„ძალიან რომ გვიჭირდა, ვერ ვივარგე - ავიღე 600 ლარი, რაც თან ახლდა ამ ორდენს...“ - მანანა ნინიძის ამბად მოყოლილი თბილისური ისტორიები
ქალბატონი მანანა ნინიძე და მისი მეგობრები ხშირად ამბობენ: ჩვენ უკვე იმ ასაკში ვართ, რომ გასახსენებელი ბევრი გვაქვსო. თუმცა, 82 წელი ნამდვილად არაფერია ისეთი მომხიბვლელი, ენერგიული, საინტერესოდ მოსაუბრე და იუმორის მქონე პიროვნებისთვის, როგორიც ქალბატონი მანანა გახლავთ. მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ მას. მინდა, თქვენც შემოგთავაზოთ მისი მონაყოლი ამბები.
მეგობრები ბავშვობიდან
- პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ და დღემდე ჩემი მეგობრები არიან: ნუნუ მინდაძე, მანანა მიქაბერიძე, ნანი სანაძე, ლენიკო სტურუა, გუნდა ქარცივაძე. ნუნუ ეთნოლოგია, ხალხური მედიცინის მკვლევარია და მთელი საქართველო მოვლილი აქვს, წიგნებიც გამოსცა, გიორგი ჩიტაიას სტუდენტი იყო. მანანა ახლაც მეტალურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე, თავისი მიმართულების საუკეთესო სპეციალისტია. ნანი კონსერვატორიაში გამორჩეული პედაგოგია (საკონცერტმაისტერო დახელოვნება), გამორჩეული პედაგოგია, მისი 80 წლის იუბილე კონსერვატორიის დიდ დარბაზში აღინიშნა.

ფოტო: მანანა ნინიძე და ნუნუ მინდაძე
მეგობრებს ძალიან გვიყვარდა სტურუებთან სახლში სტუმრობა ქიაჩელის ქუჩაზე. ლენიკო, მაგალითად, თუ იტყოდა - არ მინდა სკოლაში წასვლაო, ამაზე მამამისი ასე ამბობდა: რა მოხდა, დეისვენოს ბაღანამო. ძია რობერტი თბილი და არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, შვილების მეგობრებსაც შვილებივით გვექცეოდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, იმ წელს უმაღლესში არ ჩააბარებინა, რა გეჩქარებაო, უთხრა. მე და ლენიკომ უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი დავამთავრეთ (ინგლისური ენის სპეციალობით). მისი შვილი, მსახიობი ნინო არსენიშვილი, ჩემი ნათლულია. პირველ წელს ნინო თეატრალურში არ მიიღეს, კომისიის ერთ-ერთ წევრს უთქვამს - გარეგნობა ხელს არ უწყობს, ცოტა მსუქანიაო. არადა, როგორი მშვენიერი გოგოა, თეთრი სახის, ლამაზი მწვანე თვალებით... მეორე წელს ჩააბარა.

ფოტო: მანანა ნინიძე, ნინო არსენიშვილი, მანანა მიქაბერიძე
ნინოს ძმა ვანო რეჟისორი და ოპერატორია. მისი გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ინგლისურის მასწავლებელი“. ძალიან კარგი ფილმია. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილმა უცხოელები რომ ჩამოიყვანა საქართველოში, იმათ უნდა ესწავლებინათ ინგლისური ენა სკოლის მოსწავლეებისთვის. იმ ხალხმა ენა კი იცოდა, მაგრამ პედაგოგიკის გაგებაში არ იყვნენ. ფილმის ყურებისას თან ვიცინოდით და თანაც ვტიროდით. ნაჩვენები იყო სამეგრელოს ერთ გადაკარგულ სოფელში როგორ ასწავლის ინგლისურს, აფრიკის რომელიღაც ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი და რა რეაქცია აქვთ ნამდვილ პედაგოგებს, რომელთაგან ერთს ელშუქი ჰქვია... საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი აიღო მისმა ფილმმა „გვირაბი“. ვანო საინტერესო ხელოვანია, ლექციებსაც კითხულობს. ნამდვილი არსენიშვილია - დინჯი და წყნარი.
