"ღმერთმა დაიფაროს, რომ რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვოს - როცა „ოცნება“ იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, ეს შეიძლება იყოს აღქმული რუსეთის საქმის კეთებად" - გიორგი შარაშიძე
ღმერთმა დაიფაროს, რომ რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვოს - როდესაც „ოცნება“ იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, ამძიმებს ავტორიტარიზმს, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, არ იცავს კანონის უზენაესობას, ეს შეიძლება იყოს აღქმული რუსეთის საქმის კეთებად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ევროპული დემოკრატიის პირობებში ძალაუფლებას დაკარგავს, რის გამოც საგარეო კურსის შეცვლას ცდილობს.
„ღმერთმა დაიფაროს, რომ რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ. ეს წყდება საქართველოში, აქ და ახლა. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგას და ჩვენ ასეთ წინააღმდეგობრივ ბრძოლაში „ოცნებასთან“ იმიტომ ვართ, რომ მას არ მივცეთ საშუალება, ბოლომდე დააზიანოს საქართველოს ევროპული მომავალი. ამის მცდელობები „ოცნებას“ აქვს, რადგან ყველაფრის ფასად სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ეს არის სამწუხარო რეალობა. არა იმიტომ, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი არ არის საუკეთესო ადგილი, სადაც საქართველო მოიაზრება - არა, „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატიის, ევროპული სასამართლოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, მათ ძალაუფლების დაკარგვის ძალიან სერიოზული საფრთხე შეექმნებათ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს კურსი შეცვალონ. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამავე თემაზე საუბრისას შარაშიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „ანტიდემოკრატიული კანონების მიღება, ავტორიტარიზმის გაძლიერება და ადამიანის უფლებების შეზღუდვა პირდაპირ აღიქმება, როგორც „რუსეთის საქმის კეთება“.
„რუსეთი „იმარჯვებს“, სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე, რომ თავად „ოცნება" აძლევს ამის საშუალებას. სავარაუდოდ, ეს მინიშნებაა ჩემთვის. ამდენი წელი იმისთვის არ გვიბრძოლია და არ გვიშრომია, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს.
როდესაც „ოცნება“ იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, ამძიმებს ავტორიტარიზმს, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, არ იცავს კანონის უზენაესობას - ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს აღქმული რუსეთის საქმის კეთებად. როდესაც ზურგი შეაქცია ევროპას, ეს შეიძლება იყოს აღქმული რუსეთის საქმის კეთებად და ამას საქართველოში არავინ არ დაუშვებს. „ოცნებას“ თავისი ინტერესი აქვს, თავისი პოლიტიკური მოტივაცია აქვს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებთ“, - აღნიშნა შარაშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"