"ტანკერზე, რომელიც ირანმა დაბომბა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა" - რადიო "თავისუფლება"
"12 მარტის ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი გაჩნდა - მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. მეზღვაურები ამბობენ, რომ ეს იყო ტერაქტი და გარდა ნავებით ტანკერებთან მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს", - ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" წერს.
"ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა. თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა - ამ გემზე, ჯამში, 23 ქართველი მეზღვაური იყო.
ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. თავდასხმის შედეგად დადასტურებულია ერთი მეზღვაურის დაღუპვა - მისი ვინაობა და ეროვნება გავრცელებულ ცნობებში არ კონკრეტდება.
"მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: "ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით" და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე - ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები", - უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.