"მორალი წამიკითხეთ და 9-წლიანი მუხლი წამიყენეთ... ჩემი დაოჯახებული შვილის მეუღლის ქონება რატომ არ შეამოწმეთ? იქნებ ორი „ფერარი“ ეყენა? მე რომ „მაწერთ“, გადაგემოწმებინათ“ - ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-ის გამომძიებელს
თუ ფართო სურათს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თავდაცვის სამინისტრომ არათუ არაკონკურენტუნარიანი გარემო შექმნა, არამედ, მიკერძოებული გარემო შექმნა. თავდაცვის სამინისტრომ იმაზე გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა [შესყიდვებში], ვიდრე უნდა გადაეხადა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, ალეკო არაბულმა ჯუანშერ ბურჭულაძისა და დანარჩენი ბრალდებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ალეკო არაბული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის საქმის მთავარი გამომძიებელია. ის სასამართლოში ამ წუთებში აძლევს ჩვენებას.
მან დეტალურად ისაუბრა იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმდა.
გამომძიებლის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI-ის აპარატის შეძენა მოხდა. არაბულის თქმით, აღნიშნულის გამოძიების ფარგლებში შეკითხვები სხვა შესყიდვებზეც გაჩნდა. გამომძიებლის განმარტებით, განხორციელებული 3 ხელშეკრულების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს 7 მილიონის ზარალი მიადგა და ამაში მონაწილე პირები გამოიკვეთა.
მოწმეს კითხვით მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მას ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა, რომ სამინისტრომ შექმნა არაკონკურენტუნარიანი გარემო, რასაც გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულის საპასუხოდ მას ბურჭულაძე ისევ ჩაეკითხა, თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად.
„საქმეში წარმოდგენილია არაერთი დოკუმენტი. თუ ფართო სურათს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თავდაცვის სამინისტრომ არათუ არაკონკურენტუნარიანი გარემო შექმნა, არამედ, მიკერძოებული გარემო შექმნა და თავდაცვის სამინისტრომ იმაზე გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა... თქვენ ერთ დოკუმენტზე საუბრობთ და აქ მხოლოდ ამაზე არაა საუბარი, სამ დოკუმენტზეა საუბარი. ექსპერტი გვეუბნება, რომ თავდაცვის სამინისტროს 3 ხელშეკრულებაში 12 მილიონის გადახდა შეეძლო და არა 19-ის“, - განაცხადა გამომძიებელმა არაბულმა.
რაც შეეხება შესყიდვებისთვის „საიდუმლო შესყიდვის“ სტატუსის მინიჭებას, გამომძიებლის თქმით, „მისი აზრით, ეს იყო დანაშაულის ჩადენის მეთოდი“.
მას ბურჭულაძემ ასევე კითხვა დაუსვა დეკლარაციასთან დაკავშირებითაც.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ თქვენი ოჯახის წევრზე იყო გაფორმებული უძრავი ქონება“, - უთხრა მას გამომძიებელმა.
„არ ვიყავი ვალდებული დეკლარაციაში მიმეთითებინა, რადგან ჩემზე არ იყო რეგისტრირებული. კანონში წერია, რომ ხელშეკრულება არის საანგარიშო პერიოდში დადებული და საანგარიშო პერიოდში არ დაგვიდია“, - უპასუხა მას ბურჭულაძემ, რასაც გამომძიებლის მხრიდან განმარტება მოჰყვა.
„თქვენს ოჯახს იმაზე მეტი ჰქონდა გასავალი, ვიდრე იყო შემოსავალი, ესაა რევიზიის დასკვნა.... უამრავი მიმდინარე ხარჯია, ვინც ამ ქვეყანაში პატიოსნად ვცხოვრობთ, ხშირ შემთხვევაში ეს ხარჯები ჩვენს სურვილებში და სხვა პროექტების განხორციელებაში ხელს გვიშლის. აუცილებელია მიმდინარე ხარჯის დათვლაც“, - განაცხადა გამომძიებელმა, რასაც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ „კანონი ამას არ ამბობს“.
„მორალი წამიკითხეთ და 9-წლიანი მუხლი წამიყენეთ, არ გადაამოწმეთ ჩემი შვილის ოჯახის შესაძლებლობები. ჩემი დაოჯახებული შვილის მეუღლის ქონება რატომ არ შეამოწმეთ? იქნებ ორი „ფერარი“ ეყენა? ბოდიში ჟარგონისთვის, მე რომ „მაწერთ“, გადაგემოწმებინათ“, - განაცხადა ბურჭულაძემ, რასაც არაბულმა უპასუხა, რომ „როგორც მას ახსოვს, დავით ბურჭულაძის მეუღლე რეგისტრირებულ კავშირში არ იყო“.
"ინტერპრესნიუსი"