დიდი "ბესპრედელი" ცხინვალში: როგორ აწიოკებს მოსახლეობას ალან გაგლოევის კლანი - "მარგიევს ჯერ დააცადეს ფულის შოვნა, შემდეგ ტყეში გაიტაცეს და..." - კვირის პალიტრა

დიდი "ბესპრედელი" ცხინვალში: როგორ აწიოკებს მოსახლეობას ალან გაგლოევის კლანი - "მარგიევს ჯერ დააცადეს ფულის შოვნა, შემდეგ ტყეში გაიტაცეს და..."

ბიზნესმენების გატაცება, წამება, წილების ძალისმიერი გადაფორმება, დაუმორჩილებლების ცემა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის კაბინეტში და მაღალჩინოსნების კონტრაბანდული სქემები, - ამ კრიმინალური მეთოდებით აკონტროლებს და შოულობს ფულს დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის კლანი ცხინვალში. ადგილობრივი ოპოზიციური ტელეგრამარხების ცნობით, ბიზნესმენების დაწიოკება გაგლოევის ძმის, ალიკის, კრიმინალურ დაჯგუფებას აქვს ჩაბარებული, ხოლო საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდას ოსური ე.წ. კა-გე-ბეს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე გაგლოევის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი განაგებენ.

როგორ აწიოკებენ ბიზნესმენებს

ალან მარგიევი უცხოური ავტომობილების დილერი იყო. „"პრეზიდენტ" ალან გაგლოევის ძმის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა ის ტყეში გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ბანდას კრიმინალი ხოხ გაბარაევი ხელმძღვანელობდა. გამტაცებლები მისგან 6 მილიონი რუბლის (დაახლოებით 71 000 აშშ დოლარის) ღირებულების „"ლექსუსის" გადაცემას ითხოვდნენ. წამებისა და ავტომობილის გასაღების წართმევის შემდეგ ბიზნესმენი სახლთან დააგდეს. მეორე დღეს ეს ინფორმაცია ბიზნესმენის ძმამ, მილიციის პოლკოვნიკმა ვიქტორ მარგიევმა, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომ ხოხ გაბარაევის განგსტერული დაჯგუფება ატერორებს ბიზნესმენებს და ყველა დაზარალებულს მოუწოდა საჯაროდ ელაპარაკათ.

"ამ ბანდის გამო ბევრმა მეწარმემ შეწყვიტა საქმიანობა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამ მშიშარა ტურების შიში, ეს ბანდა უნდა დავასრულოთ. ჩვენ ადამიანები ვართ და არა ჯოგი", - წერდა პოლკოვნიკი.

ამ განცხადებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ვიქტორს დე ფაქტო შს მინისტრმა ერისლავ მამიევმა დაურეკა და პოსტის წაშლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სახლში­ "ომონი" მიადგა. ძმებმა ვლადიკავკაზში გაქცევით უშველეს თავს. ვიქტორ მარგიევი სამსახურიდან დაითხოვეს. ბიზნესმენის გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ერთი თვის შემდეგ დააკავეს ხოხ გაბარაევი და მისი ორი თანამზრახველი.

მარგიევების ოჯახის დევნა ამით არ დასრულებულა. როგორც პოლკოვნიკი ვიქტორ მარგიევი ამბობს, ე.წ. შს მინისტრმა მას ხალხი გამოუგზავნა „"ბანდიტებთან" მოსარიგებლად, რომ გამტაცებლები­ გაეთავისუფლებინათ, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ - ემუქრებოდნენ შვილებსა და დისშვილებზე ანგარიშსწორებით. თებერვალში სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს ცხინვალში ჩასულ მის სტუდენტ ვაჟს, იგორს. ახალგაზრდა იძულებული­ გახდა მამის მსგავსად რეგიონი დაეტოვებინა.

თებერვლის დამდეგს ვიქტორ მარგიევმა ოჯახის შევიწროების თაობაზე ოფიციალური საჩივრით მიმართა რუსეთის მიერ დანიშნულ კურატორს, სერგეი კირიენკოს, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება,­ რადგან მათ წინააღმდეგ "პრეზიდენტის" ძმის მართული კრიმინალური ბანდა მოქმედებს, რომელსაც "პრეზიდენტი" და შს "მინისტრი" მფარველობენ. სწორედ ამ დაუსრულებელი დევნის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ოჯახის წევრები ცხინვალის ცენტრში.

