ისრაელს მეორე ფრონტი გაუხსნეს - დაემსგავსება თუ არა თეირანი ღაზის სექტორს?!
ისრაელი ბომბავს, ისრაელს ბომბავენ - მას მეორე ფრონტი გაუხსნეს...
11-12 მარტის ღამეს ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქებისკენ - ჰაიფასკენ, გალილეისკენ, ასევე გოლანის სიმაღლეებისკენ „ჰეზბოლამ“ ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან 150-მდე რაკეტა გაუშვა, რითაც, ფაქტობრივად, მეორე ფრონტი გაუხსნა იმ ისრაელს, რომელიც თავის მხრივ მეორე კვირა სრულდება, რაც ინტენსიურად და დაუნდობლად ბომბავს ირანს, თუმცა მისგან საპასუხო სარაკეტო დარტყმებსაც ვერ ასცდა...
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისრაელი ახლა ცდილობს, ის ბოღმა, რაც ირანის აიათოლების 47-წლიანი მმართველობისა და მათი მხრიდან ისრაელისადმი მუდმივი მუქარების შედეგად დაუგროვდა, ბოლომდე „გადმოანთხიოს“ და ირანის დედაქალაქი - თეირანი, ისევე, როგორც სხვა ირანული ქალაქები... მიწასთან გასწორებულ ღაზას სექტორს დაამსგავსოს...
ამაზე მეტყველებს ისრაელის ავიაციის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული უკვე 5 ათასამდე დაბომბვა, მათ შორის - ირანის არა მარტო სამხედრო, არამედ - ენერგეტიკული ობიექტების, ამათგან 30 დიდი ნავთობ-რეზერვუარის...
ნეთანიაჰუს მთავრობა მიხვდა, რომ ირანზე პირველივე დარტყმებით მისი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციამ ვერ ჩამოშალა აიათოლების რეჟიმი, შესაბამისად, სანამ დრო არის და არაპროგნოზირებად აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს არ გამოუცხადებია „ირანისთვის ომის მოგება“, ამერიკული დაბომბვების შეჩერებით, ისრაელმა უნდა მოასწროს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ირანს ყველა სფეროში - სამხედროშიც, ინფრაქსტრუქტურაშიც, ენერგეტიკაშიც და ა.შ. რათა აიათოლების ირანს რაც შეიძლება მეტი ხანი, წლები, ათწლეულები დასჭირდეს თავდაცვისუნარიანობისა და ეკონომიკის აღსადგენად...
ირანზე საჰაერო თავდასხმები, გინდ გასული წლის „12-დღიან“ ომში და გინდ ახლაც (ჯერ არავინ იცის, ეს ომი რამდენკვირიანი ან რამდენთვიანი გამოვა) ისრაელის ხელისუფლების მხრიდანაა ინიცირებული, რასაც თავისი სტრატეგიული ჩანაფიქრი უდევს თავში - სანამ ირანის პროქსიძალები, ღაზას სექტორში „ჰამასის“, ხოლო სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სახით, ნაწილობრივ განადგურებული არიან და ირანშიც იზრდება მოსახლების დიდი ნაწილის უკმაყოფილება აიათოლების რეჟიმის მმართველობის სტილით, ისრაელმა უნდა ისარგებლოს ამ მომენტით და თავისი პირველი, დაუძინებელი მტერი - ირანის ისლამური რესპუბლიკის დღევანდელი ხელისუფლება დაამხოს, ხოლო თუკი ამას ბოლომდე ვერ შეძლებს, ირანს იმხელა ზარალი მიაყენოს, რამდენსაც მოასწრებს...
ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინელების უნიკალური ოპერაცია: გამანადგურებელი დარტყმა პუტინის რაკეტების „ელექტრონული ტვინების“ მწარმოებელ რუსულ ქარხანაზე
ქუვეითელ პილოტს სამი ამერიკული „არწივი“ შეგნებულად ჩამოუგდია?
ირანის საჰაერო სივრცეს, ფაქტობრივად, უკვე ისრაელისა და აშშ-ის საბრძოლო ავიაცია აკონტროლებს.
ისრაელის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონები, მათ შორის - „ჰერმეს-900“-ები, პირდაპირ „გამოკიდულნი“ არიან თეირანის თავზე და მაღალმგრძნობიარე დღისა და ღამის ხედვის საბორტე ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურით მცირე გადაადგილებებსაც კი აფიქსირებენ თეირანის ქუჩებში, რის შემდეგ ან ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებიდან გაშვებულ მართვად საავიაციო ბომბებს მოუნიშნავენ სამიზნეს, ან თავად უშვებენ მცირე ზომის მართვად რაკეტებს...
ისრაელის სამხედრო დაზვერვა ასე „ნადირობს“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსან მეთაურებზე, როდესაც ისინი ცდილობენ, ხშირად გადაადგილდნენ და შეიცვალონ ადგილსამყოფელი, რათა მათი დროებითი შტაბები არ აღმოაჩინონ და დაბომბვის ქვეშ არ მოყვნენ...
ისრაელის ავიაციას საბრძოლო მოქმედებების წარმოება თავისი აეროდრომებიდან ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ ირანის ცაში უწევს, რაც მის რესურსებს სწრაფად გამოლევს და ასეთი ინტენსივობით საჰაერო ოპერაციის გაგრძელებას ისრაელის სამხედრო მანქანა წლობით (როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომში ხდება), უბრალოდ, ვერ შეძლებს, ადრე თუ გვიან ისრაელს მოუწევს „ლომის ღრიალის“ (როგორც ისრაელმა ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ ამ ოპერაციას უწოდა) დასრულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თელ-ავივი თეირანის დროდადრო დაბომბვების „სიამოვნებაზე“ უარს იტყვის...