რამდენი ათასი ლარით გაძვირდება მანქანები?! - კვირის პალიტრა

რამდენი ათასი ლარით გაძვირდება მანქანები?!

საქართველოს ხელისუფლებამ ავტომობილების იმპორტის რეგულირების პოლიტიკა შეცვალა: 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, მთავრობა ახალ მექანიზმს ამოქმედებს და ასეთ ავტომობილებზე განბაჟების აქციზი ერთ კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარით განისაზღვრება. ხელისუფლების განმარტებით, ცვლილება ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას ემსახურება: ერთი მხრივ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური მდგომარეობის დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, კერძო სექტორისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებას. ახალი ტარიფი ძალაში 1-ლი აპრილიდან შევა. რამდენად შეძლებს გაზრდილი აქციზი ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას და რა გავლენა ექნება მას როგორც ბაზარზე, ისე გარემოს მდგომარეობაზე, ამ საკითხებზე საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე და ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი­ გვესაუბრებიან.

"ავტომობილი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი ხდება"

ალექსი ნონიაძე: - ამ გადაწყვეტილებაში მომხმარებლისთვის ვერაფერ სასიკეთოს ვერ ვხედავ. საქართველოში­ მოსახლეობის დაახლოებით 95 პროცენტს არა აქვს ახალი ავტომობილის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ იყენებს უმრავლესობა ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს. მხოლოდ დაახლოებით ხუთი პროცენტია ის კატეგორია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული ფინანსური ძალისხმევით მაინც შეიძინოს ახალი ან შედარებით ახალი ავტომობილი. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, სამართლებრივად აიკრძალება ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილის შემოყვანა თუ ისეთი მაღალი გადასახადი­ დაეკისრება, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებს. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია - ავტომობილი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი ხდება.

- რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ რეგულაციას ავტოიმპორტის ბიზნესზე და რამდენად დიდია რისკი, რომ შემცირდეს სექტორის­ ბრუნვა და სამუშაო ადგილები?

- ამ პროცესს სერიოზული გავლენა­ ექნება ბიზნესზე. თუ მოთხოვნა შემცირდება,­ ავტომატურად დაზარალდებიან ავტოიმპო­რტის სფეროში მოქმედი კომპანიები. ჩვენი შეფასებით ბაზარზე არსებული კომპანიების დაახლოებით 30-40% შეიძლება დაიხუროს.­ ლოჯისტიკურ სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ხოლო დილერების 50-60%-ს საქმიანობის შეწყვეტა ან შემცირება მოუწევს­. დღეს ავტოექსპორტ-იმპორტის ბრუნვა დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს აღწევს. თუ ეს სფერო მკვეთრად შეიზღუდა, შესაძლოა დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარის ბრუნვა დაიკარგოს. ამას თუ ეკონომიკაში არსებულ „მულტიპლიკატორის ეფექტსაც დავუმატებთ, საბოლოოდ ზიანი მხოლოდ ამ სექტორს კი არა, მთლიანად ეკონომიკას მიადგება.

- რა განსხვავებაა ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვასა­ და აქციზის დაწესებას შორის?

- ფაქტობრივად, არსებითი განსხვავება არ არის. ადრე ავტომობილის შემოყვანა პირდაპირ მეკრძალებოდა, ახლა კი ფორმალურად ეს უფლება მაქვს, მაგრამ ისეთი მაღალი გადასახადები წესდება, რომ გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ანუ იმავე შედეგს ვიღებთ - ეს არის ირიბი­ აკრძალვა. ოფიციალურად მიკრძალავ ავტომობილის შემოყვანას თუ ისეთ დიდ განბაჟების გადასახადს დამიწესებ, რომლის გადახდასაც ვერ შევძლებ, მომხმარებლისთვის შედეგი ერთია. მაგალითად, თუ ავიღებთ საშუალო კატეგორიის ავტომობილს 2.0 ძრავით, 10-12 წლის ასაკის მანქანას, რომლის შეძენა უცხოეთში დაახლოებით 3.000 დოლარად იყო შესაძლებელი, მისი განბაჟება საქართველოში დაახლოებით 9.000 ლარი ჯდება - ავტომობილის საბოლოო ფასი პრაქტიკულად ორმაგდება. გარდა ამისა, არსებობს სხვა გადასახადებიც: იმპორტის გადასახადი, სხვადასხვა ადმინისტრაციული და გაფორმების ხარჯი და ფინანსური ვალდებულებები. ამას ემატება ისიც, რომ სექტემბრიდან შესაძლოა ამოქმედდეს ე.წ. უტილიზაციის გადასახადი, რაც დამატებით დაახლოებით 255 ლარის გადახდას გულისხმობს და რატომღაც ამაზე ჯერ არავინ საუბრობს.

ასეთ პირობებში მოქალაქისთვის ავტომობილის შეძენა უფრო რთული ხდება. ყველას კარგად გვესმის, რომ ახალი ავტომობილი, მაგალითად, 2025 წლის გამოშვების, ბევრად უკეთესია, ვიდრე 2010 წლის. თუმცა პრობლემა არჩევანში კი არა, ფინანსებშია. მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს რესურსი, რომ ახალი ავტომობილი შეიძინოს.

- ხელისუფლება ამ რეგულაციების ერთ-ერთ მიზეზად ავტოპარკის განახლებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ასახელებს.