"დაუღალავად გავიმეორებ: ჩვენს სახელმწიფოს კრიმინალები მართავენ. მოსახლეობას ატერორებს თავად პრეზიდენტი ალან გაგლოევი. ეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ალან გაგლოევისა და მისი ძმის, ალიკის პირადი სპეცრაზმია", - კიდევ ერთხელ დაწერა პოლკოვნიკმა მარგიევმა ინსტაგრამზე.

პარასტაევის საქმე

ტერორზე საუბრობს კიდევ ერთი მეწარმე - ცხინვალის საკონსერვო ქარხნის მფლობელი ურუზმაგ პარასტაევი. მან ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩს, მარატ კულახმეტოვს, განცხადებით მიმართა, სადაც „"პრეზიდენტ" გაგლოევისა და ე.წ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნესის წართმევაზე საუბრობს. პარასტაევი ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ქარხანას „"სუბირა ავ"-ს ფლობდა. მისი თქმით, ინციდენტი 2025 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც მაშინდელმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა დაიბარა და მის ახლობელზე, სერგეი თიბილოვზე ქარხნის წილების გადაფორმება მოსთხოვა. მეწარმე ამბობს, რომ უარის შემდეგ ჯუსოევმა სცემა და დაემუქრა, რომ ყველაფერს მის გარეშე გააფორმებდა.

ამის შემდეგ ქარხანაში რეიდები დაიწყო.­ პარასტაევს წაართვეს კომპანიის ბეჭედი, რომლის მეშვეობითაც რუსეთში პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა. შეექმნა­ პრობლემები ნედლეულის მიღებისა და პროდუქციის გაყიდვის მხრივ და ბიზნესმა გაკოტრება დაიწყო. მუქარის გამო ბიზნესმენი სექტემბრის ბოლოს რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით, წართმეული ბეჭდით, მის დაუკითხავად, დირექტორად სერგეი თიბილოვი დარეგისტრირდა. პარასტაევის თქმით, კულმინაცია 2026 წლის 30 იანვარს "პრეზიდენტ" ალან გაგლოევთან შეხვედრა იყო. სიტუაციის ახსნის შემდეგ გაგლოევმა კაბინეტში მიიპატიჟა ჯუსოევი და ამ საქმეში ჩართული სხვა პირები და როგორც მეწარმე ამტკიცებს, ულტიმატუმი წაუყენეს: 600 მილიონი რუბლის ღირებულების აქტივი 10.000 რუბლად გაეყიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ადმინისტრაციული "რესურსის" გამოყენება და მისი დაპატიმრება მოხდებოდა.

კონტრაბანდა „საქართველოსთან" - კლანის მთავარი შემოსავალი

ოპოზიციური ტელეგრამარხების ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ მწვავე პრობლემაა სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდა "მტრულად განწყობილ საქართველოსთან". მათი ცნობით, კონტრაბანდულ სქემებს წლებია აკონტროლებს ე.წ. კა-გე-ბეს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ტუაევი. ახლა ამ სქემაში ჩაერთო ე.წ. კა-გე-ბეს ახალი ხელმძღვანელი იური კადიი, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში მოსკოვიდან დანიშნეს. ტელეგრამარხების მტკიცებით, კადიი გაგლოევთან ერთად დადის სანადიროდ, ქეიფობენ და ახლა კონტრაბანდის მფარველობაც ჩაიბარა.

ტელეგრამარხი "ბორნვარნონი" წერს, რომ ახალმა უფროსმა გაგლოევის მითითებით ე.წ. კა-გე-ბეში დაიწყო იმ არასასურველი ოფიცრების ჩამოცილება, რომლებიც საქართველოს "საზღვარზე" კონტრაბანდული ტვირთების გატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. კადიიმ ე.წ. სასაზღვრო სამსახურში შემოწმება მოაწყო. შედეგად, თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ალიხანტი და ფინანსთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრ ჯაგიევი. ამავე ცნობით, ერთ-ერთ ოფიცერზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. არხის ცნობით, ვალერი ალიხანტის გათავისუფლება განიხილება როგორც ბარიერის მოხსნა, რადგან სწორედ ის არ უშვებდა არალეგალურ ტვირთებს, რაც ხელს უშლიდა "პრეზიდენტის გარემოცვის" ბიზნესინტერესებს.