ლენიკო სტურუას მამიდა - ელენე (ლენა) ცხოვრობდა კიევში, მისი ქმარი იყო უკრაინელი, კიევის ოპერის თეატრის დირექტორი ბორის პონომარენკო. დეიდა ლენა კარგად იცნობდა ლავრენტი ბერიას ცოლს, ნინა გეგეჭკორს, ის კიევში ცხოვრობდა. ერთხელ სტუმრად ვიყავი ლენა დეიდასთან და იქ ვნახე ნინა თეიმურაზოვნა, ასე მიმართავდნენ. როცა ელენე სტურუა თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, ნინა გეგეჭკორს გაზეთ „თბილისს“ უწერდა ხოლმე, საქართველოს ამბები რომ სცოდნოდა.
ცოტა რამ ქარცივაძეებზე და მეგობრობის მუზეუმზე
- გუნდა ქარცივაძეს ორი და ჰყავს - მარინა და ნინა (ტუტა). გუნდა უფროსია, ისე თამარი ჰქვია, მაგრამ ზედმეტი სახელი ბავშვობიდან მოსდევს, ყველა ასე იცნობს. როცა დაიბადა, თეთრი და ფუმფულა ყოფილა, გუნდა ამიტომ დაარქვეს. მათი დედა ულამაზესი მანოშკა (მანანა) მირიანაშვილი დედაჩემის კლასელი იყო. მამა - ბიბი ქარცივაძე მათემატიკოსი, პროფესორი, არაჩვეულებრივი ადამიანი. მე და მარინა მუსიკაზე ერთად დავდიოდით. ლამაზი გოგო იყო, მერე გადაიღეს ფილმში „გიორგობისთვე“, რომელიც აკრძალეს ცოტახნით, მაგრამ ეკრანებზე როცა გამოვიდა, ფურორი მოახდინა. მარინა ოთარ იოსელიანს აწამებდა, არ უნდოდა ფილმში მონაწილეობა და ოჯახში ხან ეჩხუბებოდნენ და ხან სთხოვდნენ ხოლმე, რომ წასულიყო გადაღებებზე. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და კარგი მუსიკოსი გახდა, რამდენიმე წიგნის ავტორია. ტუტას შვილია ცნობილი ჯგუფის Soft Eject წევრი ვახო ბაბუნაშვილი.

ფოტო: მანანა ნინიძე მეგობრებთან ერთად
70-იანი წლების ბოლოს შევარდნაძის ინიციატივით დაარსდა ხალხთა მეგობრობის მეზეუმი, სადაც პირველივე დღიდან ვმუშაობდი. მისი დირექტორი თემურ ბადურაშვილი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი იყო. მუზეუმის გახსნამდე ორი კვირით ადრე შეუძლებელი შევძელით - სამამულო ომში დაღუპული გმირების დედებზე გამოფენა მოვამზადეთ. მუზეუმში თავიდან მუსიკის სფერო ჩამაბარეს, მერე, ლიტერატურული ურთიერთობების განყოფილების გამგე ვიყავი. ხშირად დავდიოდი მოსკოვში და ვხვდებოდი იმ კომპოზიტორებს, ვისაც საქართველოზე ნაწარმოები ჰქონდათ შექმნილი. ყველა ნაწარმოების პარტიტურა ავტორის ხელმოწერით ჩამომქონდა. არამ ხაჩატურიანმა სახლში სადილად დამპატიჟა, მასთან ორჯერ ვიყავი სტუმრად. მაშინ გავიგე, რომ მისი მეუღლე ნინა მაკაროვაც კომპოზიტორია და რუსთაველის მიხედვით ნაწარმოებების ციკლი შეუქმნია. შჩედრინთან (მაია პლისეცკაიას მეუღლე) მივედით მე და ჩემი მეგობარი და მახსოვს, გვითხრა: გოგოებო, როგორ მსიამოვნებს თქვენი მოსმენა, ძალიან მიყვარს ქართული აქცენტიო. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან კომპოზიტორები ხშირად ჩამოდიოდნენ თბილისში, აქ ტარდებოდა ფესტივალი - „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“.
სხვათა შორის, გუნდა ქარცივაძე და მე ერთად ვმუშაობდით მეგობრობის მუზეუმში, მე მივიყვანე იქ. ერთხელ, თემო ბადურაშვილმა გუნდა და კიდევ ერთი თანამშრომელი აფხაზეთში გაუშვა მივლინებაში, სადაც გაკვირვებით უთქვამთ, რომ გუნდა აფხაზური სახელია და ქართველს რატომ გქვიაო?..
