"ჰყავს ერთი შვილი, მარტო ზრდიდა... დიდი ტკივილი გადაიტანა" - რას ჰყვებიან თელავში გარდაცვლილ 8 თვის ორსულ ქალზე ადგილობრივები?
თელავში 8 თვის ორსული, მაკა ასაბაშვილი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერც ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების მიზეზად სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი სახელდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
"როგორც მითხრეს, მაკა მკურნალობდა. თრომბი რომ არ განვითარებულიყო, ნემსებსაც იკეთებდა. სამწუხაროდ, მაინც განვითარდა თრომბი და სახლშია გარდაცვლილი. სასწრაფოც გამოიძახეს თურმე, თუმცა, რომ მოსულა, უკვე გარდაცვლილი დახვედრია. ვერც ნაყოფი გადაარჩინეს. საშინელებაა, რაც მოხდა, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. თრომბოფილიის მართვა ძალიან ძნელია, ექიმმა უნდა მართოს კარგად ასეთ დროს ორსულობა. თუ მკურნალობდა, რატომ მოხდა ეს ტრაგედია არ ვიცი. ძალიან რთულია ზოგადად მართვა, სამწუხაროდ, ხშირად იღუპებიან ორსულები თრომბით. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება ორსულების, რათა ორსულ ქალებს ყველა გამოკვლევა და პრეპარატი უფინანსდებოდეს. ძალიან განვიცდი მაკას ამბავს. ერთად ვმუშაობდით წლების წინ. ძალიან კარგად მახსენდება მასთან ურთიერთობა. თბილი გოგო იყო, უკარგესი ადამიანი. ძალიან დაგვწყვიტა გული. ერთი შვილი დარჩა”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
მაკას გარდაცვალებას განიცდიან მის მშობლიურ კუთხეში, თელავში. კიდევ ერთი ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას რთული ცხოვრება აქვს გავლილი.
“ეს საშინელი ამბავი დღეს გავიგე და ძალიან განვიცდი. მაკა საოცრად კარგი გოგო იყო. ბავშვობიდან ვმეგობრობდით, მაგრამ ერთი წელია არ მინახავს. ახლა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ყოფილა. გადმოცემით ვიცი, თრომბით არის გარდაცვლილი. ის ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო. გაჭირვების მიუხედავად, მუდამ მომღიმარი სახით შეგხვდებოდა და თავის ტკივილს არ გაგრძნობინებდა. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, სრულწლოვანია, მაკას პირველი მეუღლე გარდაცვლილია. მარტო ზრდიდა შვილს. თელავში ცხოვრობდა, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა მისი ძმა და მშობლებიც. დიდი ტკივილი გადაიტანა. მარტო უწევდა ცხოვრება თავის შვილთან ერთად... ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ასე მალე წავიდა ამქვეყნიდან. ძალიან დიდი გულისტკივილია. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ აღარ არის ახალგაზრდა გოგო თავის 8 თვის შვილთან ერთად. პატარას მოლოდინში იყო, ალბათ როგორ ითვლიდა დღეებს, როგორი სიხარულით ელოდებოდა შვილის დაბადებას, უნდა გაეხარა და უცებ ამხელა ტრაგედია დატრიალდა. თანავუგრძნობ მის შვილს და ახლობლებს ამ დიდ ტრაგედიას. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, მართლა ძალიან განვიცდი მომხდარს”, - ამბობს ადგილობრივი.
“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ქალის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)