იური კადიი ე.წ. კა-გე-ბეს ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი ოლეგ შირანი გაუშვეს თანამდებობიდან. მისი გადაყენებაც კონტრაბანდას უკავშირდებოდა: 9 მაისს, როდესაც "პრეზიდენტი" გაგლოევი მოსკოვში გამარჯვების ზეიმზე იმყოფებოდა, შირანმა თანამდებობიდან მოხსნა მოადგილე ალექსანდრ ტუაევი. გათავისუფლების მიზეზად დასახელდა ტუაევის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობა და საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის კონტრაბანდა. ეს დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ ალან გაგლოევმა გაათავისუფლა ოლეგ შირანი და რამდენიმე საშუალო რანგის ოფიცერი, მეგობარი ტუაევი თანამდებობაზე დააბრუნა, ხოლო კონტრაბანდის მფარველობაზე დაწყებული გამოძიება შეწყდა. მოგვიანებით შირანის შემცვლელად მოსკოვიდან იური კადიი დაინიშნა და რუსმა მაღალჩინოსანმა წინამორბედისგან განსხვავებით გაგლოევთან დამეგობრება, კლანის მნიშვნელოვან წევრად ჩაწერა მოახერხა და კონტრაბანდის სქემაში ჩართვით ფულის შოვნაც დაიწყო.

ოპოზიციური არხების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტრაბანდა არა მხოლოდ კრიმინალური საქმიანობა, არამედ პოლიტიკური გავლენის მთავარი ბერკეტია. სქემა, მათი ინფორმაციით, ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს - რუსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადააქვთ თამბაქო და საწვავი. ვინაიდან რუსეთიდან ცხინვალში ეს პროდუქტები უფრო იაფად შეაქვთ, "შავ ბაზარზე" ეს საქონელი დიდ მოგებას ტოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ: „პოლიტიკური“ სისხლიანი გარჩევა სოხუმში

რუსული რეპრესიების ახალი ტალღა აფხაზეთში

დიდი სკანდალი და ცემა-ტყეპა აფხაზეთში: მილიციის ოფიცერი „აფხაზური წესით“ გაასამართლეს - "ეს არის ტრადიციებისა და კრიმინალური სამყაროს გაგების ნაზავი"

„ფული მოგვეცით და ჩვენ გადავწყვეტთ, რაში დავხარჯოთ“ - რუსი პროპაგანდისტის სტატია, რომელმაც სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია

„თუ ფულის შოვნა გინდა, ბიზნესი უნდა დააწიოკო ან კონტრაბანდაში ჩაერთო"

ცხინვალის მცხოვრები: - ალან გაგლოევის ძმას ჰყავს კრიმინალური დაჯგუფება, მოძალადეები, მკვლელები, ყველაფრის შემსრულებლები. ალიკ გაგლოევს კრიმინალური წარსული აქვს, რამდენიმე დანაშაულზე ციხეშიც იჯდა. როგორც კი მისი ძმა "პრეზიდენტი" გახდა, სამ დღეში გამოუშვა ციხიდან. ალიკის დაჯგუფება ატერორებს ბიზნესმენებს და რიგით მოქალაქეებს. ყველა შეშინებულია და დაპირისპირებას ცხინვალიდან წასვლა ურჩევნიათ. სანამ მარგიევს გაიტაცებდნენ, მანამდე ცხინვალში რამდენიმე მაღაზიის მფლობელი დააყაჩაღეს და მილიონობით რუბლი გამოსძალეს. მარგიევს მანქანები შემოჰყავდა. თავიდან დააცადეს, რომ ფული ეშოვა, შემდეგ მიადგნენ და ძვირადღირებული ავტომობილი მოსთხოვეს. ტყეში წაიყვანეს და აწამეს. ეს ფაქტი მისმა ძმამ გაასაჯაროვა. ის მილიციის პოლკოვნიკია. ამის გამო "ომონი" მიუგზავნეს "დასასჯელად". ძმებს გაქცევა მოუხდათ. ოჯახის დევნა დღემდე გრძელდება. ამ ოჯახის დაწიოკება სხვებისთვის მაგალითია, რომ წინააღმდეგობის გაწევა და ხმის ამოღება არავის შერჩება. ამიტომ არიან სხვებიც ჩუმად.

წაიკითხე ვრცლად