ეპიზოდები
- მოკლემეტრაჟიან ფილმში „ქვევრი“ ერთ-ერთ მთავარ როლს ჰენრიეტა ლეჟავა თამაშობს, მისი მეუღლე შოთა ნარსია (მამაჩემის თაობიდან) ჩემი ოჯახის ახლობელი, სანკულტურის თეატრის მსახიობი იყო. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ცნობილი პედაგოგი ვარო ვარდიაშვილი, მახსოვს, ბებიას როგორ მივყავდი ხოლმე მასთან სტუმრად. იმ ეზოში ტელეფონი მხოლოდ ორ ოჯახს ჰქონდა - ვაროს და ხაზარაძეებს (ნანიკო ხაზარაძის ბაბუას). დედაჩემის - მერი გოდერძიშვილის კლასელები იყვნენ: გივი კარბელაშვილი, რომლის არაერთი წიგნი ინახება ჩვენთან მისივე წარწერით; გივი დოლიძე (მერი დავითაშვილის მეუღლე), ერთხანს განათლების მინისტრი იყო; მზია ერისთავი - ქიმიკოსი, არაერთი თაობის აღმზდელი პედაგოგი და სხვა.

ფოტო: მერი გოდერძიშვილი
ჩემ ახალგაზრდობაში თბილისში ბევრი ლამაზი გოგო-ბიჭი დადიოდა. ერთი მათგანი იყო გივი ყიასაშვილი. გივისა და უმშვენიერესი კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი, ულამაზესი ქეთი არის სამი ვაჟის დედა და არაჩვეულებრივი ადამიანი. სანამ დაქორწინდებოდნენ, გივი და კირა ერთად თამაშობდნენ ფილმის „ერთი ცის ქვეშ“ მეორე ნოველაში - „მტრედები“. ულამაზესი ქალბატონები იყვნენ დეა ჯაბუა, თეა გაბუნია, მანანა ხიდაშელი... ევგენი მიქელაძის ქალიშვილი თინა ისეთი ლამაზი იყო, რუსთაველზე რომ დავინახავდი, ვჩერდებოდი და ვუყურებდი, ბოლოს მესალმებოდა ხოლმე.
კოლორიტული პიროვნება იყო ნიაზ დიასამიძე, რომლის ერთი გამონათქვამი ხშირად მახსენდება: ერთხელ ნიაზს მეგობარმა სათვალე სთხოვა, ჩემი სათვალით ვერ ვხედავო. გაიკეთა ნიაზის სათვალე და უი, რა კარგად დავინახეო. ნიაზმა უთხრა - შე, ჩემა, გაწმინდე შენი სათვალე და მაგითაც კარგად დაინახავო. რამდენჯერაც კომპიუტერთან დავჯდები, სათვალეს ვიკეთებ და ვერ ვხედავ, იმდენჯერ ვამბობ: შე, ჩემა, გაწმინდე სათვალე რა! იმ დღეს ვნახე ნიაზის შვილი თემური და მისი მეუღლე ნუცა (სერგი წულაძის ქალიშვილია). თემურის ვეუბნები: დარწმუნებული ვარ, რომ ჩემგან განსხვავებით, მამაშენს ყოველდღე არ იხსენებ-მეთქი და სათვალის ამბავი მოვუყევი. ორივემ ბევრი იცინა.
იუმორით დაწერილი ავტობიოგრაფია
- ამასწინათ, დედაჩემის ძმის, თამაზ გოდერძიშვილის (დრამატურგი, მწერალი, მთარგმნელი - ავტ.) ნაწერებში ვნახე მისი ავტობიოგრაფია, რომელიც 2014 წელს ნახევრად ხუმრობით დაუწერია. რატომ და რისთვის დაწერა, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესოდ იკითხება. ბიძაჩემი შარშან გარდაიცვალა.

ფოტო: თამაზ გოდერძიშვილი და მანანა ნინიძე
თამაზ გოდერძიშვილი: „დავიბადე თბილისში 1934 წლის 10 ივლისს. დედა ევა ბროლაძე დაიბადა1897 წელს, დაამთავრა მეფე განმათავისუფლებლის სახელობის ქალთა პროფესიული სასწავლებელი და მიენიჭა ჭრა-კერვის ოსტატის წოდება, რასაც 1916 წლის 10 ივნისს, თბილისის ქალაქის თავის მიერ ხელმოწერილი ატესტატი ადასტურებს. ეტყობა იმ დროს დიდი ყურადღება ექცეოდა პროფესიულ განათლებას, თორემ ქალაქის თავს ყველა ატესტატზე ხელს არ მოაწერინებდნენ. დედაჩემის ნემსმა გვიხსნა გაჭირვებისა და შიმშილისგან 30-იანი წლებისა და სამამულო ომის დროს.

