თბილისი - "მომაკვდავი" ქალაქი - კვირის პალიტრა

თბილისი - "მომაკვდავი" ქალაქი

გაეროს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, თბილისი ყველაზე სწრაფად გაქრობადი (გაუჩინარებადი) ქალაქების რიცხვში აღმოჩნდა. რეიტინგში სულ 28 ქალაქი შევიდა და მათ შორის საქართველოს დედაქალაქი მე-15 პოზიციაზეა. გაერომ ყველაზე სწრაფად გაქრობად ქალაქებთან ერთად, ყველაზე სწრაფადმზარდი ქალაქების რეიტინგიც გამოაქვეყნა.

ექსპერტებმა ქალაქები 5 ფაქტორის მიხედვით შეაფასეს: ეკონომიკური პროდუქტიულობა, ცხოვრების დონე, ინფრასტრუქტურისა და გარემოს მდგომარეობა, ასევე სოციალური სამართლიანობა. ყველაზე სწრაფად გაქრობადი ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილზე დნეპროპეტროვსკია. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 13 წლის შემდეგ, ქალაქი მოსახლეობის 17%-ს და მასთან ერთად მილიონიანი ქალაქის სტატუსს დაკარგავს. გაქრობადი ქალაქების ხუთეულში არიან ბუდაპეშტი, სადაც გაეროს პროგნოზით 2025 წლისთვის მოსახლეობის ოდენობა 1990 წელთან შედარებით 14,6%-ით შემცირდება, დონეცკი (14.2%-ით), ზაპოროჟიე (13,1%-ით) და ნიჟნი ნოვგოროდი (11.7%-ით). როგორც უკვე აღვნიშნე, თბილისის მე-15 პოზიციაზე მოხვდა, რომლის მოსახლეობა, გაეროს პროგნოზით 2025 წლისთვის 7,03%-ით შემცირდება. რეიტინგში 28-ე ადგილზე ჰავანაა (0,66%). "მომაკვდავ" ქალაქებს შორის აღმოჩნდენენ რომი, მილანი, ტურინი, პრაღა, ბუქარესტი და სეული.

გაერომ ასევე გამოაქვეყნა ყველაზე სწრაფადმზარდი ქალაქების რეიტინგი, სადაც ჩინური პუნინი ლიდერობს და იქ 1990 წელთან შედარებით, 2025 წლისთვის მოსახლოების ზრდის ტემპი 1551,3% იქნება. მზარდი ქალაქების რეიტინგში 31 ქალაქიდან 21 ჩინურია.

ანზორ თოთაძე, დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "თვით მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მატება იყო და არა - ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორიც დღეს არის. მაშინ 135 ათასი კაცით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა, ახლა კი ბუნებრივი მატება ზოგიერთ წლებში 5-6 ათასს შეადგენს მხოლოდ. სხვათა შორის, წლების განმავლობაში გაყალბებულ მონაცემებს აქვეყნებდა სამოქალაქო რეესტრი, რადგან პრეზიდენტს ეთქვა, რომ თითქოსდა საქართველოში შობადობის ბუმია. ამიტომაც იყო, რომ ოფიციალური მონაცემებით 2009-2010 წლებში თითქოსდა იმატა შობადობის მაჩვენებელმა, მაგრამ შემდეგში ოფიციალურმა სტატისტიკამაც აღიარა რომ მხოლოდ 2011 წელს, წინა წელთან შედარებით 4000-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში. არც თბილისში გვავქს სახარბიელო მდგომარეობა, შობადობა თანდათან იკლებს.

იმავე გაეროს მონაცემებით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება. განსხვავებული მონაცემებია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგალითად 2050 წლისთვის სომხეთის მოსახლეობა 7%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 27%-ით. ასე რომ, ამიერკავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი ირღვევა საქართველოს ხარჯზე. დედაქალაქი კი დიდწილად განსაზღვრავს დემოგრაფიულ მონაცემებს. ასე რომ, ის რაც გაერომ თქვა, მოკლე ხანში სახეზე გქვექნება. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, მმართველმა გუნდა უნდა შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ შემუშავდეს აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს შობადობის ამაღელებას.

დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ღრმა დემოგრაფიული პრობლემები დგას. ერთი პერიოდი ძალიან მძიმე ვითარება იყო საფრანგეთში, მაგრამ შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გამოსწორდა. უმძიმესი ვითარებაა უკრაინაში. არანაკლები ვიდრე ჩვენთან. თუ დააკვირდებით რეიტინგს, ყველაზე მძიმე მდგომარეობა იმ ქალაქებშია, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსები არიან. ეროვნული თავისებურებები, რელიგიური ფაქტორი და სხვა გარემოებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შობადობის ზრდას ან შემცირებას".

"მომაკვადი" ქალაქების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1) დნეპროპეტროვსკი (უკრაინა) - 16,78%

2) ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 14.66%

3) დონეცკი (უკრაინა) - 14.22%

4) ზაპოროჟიე (უკრაინა) - 13.17%

5) ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი) - 11.76%

6) სარატოვი (რუსეთი) - 11.54%

7) მონროვია (ლიბერია) - 10.56%

8) ბუსანი (სამხრეთ კორეა) - 9.77%

9) პერმი (რუსეთი) - 9.67%

10) ხარკოვი (უკრაინა) - 8.95%

11) სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი) - 8.66%

12) სამარა (რუსეთი) - 8.58%

13) ოდესა (უკრაინა) - 7.42%

14) სეული (სამხრეთ კორეა) - 7.37%

15) თბილისი ( საქართველო) - 7.03%

16) უფა (რუსეთი) - 5.75%

17) ტურინი (იტალია) - 5.35%

18) ვორონეჟი (რუსეთი) - 4.77%

19) ბუქარესტი (რუმინეთი) - 3.77%

20) ვოლგოგრადი (რუსეთი) - 3.50%

21) პრაღა (ჩეხეთი) - 3.22%

22) ჩელიაბინსკი (რუსეთი) - 3.01%

23) ომსკი (რუსეთი) - 2.80%

24) ერევანი (სომხეთი) - 2.72%

25) მილანი (იტალია) - 2.68%

26) ნოვოსიბირსკი (რუსეთი) - 2.24%

27) რომი (იტალია) - 2.14%

28) ჰავანა (კუბა) - 0.66%

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)