"ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი ამბავი... ჩვენს მას „მზე გოგოს“ ვეძახდით" - რას ჰყვებიან ახლობლები გარდაცვლილ მასწავლებელზე? - კვირის პალიტრა

"ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი ამბავი... ჩვენს მას „მზე გოგოს“ ვეძახდით" - რას ჰყვებიან ახლობლები გარდაცვლილ მასწავლებელზე?

ტაბახმელას გზაზე საკუთარ ავტომობილში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, 39 წლის ელენე ჯანჯღავა, - ერთ-ერთ კერ­ძო სკოლის წარმატებული პედაგოგი, ის გეოგრაფიას ასწავლიდა და ასევე, იყო „დიოგენეს“ X კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები, რის შემდეგ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

როგორც ამბობენ, ელენე სკოლაში უნდა მისულიყო, თუმცა არ მისულა. რადგან ეს უჩვეულო იყო, სკოლის თანამშრომლებმა დილიდანვე დაიწყეს მისი ძებნა. სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში კოჯრის გზაზე მისი ავტომობილი და მანქანაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

“შეძრული ვარ ამ ამბით, ელენე ჩვენი კოლეგა და კარგი მეგობარი იყო. ჩვენც არაფერი ვიცით მომხდარზე. ელენეს წლებია ვიცნობ. ძალიან წარმატებული ადამიანი იყო. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, ამდენი წელია ვიცნობ და მე მოწყენილი ელენე არასდროს მინახავს. ძალიან პოზიტიური, მხიარული, კომუნიკაბელური გოგო იყო. ჩვენ კერძო სკოლაში ვმუშაობთ. ამ დილით გაკვეთილზე უნდა მოსულიყო და არ მოვიდა. წავკისში ცხოვრობდა, მანქანა ჰყავდა და სკოლაში თავისი მანქანით დადიოდა. ყველაფრის დაშვება შეიძლებოდა, გარდა იმის, რაც დღეს გავიგეთ.

ერთ სკოლაში ვმუშაობთ და ხშირი ურთიერთობა მქონდა მასთან. სრული შოკია ჩემთვის, ის რაც გავიგეთ. გასულ კვირას არდადეგები გვქონდა. ახლა სწავლა დავიწყეთ და 9 საათზე ელენეს პირველი გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა. რადგან არ მოვიდა სკოლაში, დავიწყეთ მისი ძებნა. ზოგადად, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო და გამორიცხული იყო, არ დაერეკა, ან თუ აგვიანდებოდა არ გაეფრთხილებინა ადმინისტრაცია. ზოგჯერ, ზამთარში, წავკისიდან თოვლში ჩამოსვლა ჭირდა, ახლაც თოვლია იქ და შესაბამისად, თუ რამე გაუთვალისწინებელი ხდებოდა, გვაფრთხილებდა.

რადგან არ მოვიდა სკოლაში, შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს მისი ძებნა. 10 საათის შემდეგ, მეორე გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, მთელი კოლექტივი აქტიურად ჩაერთო მის ძებნაში, ყველა ცდილობდა მასთან დაკავშირებას. მერე ოჯახსაც მიმართეს. როგორც ვიცი, ოჯახმა უპასუხა, რომ ელენე სახლიდან დილის 8:00-ზე გავიდა და გასაგები გახდა, რომ ამ შუალედში რაღაც მოხდა. ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, ავარიის... მაგრამ ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამ. რადგან მართლა ძალიან პოზიტიური გოგო იყო ელენე. ჩვენს მას „მზე გოგოს“ ვეძახდით. ალბათ იგივეს გეტყვით ჩემი კოლეგებიც, რომლებსაც მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა. თუ პრობლემა ჰქონდა სახლში, იტყოდა. მაგრამ... ადამიანია და არასდროს არ ვიცით სხვის გულში რა ხდება. როგორც გითხარით, არ ემჩნეოდა სტრესი, არაფერი მსგავსი...

