ამერიკელები ჰორმუზის სრუტეს დივერსანტ-დელფინებს "შეუსევენ"?! - რა ხდებოდა "სამხედრო ნაწილ 13132" - ში - კვირის პალიტრა

ამერიკელები ჰორმუზის სრუტეს დივერსანტ-დელფინებს "შეუსევენ?!" - რა ხდებოდა "სამხედრო ნაწილ 13132" - ში

სამწუხაროდ, აშშ-ისრაელის და ირანის სარაკეტო ომის შედეგები საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარსაც დაეტყო და ამ შემთხვევაში იმპორტიორ კომპანიებს ვერ გაამტყუნებ: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 35-40%-ითაა გაზრდილი. ირანმა ჰორმუზის სრუტე, ფაქტობრივად, ჩაკეტა და, სამწუხაროდ, მალე სხვა სახის ნედლეულისა და მზა პროდუქციის ტრანსპორტირების პრობლემებიც თავს იჩენს.

რიტორიკული კითხვები: რამდენად რეალურია პრეზიდენტ ტრამპის ოცნება/მიზნები და რატომ ხეირობს ისევ რუსეთის ხელისუფლება, - კვლავ აქტუალურია. ირანი ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით ხშირად აშანტაჟებდა აშშ-სა და მის მოკავშირეებს. ერთ-ერთი ამგვარი დაპირისპირება 2012 წლის იანვარში მოხდა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ განაცხადა: თეირანი ჰორმუზის სრუტეს დაკეტავს, თუკი ირანიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციები იქნება დაწესებულიო. მაშინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა ირანს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა. იმ პერიოდში სამხედრო კონფლიქტი ძალზე რეალური ჩანდა, ამიტომ ჰორმუზის სრუტის დანაღმვის შემთხვევაში, ამერიკელი გადამდგარი სამხედროები და ექსპერტები სრუტის გახსნისა და პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა მეთოდს სთავაზობდნენ ობამას ადმინისტრაციას. ბევრ ორიგინალურ იდეა/წინადადებას შორის მაინც გამორჩეული იყო გადამდგარი ადმირლის, ტიმ კიტინგის მოსაზრება, რომ პენტაგონმა სრუტეში დივერსანტ-მზვერავ დელფინების სპეციალური რაზმი უნდა განათავსოს, რომელსაც წყალქვეშა ნაღმების ძებნა, სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება და მტრის წყალქვეშა მყვინთავებზე თავდასხმა შეეძლებათო.

picture4-1773390134.jpg

გადამდგარი ადმირალი ტიმ კიტინგი

მან, ასევე, დაადასტურა, რომ რამდენიმე ათეული წელია, აშშ-ის სამხედრო უწყება ამ მიმართულებით მუშაობს და ჰყავთ სპეციალური პროგრამით მომზადებული დელფინებისა და სხვა ზღვის ძუძუმწოვრების რაზმიო. მაშინ ამ მოსაზრებამ არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია: ირონიიდან - მოწონებამდე. პენტაგონში კი განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ ცხოველების რისკის ქვეშ დაყენებას, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი არ იყო და უმეტეს შემთხვევაში, მათ მხოლოდ სამიზნის კოორდინატების დადგენა/დაზუსტებისთვის გამოიყენებდნენ.

წყალქვეშა ნაღმების აღმოსაჩენად და მოწინააღმდეგის საბრძოლო გემების და წყალქვეშა ნავების ასაფეთქებლად დელფინების გამოყენებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. დელფინის ბუნებრივი მონაცემები: სმენა, ხედვა და, განსაკუთრებით - ბუნებრივი აკუსტიკური ლოკატორი, ნებისმიერ სკანერზე უკეთესად აფიქსირებს საგნებს დიდ მანძილზე.

