარგო უქმდება. თვით ირანში ეკონომიკური სიტუაცია სწრაფად უმჯობესდება: ქვეყანა დასავლეთთან ახლოურთიერთობებს ავითარებს. თანდათანობიც გავლენას კარგავენ რელიგიური სტრუქტურებიც. თავის მხრივ, ისლამური რევოლუციის გუშაგებიც შეცვლილი სიტუაციიდან სარგებელს იღებენ - ისინი ბიზნესში სულ უფრო ფართოდ მონაწილეობენ.
ომის დროს ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე მომატებული ფასები მცირდება და თავის საშუალო მაჩვენებელს უბრუნდება - დაახლოებით, 70 დოლარს. ინფლაციის დონე იკლებს. მსოფლიო ეკონომიკა შვებით სუნთქავს, თუმცა გამალებული შეიარაღება მაინც გრძელდება. ახლოაღმოსავლეთის ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ, გაზარდონ ინვესტიციები სამხედრო წარმოებაში და, პარალელურად, ორიენტაციას აშშ-ზე იღებენ.
II. ომი მთავრდება გეოპოლიტიკური ცვლილებების გარეშე
ომი უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს, თუმცა ირანის მმართველი რეჟიმი ქვეყანას მაინც აკონტროლებს და ამ მიზნით სტრუქტურების დეცენტრალიზებას ახდენს. პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა უკვე განაცხადა, რომ პროვინციების ხელმძღვანელების უფლებამოსილება გაფართოვდა, რათა მათ გადწყვეტილებების სწრაფი მიღება შეეძლოთ, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
სამხედრო თვალსაზრისით, ნეიტრალური სცენარი პატური სიტუაციის შექმნას ნიშნავს: მართალია, რევოლუციის გუშაგები თავიანთი სამხედრო პოტენციალის ნაწილს კარგავენ, ისინი მაინც აგრძელებენ რეგიონზე თავდასხმებს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით. მთიან ადგილებში დისლოცირებული გუშაგთა მნიშვნელოვანი ბაზები კარგად არიან დაცულები და საომარ მოქმედებას აგრძელებენ.
ირანის მიერ ორმუზის სრუტის სრული ჩაკეტვა ნავთობზე ფასების ზრდას იწვევს, ერთ ბარელზე 100 დოლარზე მეტს. ფინანსურ ბაზრებზე ნერვიულობა მატულობს. დონალდ ტრამპი შიშობს, ვაითუ რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის შუალედური არჩევნები წააგოს და ბენიამინ ნეთანიაჰუს სურვილის საწინააღმდეგოდაც ცდილობს, სწრაფად გავიდეს ომიდან.
სიტუაციის ამ სცენარით განვითარება მოგებიანია, უპირველეს ყოვლისა - ჩინეთისთვის: იმიტომ, რომ ევროპა ძველებურად უკრაინის კონფლიქტით და რუსეთთან წინააღმდეგობით არის დაკავებული, შეერთებული შტატები კი ვერა და ვერ აქცევს მეტ ყურადღებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს. პეკინი მდგომარეობით სარგებლობს და მისი გავლენა იზრდება.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ და რატომ გაუვრცელა პუტინს სკანდალური ვიდეო -" ყველას მობეზრდა ავადმყოფი და დაჩაჩანაკებული კრემლის ბინადარი"
შურისძიება საიქიოდან: რა საიდუმლო გეგმა დატოვა აიათოლა ხამენეიმ?! - "მსოფლიო დიდ ცეცხლში გაეხვევა"
III. ომის გადაზრდა გლობალურ კონფლიქტში
გასულ კვირას Taiwan Security Monitor-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ბოლო 7 დღის განმავლობაში არც ერთ ჩინურ ავიაგამანადგურებელს ტაივანის საჰაერო კონტროლის ზონა არ დაურღვევია. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია: ასეთი ხანგრძლივი პერიოდი პროვოკაციების გარეშე კომუნისტური ჩინეთის მხრიდან ტაივანის მიმართ დიდი ხანია, არ ყოფილა.
