"ირანელები რეჟიმის დამხობის მიმართ აზრს იცვლიან: ნგრევამ და ხელისუფლების ამტანობის უნარმა ისინიც კი შეაშფოთა, რომლებიც ინტერვენციას მხარს უჭერდნენ" - Financial Times
„ირანელები რეჟიმის დამხობის მიმართ აზრს იცვლიან: ომით გამოწვეულმა ნგრევამ და ისლამური რესპუბლიკის სიმტკიცე-ამტანობის უნარმა ისინიც კი შეაშფოთა, რომლებიც უცხოურ ინტერვენციას მხარს უჭერდნენ“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორია თეირანში მყოფი კორესპონდენტი ნაჯმე ბოზორმეჰრი. მასალაში განხილულია ირანელთა განწყობა-პოზიციები ქვეყნის ისლამური ხელისუფლების მიმართ, აშშ-ისრაელის დამომბვების ფონზე.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
მას შემდეგ, რაც ირანში იანვარში მომხდარი ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის დროს ათასობით ადამიანი იქნა მოკლული, მანდანამ იმედი დაკარგა, რომ ქვეყნის შიგნით რაიმე რეფორმების გატარება შეიძლება. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ისლამური რესპუბლიკის ლიდერები ხელისუფლებაში აღარ უნდა იყვნენ - იგი თანახმაა, რომ რეჟიმი თუნდაც ისრაელ-აშშ-ის ზეწოლით შეიცვალოს.
ამიტომაც, როცა 28 თებერვალს ორმა ქვეყანამ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციას შეუტია და მისი ჩათვლით, მთელი ოჯახი ამოწყვიტა, მანდანამ (ისევე, როგორც სხვა გამოკითხულები, ისიც ფსევდონიმით სარგებლობს) დაიჯერა, რომ სასურველი ცვლილებები საბოლოოდ განხორციელდა... მაგრამ იმის გამო, რაც მან ბოლო დღეების განმავლობაში საშინელებები გადაიტანა, მისი რწმენა საკმაოდ შეირყა: აშშ-მა და ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიაყენეს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს და ირანელ მაღალჩინოსნებს, არამედ -სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.
ბოლო დღეებში თეირანის ცა ჩაშავებულია - დაიბომბა ნავთობის დიდი ბაზები, რომლის შედეგად ჰაერში მწვავე სუნი, კვამლი და ჭვარტლი ტრიალებს. გარდა ამისა, ამერიკულმა რაკეტებმა დაარტყეს, აგრეთვე, თეირანის ელექტროტრანსფორმატორებს, რის შედეგადაც დენი ყველგან გამოირთო.
„რატომ ბომბავენ ქალაქს ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება?“, - მანდანა შეშინებულია, იგი თეირანის ცენტრში, ვანაკის მოედანთან ცხოვრობს. სწორედ მისი სახლის ახლოს აფეთქდა ბომბი, რომელმაც დიდი ნგრევა და მსხვერპლიც გამოიწვია. „ჩვენი ქალაქი ინგრევა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ამერიკამ ვენესუელაში ყველაფერი სუფთად ჩაატარა, თითქმის უსისხლოდ მოხდა რეჟიმის ცვლილება, აქ კი რატომ ანადგურებს და ანგრევს ყველაფერს და რატომ ხოცავს ამდენ ირანელს?“.
ნგრევის მასშტაბი დიდია, მაგრამ, ასევე, აშკარად მაღალი გამოდგა ისლამური რეჟიმის ამტანობის დონეც, რომელმაც, აშშ-ისრაელისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად, ქვეყნის უზენაეს ლიდერად დაღუპული ალი ხამენეის შვილი - მოჯთაბა აირჩია. ამ ფაქტმა ბევრ ირანელს იმედები გაუცრუა, რომ უცხოეთის ჩარევა ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევდა.
ომის დაწყებიდან უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ არავითარი ნიშნები არ შეიმჩნევა იმისა, რომ მოსახლეობა მზად არის ანტისამთავრობო გამოსვლების დასაწყებად - ისეთი მასობრივი აქციებისათვის, რომლებიც იანვარში მოხდა, რეჟიმის წინააღმდეგ. ამის ნაცვლად ბევრი - ისინიც კი, რომლებსაც ისლამური რესპუბლიკა სძულთ, როგორც ჩანს, შოკში არიან ჩავარდნილნი იმ საშინელი ნგრევისა და მსხვერპლის გამო, რაც დაბომბვებმა ქვეყანას, მშვიდობიან მოსახლეობას მოუტანა. უფრო მეტიც, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ მთლიანად გაანადგურებს თბოელექტროსადგურებს და ირანს ელექტროენერგიის გარეშე დატოვებს. იგი აცხადებს, რომ „ქვეყნის რუკა ისეთი აღარ იქნება, როგორიც დღეს არის“. ასეთმა მუქარამ შიში გამოიწვია - შესაძლოა, ირანის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვის ქვეშ დადგეს.