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში სადაზვერვო-დივერსიული მიზნით დელფინებისა და სხვა ზღვის ცხოველების გაწვრთნა 1930-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებმა დელფინები და ზღვის ლომები ვიეტნამელ პარტიზანებზე "დაგეშეს". მანამდე კი, ვიეტნამელი მყვინთავები შეუმჩნევლად ეპარებოდნენ ამერიკის სამხედრო გემებს, მაგნიტურ ნაღმებს ამაგრებდნენ და აფეთქებდნენ. თავდაპირველად დივერსანტების წინააღმდეგ ამერიკელები სპეციალური ბადისა და სხვა ხაფანგების გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ - უშედეგოდ. გამწარებულებმა, მხოლოდ ამის შემდეგ გაწვრთნეს და საბრძოლო მორიგეობაზე გაიყვანეს 6 დელფინი და 4 ზღვის ლომი. დელფინები, რომლებიც ზღვის ლომებზე გაცილებით მშვიდობისმოყვარეები არიან, ადამიანს თავს კი არ ესხმოდნენ, არამედ - ეთამაშებოდნენ. ისინი ისე იყვნენ გაწვრთნილები, რომ 300-400 მეტრის რადიუსში აღმოაჩენდნენ რა ვიეტნამელ მყვინთავ-დივერსანტებს, "თამაშ-თამაშით" სასუნთქ აპარატს უზიანებდნენ, ზღვის ზედაპირზე აგდებდნენ ან ცხვირზე დამაგრებული სპეციალური, გრძელი, ბასრი დანით უსერავდნენ. არსებული ინფორმაციით, გაცილებით აგრესიულები არიან ზღვის ლომები, მათ ამდენი "ცერემონიალი" არ უყვართ: ისინი პირდაპირ თავს ესხმოდნენ ვიტნამელ დივერსანტებს. საბჭოთა გე-ერ-უს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ამ საბრძოლო მეთოდებით ამერიკელებმა 50-ზე მეტი მყვინთავის განადგურება მოახერხეს, რის შემდეგაც ვიეტნამელთა დივერსიები სრულიად შეწყდა. არსებობს ინფორმაცია, რომ დაღუპულებში ორი საბჭოთა მყვინთავი-დივერსანტიც იყო.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) სპეციალისტები ზღვის ცხოველების საბრძოლო-დივერსიულ და სადაზვერვო მომზადებას ორ - ჰავაის კუნძულებზე და ფლორიდის სანაპიროებზე განლაგებულ საიდუმლო სამხედრო ბაზებზე ახორციელებდნენ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც ადამიანებზე მონადირე, ასევე - "კამიკაძე" ზღვის ცხოველების მომზადებას, რომლებსაც პირდაპირი დაჯახებით უნდა აეფეთქებინათ მოწინააღმდეგის მცურავი საშუალება.

1987-1988 წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, "ამერიკელი დელფინები" იცავდნენ აშშ-ის სამხედრო გემებს, წყალქვეშა ნავებს და სავაჭრო-სატრანსპორტო ტანკერებს.

picture3-1773390134.jpg

ასე წვრთნიან ამერიკელები მზვერავ-დივერსანტ დელფინებს

1991 წელს, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს, ამერიკელებს დიდი სამსახური გაუწია სპეციალურად გაწვრთნილი ზღვის ლომების რაზმმა. ქუვეითის სანაპიროები ერაყელებმა წინდაწინ გულმოდგინედ დანაღმეს, ამერიკელ გამნაღმველებს კი ერაყელი მყვინთავები ცეცხლს უხსნიდნენ და განაღმვითი სამუშაობის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამერიკელებმა რამდენიმე მებრძოლი ზღვის ლომი ჩაიყვანეს და ერაყელებს მიუსიეს, დელფინების საშუალებით კი ნაღმების ადგილმდებარეობას ადგენდნენ და შემდეგ უკვე ამერიკელი გამნაღმველები მოქმედებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 1998 წელს, ნატოს წვრთნების დროს, ბალტიის ზღვაში, კლაიპედის სანაპიროებთან, ამერიკელების მიერ სპეციალურად ჩამოყვანილი ხუთი მებრძოლი დელფინიც მონაწილეობდა, რომელთა ამოცანა ასაფეთქებელი მოწყობილებების აღმოჩენა გახლდათ.

2003 წელს, ერაყში ომის დაწყების დროს, 9 "ამერიკელი" დელფინი სპარსეთის ყურის განაღმვით ოპერაციებში მონაწილეობდა და მათი დახმარებით, 100-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი. დადგენილია, რომ 2007 წლის ბოლოს ამერიკელებს 7 სპეციალურ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე 200-მდე მებრძოლი დელფინი ჰყავდათ. აშშ-ის "დელფინების სპეცრაზმში" ორი "ოფიცერი": "თაკომა" და "მაკაი" გამოირჩეოდნენ, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელი ერთგულად ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას. ამჟამად აშშ-ში 90-100 "სამხედრო-დივერსანტი" დელფინია.