- ქალაქებში ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხელისუფლება ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ავტომობილების შეზღუდვა არ არის სწორი გამოსავალი. პრობლემა უფრო ფართო და სისტემურია. ის დაკავშირებულია ქალაქის არასწორ დაგეგმარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკის ხარვეზებთან. როდესაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში მუდმივად შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები და იმავე დროს გზების­ სავალი ნაწილი ვიწროვდება, ბუნებრივია, ავტომობილების რაოდენობა იმავე ტერიტორიაზე იზრდება და საცობებს იწვევს. აი, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ დილერებს ავტომობილები შემოჰყავთ.

"საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს სადავო, რომ ჰაერის ხარისხის დაცვა მათ ჯანმრთელობას უწყობს ხელს"

ეკა ლალიაშვილი: - ეს ნაბიჯი გადადგმულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ აკრძალვა შეიცვალა შეზღუდვით, რადგან ბიზნესს, რომელიც ოპერირებს ამ სფეროში, აკრძალვის შემთხვევაში გადართვისა და ადაპტირების საშუალება თითქმის არ ექნებოდა. შეზღუდვის ფორმატი მათთვის ბევრად მოქნილია. თუმცა, გადაწყვეტილება მაინც იქონიებს გარკვეულ ეფექტს, როგორც ბიზნესზე, ასევე მომხმარებელზე. ცალკეული ქმედებები, როგორიცაა დაბალი ძრავის­ მოცულობის ავტომობილების შემოდინების წახალისება, გარკვეულ წვლილს შეიტანს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, თუმცა ეს მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯია კომპლექსური სტრატეგიისთვის. ავტოპარკის განახლება ქვეყანაში აუცილებელია. ქვეყანაში ავტოპარკის საშუალო ასაკი დაახლოებით ოც წელზე მეტია, ხოლო ნახევარზე მეტი მანქანა მოძველებულია. ერთი კანონი პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საკითხის აქტუალიზაცია აუცილებელია, რათა მოჰყვეს თანამდევი ღონისძიებები საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

- ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დიდი ხანია მიმდინარეობს ავტომობილების ტექინსპექტირება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლების ნაწილი ტექინსპექტირების წინ დროებით ცვლის საბურავებსა და კატალიზატორებს. რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ მუშაობს საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების სისტემა და რამდენად ეფექტიანად აკონტროლებს ის ავტომობილების უსაფრთხოებას?

- დიახ, საჭიროა ტექინსპექტირების­ გაძლიერება. ჰაერის გამონაბოლქვის კონტროლი გზებზეც მიმდინარეობს, მაგრამ ეკიპაჟების რაოდენობა არასაკმარისია. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების შესაბამისად მოხდეს ისეთი ტიპის მანიპულაციების აღმოფხვრა, როგორიცაა კატალიზატორებისა და საბურავების ქირავნობა. ძალიან მნიშვნელოვანია გზისპირა კონტროლის გაძლიერება. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოება, მძღოლები სწორად ინფორმირებული საკომუნიკაციო კამპანიის მეშვეობით. საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს სადავო, რომ ჰაერის ხარისხის დაცვა მათ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

- ამ მხრივ, ალბათ, ეკონომიკური პრობლემები და სოციალური მდგომარეობაც აქტუალურია. შესაძლოა ადამიანმა იცოდეს, რომ ის მოძველებლი კატალიზატორით ჰაერს აბინძურებს, მაგრამ უკეთესის შეძენის საშუალება არა აქვს. როგორ შეიძლება ოქროს შუალედის მოძებნა?

- სოციალური ფაქტორები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ოქროს შუალედი ავტოპარკის განახლების პროცესში გულისხმობს სტიმულების შექმნას. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში იყო სუბსიდირების პროგრამები, სადაც ძველი ავტომობილის ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეებს კომპენსაციების მიღება შეეძლოთ. ასევე, უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა მოქალაქეებს ალტერნატიული ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლოთ. დედაქალაქში სატრანსპორტო­ პოლიტიკა განვითარების პროცესშია და პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. საერთაშო­რისო გამოცდილებით ქალაქებში შექმნილია დაბალი ემისიების ზონები, სადაც ავტომობილების შესვლა შეზღუდულია.

- შეიძლება თუ არა მსგავსი რეგულაციები ამცირებდეს საგზაო შემთხვევების საფრთხეს?

- უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ ახალი მოდელის­ ავტომობილზე, არამედ თანამედროვე უსაფრთ­ხოების მექანიზმებზე, რომლებიც გამართულად მუშაობენ. მაგალითად, საჰაერო ბალიშებზე, ღვედების სისტემაზე და ა.შ. შეიძლება ავტომობილი გარეგნულად კარგ მდგომარეობაში ჩანდეს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფდეს ადამიანის დაცვას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სისტემები გამართული იყოს.

- საქართველოში საგზაო შემთხვევის ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის?

- ძირითადი მიზეზებია სიჩქარის გადაჭარბება, აგრესიული მართვა, წესების დარღვევა. თუმცა ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვანი ფაქტორია: შავი წერტილები, გზის არასწორად დაგეგმარება. ხშირად უბედურ შემთხვევებს იწვევს კომბინირებული მიზეზები, როგორც ადამიანის შეცდომა, ისე ინფრასტრუქტურული ხარვეზები. ამიტომ მძღოლის პასუხისმგებლობასთან ერთად აუცილებელია ინფრასტრუქტურის გამართვასა და ავტომობილის მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება.

ხათუნა ბახტურიძე