ერთ-ერთმა თეირანელმა სოციოლოგმა, რომელიც ისლამური რეჟიმის კრიტიკოსს წარმოადგენს, თქვა, რომ ქვეყნის საზოგადოებაში მატულობს სისხლიანი ომით გამოწვეული ნაციონალისტური გრძნობები - ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ეს შარშან იყო, ისრაელ-აშშ-ის 12-დღიანი კონფლიქტის დროს, როცა მოსახლეობა სახელმწიფო დროშის ქვეშ დაირაზმა. „მოსახლეობას ირანის სახელმწიფოს დაშლა-დანგრევისადმი შიში აერთიანებს. ირანელები აცნობიერებენ, თუ რა მოჰყვება ასეთ მასშტაბურ ომს“, - აღნიშნა სოციოლოგმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.
არასამხედრო ობიექტები სულ უფრო ხშირად ხდებიან დაბომბვის ობიექტები: საჰაერო დარტყმების შედეგად ნადგურდება საპოლიციო უბნები, მთლიანად ინგრევა ის შენობები, სადაც ჩინოვნიკები ცხოვრობენ ანუ მათთან ერთად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და რაც უფრო მტკივნეულია, ბავშვები და მოსწავლეები. ოფიციალური მონაცემებით, უკვე დანგრეულია 8000-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა, საცხოვრებელ კვარტლებში, დაღუპულია ათასზე მეტი ადამიანი.
განადგურებულია სკოლები, სხვა სასწავლო დაწესებულებები, წყლის გასამტკნარებელი სადგურები, საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო საშუალებები, სამგზავრო თვითმფრინავები თეირანის სამოქალაქო აეროპორტში, კულტურის ობიექტები - ისეთი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა თეირანის „დიდი ბაზარი“ და „გოლესთანის სასახლე“, რის გამოც ირანელები შეძრწუნებულები არიან.
„თუ ამერიკას და ისრაელს მხოლოდ უზენაესი ლიდერის მოკვლა უნდოდათ, რატომ აგრძელებენ ასეთ მასშტაბურ ომს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ? რა ვერ გათვალეს?“, - ასეთი კითხვები აქვს ერთ-ერთ ირანელ ქალს, რომელიც ომამდე - ისევე, როგორც ბევრი სხვა ირანელი - ისლამური რეჟიმის მიმართ პროტესტით გამოდიოდა და ომის პირველ დღეებში აშშ-ისრაელის თავდასხმას მიესალმა.
რა თქმა უნდა, აშშ-ისრაელის სამხედრო ჩარევას მხარი დაუჭირეს ირანულმა დიასპორებმაც, საზღვარგარეთის ქვეყნებში: დასავლეთის დედაქალაქებში მასობრივი მიტინგები ჩატარდა ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნით. აქტიურობდა რეზა ფეჰლევი (შაჰზადე), ყოფილი შაჰის შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა, ირანს სათავეში ჩაუდგეს, როგორც კი ისლამური რეჟიმი დაემხობა.
„იქნებ ჩამოვიდეს იგი აქ, თავისი სამი ქალიშვილით და საკუთარ თავზე იგრძნოს, როგორია ყოველდღიურ დაბომბვებში ცხოვრება“, - თქვა ერთმა ქალმა, რომელიც ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ, ასევე, არ სურს მონარქიის აღდგენა, - ისინი, ვინც მხარს უჭერენ ომს, ახლავე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაში ჩავარდება ირანი... მაგრამ მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთონ“.
როცა შარშან, ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ბევრმა ირანელმა დაივიწყა საკუთარი ლიდერებისადმი სიძულვილი და ქუჩაში პატრიოტული ლოზუნგებით გამოვიდა, ისლამურმა რეჟიმმა მათი განწყობა წარმოადგინა საზოგადოების მხარდაჭერის დადასტურებად და უყურადღებოდ დატოვა მოწოდებები, ომის შემდგომ რეფორმები გატარებულიყო.
ამჯერად ირანელები, რომლებიც ტრამვირებულნი არიან იანვრის რეპრესიებით, ნაკლებად აქტიურობენ - ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლება ისევ ისარგებლებს რიგითი მოქალაქეების მიერ გამოვლენილი პატრიოტიზმით და „ქულებს თავის სასარგებლოდ მიიწერს“:
ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც შვილი საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს მოუკლეს, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ გამოცხადებულ გლოვის დღეებში უარი თქვა შავ ტანსაცმელზე და განაცხადა, რომ შურისძიება აღსრულდა. თეირანელმა ქალმა ალი ხამენეის სიკვდილი თავისებურად იზეიმა - ღვეზელები გამოაცხო და მეზობლებს დაურიგა, თუმცა შემდეგ დაბომბვების გამო იმდენად შეშინდა, რომ ქალაქიდან გაიხიზნა.
