უკრაინელების უნიკალური ოპერაცია: გამანადგურებელი დარტყმა პუტინის რაკეტების „ელექტრონული ტვინების“ მწარმოებელ რუსულ ქარხანაზე
გამანადგურებელი დარტყმა პუტინის რაკეტების „ელექტრონული ტვინების“ მწარმოებელ რუსულ ქარხანაზე...
ირანის ომის ფონზე გარკვეულწილად ჩრდილში აღმოჩნდა რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასული ომი, თუმცა იქაც არანაკლებ სერიოზული საჰაერო ოპერაციები ხორცილდება, რომელთაგან ერთ-ერთი ბოლო გახლდათ რუსეთის ბრიანსკში განხორციელებული უკრაინული მასიური ზუსტი სარაკეტო შეტევა, რომელიც თავისი ეფექტურობითა და ეფექტიანობითაც არაფრით ჩამოუვარდებოდა ისრაელისა თუ აშშ-ის მართვადი ფრთოსანი რაკეტების წერტილოვან დარტყმებს ირანის სამხედრო ობიექტებზე...
ბრიანსკი რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის დედაქალაქია და მასში საბჭოთა პერიოდიდან განთავსებულია სამხედრო მრეწველობის მნიშვნელოვანი ობიექტები,მათ შორის «Кремний ЭЛ»-ის მიკროელექტონიკის ქარხანაც,რომელიც აწარმოებს 1 500-მდე დასახელების ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება იმ რუსულ ბალისტიკურ( „ისკანდერ-მ“ და „კინჟალი“) და ფრთოსან (Х-59, Х-69, Х-101 და Х-555) რაკეტებსა და „გერან“-ის ტიპის კამიკაძე-დრონების მართვის „ტვინებში“, რომლებიც ყოველღამე ესხმიან თავს უკრაინულ ქალაქებს...
უკრაინას საჰაერო თავდაცვას არასოდეს ექნება იმის საკმარისი „პეტრიოტის“ ანტისარაკეტო სპეციალიზირებული მართვადი რაკეტები, რომ ყველა რუსული „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ შეტევა მოიგერიოს (ეს კი არა, ირანული რაკეტების ჩამოსაგდებად ამერიკელების მიერ უხვად გახარჯული ანტისარაკეტო „პეტრიოტის“ რაკეტების გამო, მალე უკრაინელი მეზენიტეები შეიძლება საერთოდ მათ გარეშეც კი დარჩნენ), ამიტომაც ორი გამოსავალი რჩება-ოპერატიული კონტრდარტყმების განხორციელება „ისკანდერების“ გამშვებ მობილურ დანადგარებზე(ზუსტად ისე, თუ დღეს როგორ „ნადირობენ“ ირანულ სარაკეტო მობილურ გამშვებებზე ისრაელელი და ამერიკელი პილოტები) და რუსული რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმების მიყენება, რომ ამ პროდუქციის წარმოების შეფერხება მოხდეს, შესაბამისად ბოლომდე ვეღარ დაკომპლექტდებიან პუტინის რაკეტები და ისინი ვერ ჩადგებიან საბრძოლო მზადყოფნაში, რომ უკრაინაზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელონ...
ბრიანსკის „კრემნი ელ“-ის მიკროელექტრონიკის ქარხანა კი პირდაპირი ხაზით სულ რაღაც 104 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის საზღვრიდან და შესაბამისად, ძალიან „მსუყე“ და ადვილად მისაღწევ ლუკმას წარმოადგენს უკრაინის გენშტაბისთვის, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ 2023 წლის 30 აგვისტოს ერთმა უკრაინმულმა კამიკაძე-დრონმა შეტევა მიიტანა „კრემნი ელ“-ის ადმინსტრაციულ შენობაზე, ხოლო 2024 წლის 19 ოქტომბერს უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევის მცდელობა გამეორდა, ოღონდ დიდი შედეგი არ ჰქონია...
ასევე დაგაინტერესებთ: მიხეილ სააკაშვილის "სამხედრო საიდუმლოებები": მართლა აძლევდა თუ არა ობამა საქართველოს "პეტრიოტებს" და იგეგმებოდა თუ არა "დელტაში" ბალისტიკური რაკეტების წარმოება?!
ქუვეითელ პილოტს სამი ამერიკული „არწივი“ შეგნებულად ჩამოუგდია?
მიწისქვეშა "სარაკეტო ქალაქები" და "კოღოების ფლოტი" - სად მალავენ შეიარაღებას ირანელები?!
2026 წლის 10 მარტს კი ბრიანსკის „კრემნი ელ“-ის მიკროელექტრონიკის ქარხანაზე ყველაზე მძლავრი უკრაინული საჰაერო დარტმა განხორციელდა, ამჯერად არა ნელამფრინავი კამიკაძე-დრონების (რომელთა ჩამოგდება შედარებით ადვილია), არამედ Storm Shadow/SCALP-ის ტიპის რვა ფრთოსანის რაკეტის გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რვა რაკეტა გაუშვა არანაკლებ ოთხმა უკრაინულმა Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენმა და მათი ერთდროული მონაწილეობა ამ კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ საჰაერო ოპერაციაში იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინელები ახერხებენ ამ ტიპის ბომბდამშენების აღდგენასა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას, მათი აეროდრომების მუდმივი დაბომბვის პირობებშიც...
Storm Shadow/SCALP-ის ტიპის რვა გაშვებული ფრთოსანი რაკეტიდან ხუთი „კრემნი ელ“-ის ქარხნის ძირითადი საამქროს შენობას მოხვდა, ორი რაკეტა ამავე ქარხნის სხვა შენობებს, ხოლო ერთ რაკეტა მიზნამდე მიფრენამდე რამდენიმე ასეულ მეტრში ჩამოვარდა, ზედ გზაზე, რამაც ძირითადად გამოიწვია 37 ადამიანის დაჭრა, დაიღუპა ექვსი.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ მრავლობით ვიდოკადრებში კარგად ჩანს, რომ უკრაინული სარაკეტო დარტყმის შედეგად ბრიანსკის „კრემნი ელ“-ის მიკროელექტრონიკის ქარხნის მთავარი საამქროს შენობამ (რომელიც კარგ კონტრასტულ სამიზნეს წარმოადგენდა Storm Shadow/SCALP-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების დამიზნების კომბინირებული სისტემისთვის) სერიოზული დაზიანებები მიიღო, რაც დიდი ალბათობით სერიოზულ პრობლემებს გააჩენს პუტინის რაკეტების „ელექტრონული ტვინებით“ დაკომპლექტებაში...