"ბიზნესმა შესაძლოა, ნაავარიები მანქანები შემოიყვანოს, რაც იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის სავალალო შედეგის მომტანი" - ეკა ლალიაშვილი 6-წლამდე ავტომობილების რეგულაციაზე
ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მხოლოდ ერთი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანას შეზღუდავს, ქვეყანაში სურათს დიდად ვერ შეცვლის.
როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას აღნიშნა, „ამ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა, ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში“.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ავტოპარკი არის მოძველებული. დაახლოებით 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული ავტომობილი. ხუთ წლამდე ავტომობილების ოდენობა დაახლოებით 3%-ია ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ავტოპარკის გაახალგაზრდავება და გაახლება, თუმცა სწორი მომენტი და სწორი საკანონმდებლო პაკეტია შესამუშავებელი და გასააზრებელი. ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონპროექტი სურათს დიდად ვერ შეცვლის, მაგრამ ამ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში.
იმედია, რომ ეს კანონი ძალაში ცოტა სახეშეცვლილად შევა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შესაძლოა 6 - წლამდე ავტომობილები შემოვიდეს ქვეყანაში, თუმცა ბიზნესი, რომელიც ამას აკეთებს, გადაერთოს და ნაავარიები მანქანები შემოიყვანოს, რაც იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სავალალო შედეგის მომტანი. მანქანები, რომლებიც ვეღარ დააკმაყოფილებს ვერცერთ უსაფრთხოების ზომას, მაგალითად, საჰაერო ბალიშები შეიძლება არ ჰქონდეს ან ისეთი პარამეტრები ჰქონდეს დარღვეული, რომ ავტოავარიის დროს მაღალი მსხვერპლი გამოიწვიოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისურვებდი, რომ ამ ტიპის კანონები სანამ შევა ძალაში, იყოს ყველა მხრიდან გააზრებული“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ამასთან, მან გასული წლის საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაცემი 2%-ითაა გაზრდილი.
"ინტერპრესნიუსი"