ისლამური რესპუბლიკა, თავის მხრივ, მხარდამჭერებს იკრებს: „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენელი სტრუქტურის - „ბასიჯის“ წევრები და ლოიალისტები მოედნებზე და ქუჩებში ყოველდღიურად იკრიბებიან, სიტუაციას აკონტროლებენ და მოტოციკლეტებზე დამაგრებული მეგაფონებით რელიგიურ სიმღერებს აჟღერებენ.
„აი, ჩვენი მომხრეები და ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები“, - ამბობს ისლამური რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, - „სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ლოიალურობა, რომელიც შიიტურ ისლამზეა დაფუძნებული და რასაც ამერიკელები ვერასოდეს გააცნობიერებენ. ისლამური სისტემის ლიდერი რომც მოკლან, სისტემა მაინც გადარჩება, იმიტომ, რომ შიიზმი მუდმივად ცოცხლობს“.
ირანის ისლამური რეჟიმის აშკარა ამტანობამ და სიმტკიცემ, რომელიც კიდევ ერთხელ გამოვლინდა ირან-ერაყის 1980-იანი წლების ომის შემდეგ, ისინიც კი დააეჭვა, რომლებიც თვლიან, რომ ხანგრძლივი ომით თეოკრატიული ხელისუფლება ჩამოიშლება.
მას შემდეგ, რაც ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეი იქნა არჩეული, რეჟიმის მომხრეები ქუჩაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ და ზეიმობდნენ. მისმა არჩევამ კი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ბევრი ირანელი შეაშფოთა. ისინი შიშობენ, რომ შვილი მამის მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, არავითარი რეფორმები არ განხორციელდება. მით უმეტეს, რომ მოჯთაბას დაბომბვების დროს ოჯახის წევრები დაეღუპა - ეს გარემოება დასავლეთისადმი მის სიძულვილს გააღვივებს.
ასევე დაგაინტერესებთ: ირანის ომის სამი სცენარი: კარგი, ცუდი, უარესი - გადავა თუ არა ჩინეთი შეტევაზე?!
შურისძიება საიქიოდან: რა საიდუმლო გეგმა დატოვა აიათოლა ხამენეიმ?! - "მსოფლიო დიდ ცეცხლში გაეხვევა"
„თუ რეჟიმი არ შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად დარჩება, ჩვენ შეიძლება უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდეთ, ვიდრე ომამდე ვიყავით“, - ამბობს მახბუბე, რომელიც თარჯიმნად მუშაობს, - „ქვეყანა დანგრეულია, მამა ხამენეი შვილმა ხამენეიმ ჩაანაცვლა, რომელიც 30 წლით ახალგაზრდაა“.
მონარქისტები, რომლებიც რეზა ფეჰლევს მხარს უჭერენ, უდიდესი ნგრევისა და მსხვერპლის მიუხედავად, აშშ-ისრაელის ინტერვენციას იწონებენ. ამასთან, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დევნილობაში მყოფმა შაჰზადემ, როცა მან დაბომბვებს მხარი დაუჭირა, ქვეყნის შიგნით მომხრეები დიდწილად დაკარგა.
ირანელების უმეტესობამ, რომლებიც იანვრის რეპრესიებს და აქციების მკაცრ ჩახშობას მიუღებლად თვლიან, ახლა აღარ იციან, როგორ უნდა მიაღწიონ ცვლილებებს. მათ შორისაა სარა, მასწავლებელი 40-წლიანი სტაჟით, რომელსაც რეჟიმის დამხობის იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა აღიარებს, რომ აზრი შეიცვალა.
„მე მწარე რეალობას შევურიგდი: მივხვდი, რომ ისლამური რესპუბლიკა მტკიცე და მდგრადია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას ოდესმე ვიტყოდი, მაგრამ თუ რეჟიმის რომელიმე წარმომადგენელი ნამდვილი რეფორმატორი იქნება, დარჩეს ისლამური რეჟიმი, რატომაც არა? ბოლოსდაბოლოს, ყველას მშვიდობა და კეთილდღეობა გვინდა“.
მარჯანმა, დიასახლისმა, ემოციები ვერ შეიკავა, როცა ალი ხამენეის სიკვდილი შეიტყო. მას უხაროდა, რომ უზენაესი აიათოლას დაღუპვა რეჟიმის დამხობას გამოიწვევდა - „ახლა მე ჩემს თავს ვეკითხები: ისლამური რესპუბლიკა რომც დაემხოს, რას ვიღებთ ამის შედეგად - ქვეყანას, რომელიც ნანგრევებად არის ქცეული?“
მოამზადა სიმონ კილაძემ