ფოტო: ევა და გიგო გოდერძიშვილები
მამა გრიგოლ (გიგო) გოდერძიშვილი დაიბადა 1889 წელს, გაიარა მოსამზადებელი და შემდეგ 4 წელი სათავადაზნაურო გიმნაზიაში (დედა დევდარიანის ქალი ჰყავდა და ეტყობა, ამიტომ შეუშვეს გიმნაზიაში), იოსებ გრიშაშვილის კლასში იყო. მშობლები ადრე გარდაეცვალა და რადგან შვილებში ყველაზე უფროსი იყო, იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ოჯახი ერჩინა. მიუხედავად არასრული განათლებისა, საკმაოდ კარგად იცოდა რუსული, ფრანგული, ქართული, უბანში ათვისებული სომხური და თათრული ენები. ამ საქმეში მეზობლის ბავშვებს ეხმარებოდა. გიმნაზიაში გაწვრთნილი კალიგრაფია სიბერემდე ულამაზესი შერჩა.
უფროსი და ქეთევანი დაიბადა 1919 წელს, დაამთავრა უნივერსიტეტის ფილოლოგიური და კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტები. სპეციალობით არასდროს უმუშავია, საკუთარ ოჯახს შესწირა ცოდნაც და თავიც. მეორე და - მერი დაიბადა 1922 წელს, სტომატოლოგი გახლდათ. 80 წლისა რომ შესრულდა, მხოლოდ მაშინ შეელია პოლიკლინიკის დირექტორი, - დაჟინებული თხოვნისა და ბუტიაობის შემდეგ პენსიაში გაუშვეს. ეროსი მანჯგალაძემ გაჭირვებული, ღატაკი მსახიობებისა და ხელოვნების მუშაკთა უფასო მკურნალი შეარქვა. ძმა რევაზი იყო ინჟინერ-გეოლოგი, ინერტული მასალების ძებნა-ძიების ოსტატი. სამშენებლო მასალის რამდენიმე საბადო აღმოაჩინა და დაიძია, მათ შორის, რიკოთის მარმარილოსა და სურამის კვარციანი ქვიშები.
არცერთი ცოცხალი არ არის. ამათ, ქართულის მასწავლებელმა ვარო ვარდიაშვილმა და მწერალმა გიორგი შატბერაშვილმა გამზარდეს. ბარემ აქვე დავიტრაბახებ, მწერალთა კავშირში შესასვლელად რეკომენდაციები რევაზ ინანიშვილმა და ოთარ ჭილაძემ მომცეს 1971 წელს. დავამთავრე მე-7 ვაჟთა სკოლა 1950 წელს, მერე პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი. გეოლოგიის მეცნიერ მუშაკად ყოფნამ რადიკალურად იმოქმედა ჩემს შემდგომ კარიერაზე, თუკი მწერალი მეთქმის. 1968-2004 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც ვარ.
ჩემი პირველი მოთხრობები 1962 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა, აქვე გაახლებთ ჩამონათვალს ჩემი ნაჯახირევისა, შესაძლოა რაიმე გამომრჩა, ზედმეტი არაფერი ჩამიწერია. 1999 წელს რატომღაც დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით. გასაგები მიზეზების გამო, ორდენის აღება არ მინდოდა. უკვე გვქონდა ჩვენი საყვარელი მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის მაგალითი, მაგრამ ახლობლების „ზეწოლით“ და ერთი სიტყვით - ძალიან რომ გვიჭირდა, ვერ ვივარგე - ავიღე 600 ლარი, რაც თან ახლდა ამ ორდენს. 2004 წელს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამიშვეს პენსიაზე. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ამას იმიტომ გახსენებთ, რომ მწერალთა კავშირის ბოლო ცნობარში აღარ მომიხსენიეს, თუმცა კავშირიდან გასვლის განცხადება არ დამიწერია და არც დავწერ. ეს არის და ეს.“
(სპეციალურად საიტისთვის)
ნანული ზოტიკიშვილი