"ბევრს უთქვამს, "ოცნების" მომხრე ვარ, მაგრამ იმდენად კარგად მოგაქვს შენი როლი, ტექსტს არც ვუსმენ, ისე გიყურებო"
მისი პერსონაჟები უკვე კარგა ხანია მაყურებლის ყურადღებას იქცევს. ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს მის ვიდეოებს... საოცრად ემსგავსება იმ ადამიანებს, ვის პაროდიასაც აკეთებს... იუმორისტი, პაროდისტი, მომღერალი ლადო კუჭუხიძე AMBEBI.GE-ს უყვება როგორ ქმნის ცნობილი ადამიანების პერსონაჟებს, პაროდიებს, როგორ დაკარგა მისი სახით მსუბუქმა მრეწველობამ ინჟინერი და როგორ იპოვა თავი თვითონ ამ ახალ ამპლუაში.
- წყალტუბოს რაიონის ფარცხანაყანევში სკოლაში 2 წელიწადი ვისწავლე, შემდეგ წყალტუბოს მე-2 საშუალო სკოლაში შევედი და სკოლა იქ დავამთავრე. მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩვენთან ლოტბარი მოვიდა, სხვა ბავშვებთან ერთად, მეც ამირჩია და სადღაც 5 წელიწადი ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი. მერე ის ლოტბარი სამუშაოდ სხვა სკოლაში გადავიდა, სადაც მეც გადავყევი. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ სოლისტი გახლდით და ეს საქმე ურიგოდ არ გამომდიოდა. მიხაროდა რეპეტიციები და იქ სიარული. მერე ჩემი სკოლის დირექტორმა რომ გაიგო, სხვა სკოლის სახელით გამოვდიოდი, ეს ამიკრძალა. გული დამწყდა, რომ სიმღერას ჩამომაშორეს, თან ბავშვებსაც შეჩვეული და 4-5 სიმღერის სოლისტი ვიყავი... წყალტუბოში მაშინ სანატორიუმები აქტიურად მუშაობდა და ჩვენი ლოტბარი დამსვენებლებისთვის კონცერტებს ატარებდა, სადაც გუნდები მიჰყავდა. მამიდასთან ვცხოვრობდი, ლოტბარი მომაკითხავდა, კონცერტებზე მივყავდი და უკან მაბრუნებდა. ამას ისე აკეთებდა, რომ ჩემი სკოლის დირექტორს არ გაეგო. ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ სხვა არ გამოჩნდა და ის სოლოები არ ისწავლა. მერე ნელ-ნელა მოვწყდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა.
- მერე სწავლა ქუთაისში გააგრძელეთ?
- კი, ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და იქ ისევ გაცოცხლდა ჩემი მუსიკალური მიმართულება. მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი გავხდი. ვიყავი იქ, სადაც მსახიობობაც მჭირდებოდა, სიმღერაც, სცენარისტობაც და ბევრი რამ. ის ყველაფერი მომეწონა და იმ კლუბის აქტიური წევრი აღმოვჩნდი. გუნდს „შარახვეტიები“ ერქვა. მე და ნიკა არაბიძე საქართველოს ნაკრებშიც ვთამაშობდით და თბილისში ჩამოვდიოდით, სადაც საქართველოს ჩემპიონატში ვერთვებოდით. ყველა უმაღლეს სასწავლებელი მონაწილეობდა. ეს იყო 1995-1996 წლები. კონცერტები ანშლაგებით მიდიოდა, ფილარმონია გულშემატკივრებით ივსებოდა. „შარახვეტიებს“ ყვითელი ჟილეტები გვეცვა და ისეთივე ყვითელი ჟილეტი ჩვენს 200 გულშემატკივარსაც ეცვა ხოლმე, რომლებიც ქუთაისიდან მოგვყვებოდნენ. აზარტული და საინტერესო თამაში იყო. კარგად მახსენდება ის პერიოდი. შემდეგ ბათუმშიც გაკეთდა ნაკრები და იქაც ჩავდიოდით.
- ტექნიკურ უნივერსიტეტში რას ეუფლებოდით?
- მსუბუქ მრეწველობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, - ფაკულტეტს ასე ერქვა - გამომყვანი წარმოების ქიმური ტექნოლოგია და მოწყობილობა. ქსოვილი უნდა გამომეყვანა. ქუთაისში აბრეშუმკომბინატი იყო, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, იმ წელს ის კომბინატი დაიწვა. გამოვიდა, რომ იმ ფაკულტეტს ფაქტობრივად ტყუილად ვამთავრებდი. ალბათ ამიტომაც შემიყოლია მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა.
- როგორი ბავშვი იყავით?
- ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მაგრამ ცელქის გამომეტყველება არ მქონდა. სულ ვმოძრაობდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, ვჩხირკედელაობდი და ხელმარჯვე ოსტატი გახლდით. ხის ინსტრუმენტებს ვქმნიდი, - გიტარას, კლავიშებს, ეს უნარი დღესაც გამომყვა. ჩემი ხელით უამრავი რაღაც მაქვს გაკეთებული და შექმნილი. მაგრამ იმის სურვილი, რასაც დღეს ვაკეთებ, ეს ჩემში ალბათ იყო - მომღერლობაც მინდოდა და მსახიობობა. გადმოვიდა, რომ იმ სურვილს ახლა ვიკლავ.