„თბილისმა რამდენიმე დღით დუბაი ჩაანაცვლა" - შალვა ალავერდაშვილი
ტურიზმის სექტორი მიმდინარე მოვლენების ფონზე კვლავ გაურკვევლობის რეჟიმში რჩება. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა ზამთრის კურორტები, სადაც ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელიდან და დუბაიდან მოდიოდა.
მისი თქმით, გუდაურში ჯავშნების დიდი ნაწილი სრულად არ გაუქმებულა და ძირითადად მათი გადავადება მოხდა, თუმცა სეზონის დასრულებამდე დარჩენილი მოკლე პერიოდის გამო მათი ნაწილის გადატანა ვერ მოხერხდა.
თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციაც – რამდენიმე დღით თბილისმა დუბაი ნაწილობრივ ჩაანაცვლა ტურისტებისთვის.
„წლევანდელ სეზონზე გუდაურში სტუმრების დაახლოებით 70%-ს დუბაიდან და ისრაელიდან იყვნენ და პირველმა 20-მა დღემაც ძალიან დადებითად ჩაიარა.
ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო გუდაურმა და ასევე ბათუმის კაზინოებმა, სადაც ჩარტერები მიფრინავდა ისრაელიდან მთელი ზამთრის განმავლობაში. ეს ფრენები მთლიანად გაუქმდა,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა.
რაც შეეხება თბილისს, მისი თქმით, დედაქალაქშიც დაფიქსირდა ჯავშნების გაუქმება, თუმცა მათი ნაწილი მოგვიანებით პერიოდზე გადაიდო.
„თბილისშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჯავშანი გაუქმდა, თუმცა აქ უფრო დროის გადაწევა მოხდა. მაგალითად, აპრილის მეორე ნახევარში და მაისისკენ. შესაბამისად, თბილისში ნაკლები ჯავშანი გაუქმდა, ვიდრე გუდაურში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 8 მარტის პერიოდში პოსტსაბჭოთა სივრციდან სტუმრები, რომლებიც დუბაიში მიდიოდნენ დასასვენებლად, უსაფრთხოების ფაქტორის გამო თბილისში გადმოვიდნენ. დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში ქალაქი საკმაოდ კარგად დაიტვირთა,“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.