ყველანი გაოგნებულები ვართ. ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა სტრესიც ჰქონდა, მაგრამ გარეგნულად ელენე ყოველთვის მშვიდად გამოიყურებოდა. ორი შვილის დედა... უფროსმა სკოლა დაამთავრა, პატარა ჩვენს სკოლაში სწავლობს და ერთად მოდიოდნენ ხოლმე დედა- შვილი სკოლაში. როგორც ჩანს, ბავშვი ამ დილით არ წამოუყვანია.

ელენე თავის შვილებზე, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული და მზრუნველი დედა იყო. საოცარ სიყვარულს გამოხატავდა შვილების, თავისი ოჯახის, მეუღლის მიმართ. მანქანა მისია, რეგულარულად გადაადგილდებოდა ამ მანქანით. დღეს დაიკითხა პედაგოგები, რომ სკოლის გარემოში შეგვეფასებინა ელენე, ჩვენ რამე შევამჩნიეთ თუ არა, სხვებიც ანალოგიურად ყვებიან. ელენესგან ჩვენ მხოლოდ ღიმილი გვახსოვს და ძალიან თბილი დამოკიდებულება. ნიჭიერი და წარმატებული პედაგოგი იყო, - გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორიც. საოცრად მშრომელი, შრომისმოყვარე გოგო აღარ გვყავს და ძალიან განვიცდით. არ ვიცი რა ვთქვა, ზოგადად, შეუძლებელია ალბათ ბოლომდე ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა და ემოციების გამოცნობა. შეგვეძლო ყველა ვარიანტი დაგვეშვა, ისეთი მიხვეულ მოხვეული გზებია... ყველაზე სამწუხარო ვარიანტსაც განვიხილავდით, - ავარიას, მაგრამ ასეთი შოკისმომგვრელი ვერსია არც განხილულა სკოლაში. დაუჯერებელია”, -ამბობს მომხდარით შეძრული ელენეს კოლეგა და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

ახლობლებს ვერ აუხსნიათ რატომ უნდა მოეკლა ელენეს თავი. მათივე თქმით, არ შეუმჩნევიათ, რომ ჰქონდა პრობლემები. ამიტომ ვერ საუბრობენ მომხდარის მიზეზებზე. „გადასარევი თანამშრომელი იყო. ძალიან პოზიტიური, ყველანაირად დადებითად შემიძლია დავახასიათო, სხვას ვერაფერს გეტყვით”, - ამბობს მისი კიდევ ერთი კოლეგა.

სოციალურ ქსელში იძებნება, ინფორმაცია გარდაცვლილ პედაგოგზე.

ელენე ჯანჯღავამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის, გარემოს დაცვისა და ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი. არის განათლების მაგისტრი. 2008 წლიდან სხვადასხვა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა. ბოლოს, ერთ-ერთ კერ­ძო სკოლის უფროსი მასწავლებელი იყო. იგი არის „დიოგენეს“ X კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თანაავტორი”.

„გაოგნებული ვარ მომხდარით, ვიცნობდი ელენეს, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ვერ ამიხსნია რატომ უნდა მოეკლა თავი. სულ მომღიმარი სახით გხვდებოდა. ძალიან დიდი ტკივილია, არ ვიცი რა პრობლემა უნდა ჰქონოდა, რომ თავი მოეკლა, მიჭირს ამის დაჯერება. ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო აღარ არის. სახლიდან მიმავალ გზაზე იპოვეს მანქანა, სადაც გარდაცვლილი ნახეს”, - ამბობს გარდაცვლილის კიდევ ერთი ახლობელი.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და ექსპერტები დაადგენენ რეალურად ეს იყო თვითმკვლელობა თუ იყო მკვლელობა.

ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. საიდან მოხვდა პედაგოგის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი, ან რატომ მოიკლა მან თავი. ბევრი კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.

“კვირის პალიტრა”, მომხდარი ტრაგედიის გამო, გარდაცვლილი პედაგოგის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, იმედია, დაგროვილ კითხვებს პასუხს სამართალდამცავები გასცემენ.

(სპეციალურად საიტისთვის)