ნეგატიური (უარესი) სცენარით სიჩუმე, რომელიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ტაივანის ირგვლივ სუფევს, მატყუარა და საფრთხის მაუწყებელია. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთი კუნძულის ტოტალური ბლოკადისათვის ემზადება. ამისათვის ხელსაყრელი დრო და შესაძლებლობები არსებობს: აშშ-მა თავისი ძალების ნაწილი წყნარი ოკეანიდან ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაიყვანა, ირანთან ომის გამო და ამით მოკავშირეთა პოზიციებიც დაასუსტა. პეკინი ელოდება, როდის გამოიფიტება აშშ-ის რესურსები ახლოაღმოსავლეთში.
ასეთი სახიფათო სცენარის დროს ომი დასავლეთისათვის და აშშ-ისრაელისათვის არასასურველად ვითარდება: ირანელი რევოლუციის გუშაგები ასიმეტრიულ ბრძოლაზე გადადიან და ბალისტიკურ რაკეტებს ზომიერად ხარჯავენ. სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დრონებით შეტევა გრძელდება, ინგრევა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ბაჰრეინში გუშაგები ანადგურებენ წყალმფილტრავ სადგურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუშაგები თავიანთ რეგიონულ მოქმედებას აფართოებენ.
ენერგომატარებლების ფასი მკვეთრად იზრდება, ფინანსური ბაზრებზე შეშფოთება მატულობს. მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტიციების ჩადება მცირდება. რუსეთი და ჩინეთი ირანს ფარულად მხარს უჭერენ და ეხმარებიან. პეკინი და მოსკოვი ზეწოლას ახდენენ სპარსეთის ყურის რეგიონის მონარქიებზე, რათა მათ ამერიკელები დათმობებზე დაითანხმონ.
ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ აშშ თავს გამარჯვებულად აცხადებს და ომიდან გადის, თან ახლოაღმოსავლეთში ქაოსურ მდგომარეობაში ტოვებს. ვაშინგტონის აზრით, ახლოაღმოსავლეთში ყველა მიზანი მიღწეულია და ძალებს წყნარ ოკეანეში გზავნის, სადაც ჩინეთი და აშშ ერთმანეთის პირისპირ დგებიან. რუსეთი აძლიერებს ზეწოლას ევროპულ ქვეყნებზე, ნატოსა და უკრაინაზე.. ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგები ქვეყანას ერთპიროვნულად მართავენ და რეპრესიებს აძლიერებენ.
კრემლი რუს ფიზიკოსებს და ბირთვული ობიექტების ინჟინრებს ირანის ბირთვული პროგრამის რეალიზების დასაჩქარებლად თეირანში გზავნის. სამი წლის შემდეგ ირანი აცხადებს, რომ ის ბირთვულ ბომბებსა და შესაბამის საშუალო და შორი რადიუსის მქონე რაკეტა-მატარებლებს ფლობს. საუდის არაბეთი საკუთარი ბირთვული პროგრამის რეალიზებას იწყებს. ისრაელი ისევ მუქარის ქვეშაა. რეგიონი დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ადგილი ხდება. მსოფლიო ეკონომიკა პარალიზებულია. საფონდო ბირჟები ინგრევა. მაღალი დონის ნერვიულობა და გაურკვევლობა ცხოვრების ნორმა ხდება.
ცალკეული კონფლიქტების გააქტიურება და მათი ერთ ფრონტად გადაქცევა იძულებულს ხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ერთნაირად იყოს ევროპაშიც და წყნარ ოეკეანეშიც. შუალედური არჩევნების შემდეგ კონგრესში ძალთა თანაფარდობა იცვლება. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების კურსი პარალიზებულია დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე. ჩინეთი იძულებულს ხდის ტაივანს, უარი განაცხადოს თავის სუვერენიტეტზე და რუსეთთან ერთად მსოფლიოში ახალ წესრიგს ამყარებს.
დონალდ ტრამპი ფსონს პირველ სცენარზე დებს, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა მეორე, პატური სცენარი, როცა ომი რაიმე ცვლილებების გარეშე მთავრდება ანუ გრძელდება გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფაზა. მაგრამ ყველაზე სახიფათო და საშიში სცენარიც არ უნდა გამოირიცხოს. ევროპა ამისათვის მზად უნდა იყოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