picture2-1773390134.jpg

ასე წვრთნიან რუსეთში მზვერავ-დივერსანტ ზღვის ცხოველებს

ზღვის ცხოველების სადაზვერვო-დივერსიული მიზნებისთვის მომზადება „ძვირად ღირებული სიამოვნებაა“ და დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირი ცდილობდა ამ მხრივ ამერიკელებს არ ჩამორჩენოდა. ჩემი აზრით, ამერიკელების მიერ ზღვის ცხოველების სადაზვერვო-დივერსიული მიზნებით წვრთნების შესახებ საბჭოთა სპეცსამსახურებმა, ოპერატიულ-აგენტურული გზებით, 1960-იანი წლების დასაწყისში შეიტყვეს და ადეკვატური ზომების მისაღებად შესაბამისი მოხსენება საბჭოთა პოლიტბიუროში წარადგინეს. პირველი საბჭოთა ოკეანერიუმი სევასტოპოლთან ახლოს აშენდა და მას "სამხედრო ნაწილი 13132"-ის საიდუმლო გრიფი ჰქონდა მინიჭებული. პარალელურად, ზღვის ძუძუმწოვრების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებების წვრთნის პროცესში გამოყენების საკითხებზე 50-მდე საბჭოთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მუშაობდა. ამის შემდეგ საბრძოლო დელფინების მოსამზადებელი ბაზები შეიქმნა კოლის ნახევარკუნძულზე და შორეულ აღმოსავლეთში. საინტერესოა, რომ ამ მიზნით იყენებდნენ ჩვენთან, ბათუმში, მოქმედ დელფინარიუმსაც. საბრძოლო დელფინების მომზადების ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კი მინსკში მდებარეობდა. საბჭოთა სამხედრო დაზვერვა ცდილობდა, დელფინები გამოეყენებინა საზღვაო პორტებისა და სანაოსნო საშუალებების დასაცავად და ნაღმების აღმოსაჩენად, ასევე - მოწინააღმდეგის სამხედრო-სადაზვერვო გემებზე იერიშის მისატანად. 1975 წელს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის დასაცავად საბრძოლო დელფინების სპეცრაზმმა დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა.

ასევე დაგაინტერესებთ: "სისხლიანი ნარდი": რა ფარულ ოპერაციებს გეგმავს ირანი, ამერიკული დაზვერვის საიდუმლო ანგარიში და საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამერიკულ ავიამზიდს ფოტოებს უღებდა

ირანის "განკითხვის დღის იარაღის" საიდუმლო ანუ როგორ მივიდა მსოფლიო ახალ დიდ ომამდე

რას ეზიდებოდნენ ირანული სპეცსამსახურები საქართველოდან თეირანში?!

რატომ არ დაეხმარა ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს?! - უცნობი ამბები წარსულიდან

1992 წელს საიდუმლო საწვრთნელი ბაზა უკრაინას გადაეცა. 1992-2000 წლებში სევასტოპოლში არსებულ ზღვის ცხოველების საბრძოლო მომზადებას ხელმძღვანელობდა ყოფილი სამხედრო წყალქვეშა მყვინთავი, პროფესორი ბორის ჟურიდი. 2000 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, უკრაინამ საბრძოლო დელფინები და სხვა ზღვის ცხოველები ირანს მიჰყიდა. მაშინ სევასტოპოლის ოკეანერიუმ „აკვამარინიდან“ (ყოფილი სამხედრო ნაწილი 99727) ირანში გაგზავნეს: ერთი ბელუგა, სამი დელფინი, ექვსი ზღვის ლომი, ოთხი სელაპი და ორ ლომვეშაპი. ირანში სამუშაოდ გაემგზავრნენ, ასევე, ბ. ჟურიდი და მისი თანამშრომლები.

picture1-1773390134.jpg

ბორის ჟურიდი თანამშრომლებთან ერთად. სამოქალაქო ანტრაქციონი, რუსეთი, 2009 წელი. НТРА «ГОСУДАРСТВЕННЫЙ ОКЕАНАРИУМ

2012 წლიდან უკრაინამ განაახლა სევასტოპოლში სადაზვერვო-დივერსიული მიზნით დელფინების მომზადება, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ეს ბაზა რუსეთმა ჩაიგდო ხელში და თავად ამზადებს საბრძოლო დელფინებს. 2016 წლის გაზაფხულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღია ტენდერი გამოაცხადა ხუთი „იდეალური კბილების მქონე“ დელფინის შესაძენად. ძნელი მისახვედრი არაა, თუ რა მიზნით სჭირდებოდათ დელფინები. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, თანამგზავრული ფოტოებით დადგინდა, რომ 2023 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთს სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან საბრძოლო დელფინები ჰყავს გალიებში განთავსებული.

ამჟამად საბრძოლო დელფინების მომზადებას დაჩქარებულ რეჟიმში ინდოეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ. არსებული ინფორმაციით ბ. ჟურიდი ირანში რამდენიმე წლით დარჩა. მაშინ უკრაინის სამხედრო უწყება ამტკიცებდა, რომ ზღვის ცხოველების გამოყენებას ირანი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აპირებდა, რაც ძნელი დასაჯერებელია.